კუჭის კიბო ერთ-ერთ იმ ონკოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს, რომლის საწყის ეტაპზე კლინიკური ნიშნები ხშირად ნაკლებად გამოხატულია. სწორედ ეს გარემოება ართულებს დაავადების ადრეულ გამოვლენას და ზრდის დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას.
ხანგრძლივი ან განმეორებადი დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, მადის დაქვეითება, მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ სწრაფი დანაყრება და აუხსნელი წონის კლება ის სიმპტომებია, რომლებიც განსაკუთრებით ყურადღებას საჭიროებს. ამასთან, თანამედროვე დიაგნოსტიკური და ქირურგიული მიდგომები, მათ შორის მინიმალურად ინვაზიური ქირურგია, შესაბამის შემთხვევებში მკურნალობის ეფექტიან შესაძლებლობებს ქმნის.
კუჭის კიბოს ადრეულ ნიშნებზე, დიაგნოსტიკის ეტაპებსა და თანამედროვე ქირურგიული მკურნალობის პრინციპებზე თოდუას კლინიკის ქირურგი ბესო მეტონიძე საუბრობს.
— კუჭის კიბოს საწყის ეტაპზე სიმპტომები ხშირად არასპეციფიკურია. რომელ ნიშნებს გამოყოფდით, რომელთა გახანგრძლივების შემთხვევაში ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს?
კუჭის კიბოს საწყის სტადიაზე სიმპტომები ხშირად მინიმალურად არის გამოხატული, ისევე როგორც მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოს სიმსივნეების შემთხვევაში, რაც დროულ დიაგნოსტიკას ართულებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ხანგრძლივი ან განმეორებადი დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, მადის დაქვეითება, მცირე ულუფის შემდეგ სწრაფი დანაყრება და აუხსნელი წონის კლება. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ მუდმივ გულისრევას, ღებინებას, ყლაპვის გაძნელებას ან შავი ფერის განავალს.
რა თქმა უნდა, ეს სიმპტომები თავისთავად ავთვისებიანი სიმსივნის არსებობას არ ნიშნავს, თუმცა თუ ისინი არ ქრება, პროგრესირებს ან ადამიანისთვის უჩვეულო ცვლილებას წარმოადგენს, მიზეზის დადგენა აუცილებელია.
— რამდენად მარტივად შეიძლება ეს სიმპტომები ჩვეულებრივ გასტროენტეროლოგიურ პრობლემებში აგვერიოს?
ძალიან მარტივად. დისპეფსიური მოვლენები და კუჭის არეში დისკომფორტი გაცილებით ხშირად კეთილთვისებიანი ან ანთებითი დაავადებებით არის გამოწვეული. ამიტომ პაციენტს ბუნებრივად შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ მოწამვლა, გასტრიტი ან სხვა დროებითი პრობლემა აქვს და თვითმკურნალობას მიმართოს.
თუმცა სწორედ ამ პერიოდში შეიძლება არსებობდეს დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შესაძლებლობა. თუ ჩივილი ახალია, გრძელდება, მეორდება ან თანდათან იცვლის ხასიათს, მისი გაქრობის მოლოდინი არ ღირს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ერთვის წონის კლება, ანემია, სისხლდენის ნიშნები, ღებინება ან მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ სწრაფი დანაყრება.
— ვინ არიან კუჭის კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ?
მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორებს შორისაა Helicobacter pylori-ის ინფექცია, ქრონიკული ატროფიული გასტრიტი, ნაწლავური მეტაპლაზია, კუჭის კიბოს ოჯახური ისტორია, გარკვეული მემკვიდრეობითი სინდრომები და მოწევა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ცვლილებების დროულად გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა კიბოსწინა პროცესად განვიხილოთ. ონკოქირურგიის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ დაავადებას, მით მეტი შესაძლებლობა გვაქვს მისი მკურნალობისთვის.
— როგორია დიაგნოსტიკის თანამედროვე ალგორითმი, თუ კუჭის კიბოზე ეჭვი არსებობს?
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ენდოსკოპიური კვლევა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ბიოფსიით და შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევით.
დიაგნოზის დადასტურების შემდეგ იწყება კლინიკური სტადირება ტარდება გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია. გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიაც, რათა დაავადების გავრცელება უფრო ზუსტად შეფასდეს. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრება მკურნალობის სტრატეგია.
— რა შემთხვევაში ხდება ქირურგიული მკურნალობა ძირითადი მიდგომა?
თანამედროვე ონკოლოგიაში ოპერაცია იზოლირებულ მეთოდად არ განიხილება. ქირურგიულ ჩარევამდე აუცილებელია დაავადების ზუსტი სტადირება და მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება. რიგ შემთხვევებში ოპერაციას წინ უძღვის ქიმიოთერაპიული ან სხვა სისტემური მკურნალობა.
ოპერაციის მოცულობა დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, გავრცელებაზე, კუჭის კედელში ინვაზიის ხარისხსა და ონკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპებზე. საჭიროების მიხედვით შესაძლებელია კუჭის ნაწილის ან მთლიანად კუჭის მოცილება შესაბამის ლიმფურ კოლექტორებთან ერთად.
— რა უპირატესობას აძლევს პაციენტს ლაპაროსკოპიული ქირურგია?
ლაპაროსკოპიული ქირურგიის უპირატესობა მხოლოდ მცირე ზომის ჭრილობა არ არის. მინიმალურად ინვაზიური მიდგომა, როგორც წესი, დაკავშირებულია ნაკლებ პოსტოპერაციულ ტკივილთან, ქსოვილების ნაკლებ ტრავმასთან, ადრეულ მობილიზაციასთან, ჰოსპიტალიზაციის პერიოდის შემცირებასა და უფრო სწრაფ რეაბილიტაციასთან.
ამასთან, მთავარი პრინციპი უცვლელია ოპერაციის ტრავმატულობის შემცირებამ არ უნდა შეამციროს ონკოლოგიური რადიკალურობა.
— შესაძლებელია თუ არა ყველა პაციენტის ლაპაროსკოპიულად ოპერირება?
არა. ლაპაროსკოპიული მიდგომა ყველა შემთხვევისთვის უნივერსალური გამოსავალი არ არის. გადაწყვეტილებისას ვითვალისწინებთ სიმსივნის ზომასა და ლოკალიზაციას, ადგილობრივ გავრცელებას, მეზობელ ორგანოებთან ურთიერთობას, პაციენტის ზოგად მდგომარეობას, თანმხლებ დაავადებებს, უკვე ჩატარებული ოპერაციების ისტორიასა და ქირურგიული გუნდის გამოცდილებას.
თოდუას კლინიკაში კონკრეტული შემთხვევის მიხედვით შესაძლებელია როგორც ღია, ისე ლაპაროსკოპიული ოპერაციის ჩატარება.
— როგორია აღდგენის პერიოდი ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ?
მინიმალურად ინვაზიური მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა სწორედ უფრო სწრაფი რეაბილიტაციაა. ჩვენი მიზანია, პაციენტი რაც შეიძლება ადრე გავააქტიუროთ და ეტაპობრივად დავაბრუნოთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში.
თუმცა კუჭის ონკოლოგიური ოპერაცია ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ქირურგიული ჩარევაა. შესაბამისად, ლაპაროსკოპიული ოპერაცია არ ნიშნავს, რომ ადამიანი მეორე დღეს სრულად უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას ,აღდგენის პერიოდი ინდივიდუალურია და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
— რა არის მთავარი, რაც ადამიანებმა კუჭის კიბოს შესახებ უნდა იცოდნენ?
ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი დროულ დიაგნოსტიკას უკავშირდება.
არ არის საჭირო, კუჭის ნებისმიერი დისკომფორტის დროს ადამიანმა იფიქროს, რომ ეს შესაძლოა სიმსივნური ჩივილი იყოს, მაგრამ მუდმივი ან განმეორებადი ჩივილების თვეების განმავლობაში მხოლოდ თვითმკურნალობით მართვაც პრობლემური მიდგომაა.
საეჭვო სიმპტომების დროული შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც დაავადება ადრეულ ეტაპზე ვლინდება, ჩვენი მიზანი მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება აღარ არის - შესაძლებელია განკურნებისთვის ბრძოლა და ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნებით.
R