რას ამბობს ნინო ჩხობაძე შავ ზღვაში დაფიქსირებულ გიგანტურ ქარბორბალაზე და რასთან არის ის დაკავშირებული?

რას ამბობს ნინო ჩხობაძე შავ ზღვაში დაფიქსირებულ გიგანტურ ქარბორბალაზე და რასთან არის ის დაკავშირებული?

გუშინ, დამსვენებლებმა და ადგილობრივებმა შავ ზღვაში გიგანტური ქარბორბალა დააფიქსირეს. ვიდეოები სოციალურ ქსელში შეკვეთილიდან, ურეკიდან და ქობულეთიდან გაავრცელეს. მოქალაქეებმა მას უჩვეულო მოვლენა უწოდეს.

როგორც "საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე ამბობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქარბორბალა საქართველოში ადრეც ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართულ ლექსიკონში სიტყვა ქარბორბალა არ იარსებებდა. მისი პროგნოზირება კი არ ხდება.

"საქართველოში ქარბორბალა ადრეც ყოფილა, რადგან ქართულ ენაში არის სიტყვა ქარბორბალა ე.ი. საქართველოსთვის ეს დამახასიათებელი იყო. მე-20 საუკუნის ბოლოს არ მახსენდება, რომ ქარბორბალა ყოფილიყო, მაგრამ დაახლოებით, 6 წლის წინ შავ ზღვაზე დაფიქსირდა ქარბორბალები. გუშინ, საკმაოდ დიდი იყო. ამ მოვლენას უჩვეულოს ვერ ვუწოდებთ, რადგან შარშანწინ იყო კახეთში, ალავერდის ტაძარზე. მანამდე რამდენჯერმე ჯავახეთში.

ეს დაკავშირებულია ატმოსფერულ წნევებთან. ქარბორბალები მაშინ ხშირდება, როცა არასტაბილურია მეტეოროლოგიური მოვლენები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას ვუკავშირებთ კლიმატის ცვლილებასთან იმ უჩვეულო ატმოსფერულ მოვლენებთან, რაც ხდება დღეს დედამიწაზე.

ამის პროგნოზირებას ვერ აკეთებენ. ამერიკაში ძალიან ინტენსიურად სწავლობენ ქარბორბალას. შენობებიც კი სხვანაირად შენდება და თავშესაფრებია ხალხისთვის გაკეთებული, რადგან ჩვენთანაც ფიქსირდება, ჩვენც უნდა ვემზადოთ ამ მოვლენისთვის," - ამბობს ჩხობაძე.

გუშინ, შავ ზღვაში დაფიქსირებულ ე.წ. ზღვის ტორნადოს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ავტორი: თიკო გურაშვილი

წაიკითხეთ ასევე: