ავტორი:

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, საქართველოში “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი არ შეესაბამება კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, საქართველოში “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი არ შეესაბამება კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, აცხადებს, რომ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი არ შეესაბამება კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს. ამის შესახებ აღნიშნულია პრესრელიზში, რომელსაც ევროსაბჭო ავრცელებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტმა დღეს გამოაქვეყნა თავისი წერილობითი კომენტარები საქმეზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილება. საბჭო განმარტავს, რომ საქმე ეხება საქართველოს 2025 წლის “უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონს, რომელიც მოითხოვს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც “პოლიტიკურ საქმიანობას უცხოური პრინციპალის სახელით ახორციელებენ, უცხოური პრინციპალის აგენტებად“ დარეგისტრირდნენ.

“წერილობით კომენტარებში კომისარი აცხადებს, რომ კანონი წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების უფრო ფართო ნიმუშის ნაწილს. იგი მიიჩნევს, რომ კანონის დებულებები არ შეესაბამება კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 10(2) და 11(2) მუხლების გათვალისწინებით. გარდა ამისა, კომისარი აღნიშნავს, რომ კანონის რამდენიმე ასპექტი არ შეესაბამება მის დეკლარირებულ მიზანს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს“, - აღნიშნულია პრესრელიზში.