არქეოლოგებმა სიცილიის სანაპიროსთან დაახლოებით 2100 წლის წინ ჩაძირული ხომალდი და მისი ანტიკური ტვირთის ასობით ნაშთი აღმოაჩინეს.
აღმოჩენის შესახებ იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა. ნაშთები პალერმოდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ მაძარა-დელ-ვალოს სანაპიროდან დაახლოებით სამი მილის დაშორებით იპოვეს.

ხომალდი იტალიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურისა და კარაბინერთა საზღვაო ქვედანაყოფების ერთობლივი ინსპექტირებისას, მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია რიგითმა მოქალაქეებმა გაავრცელეს. სამინისტროს ცნობით, რომაული ეპოქის ხომალდი ძვ. წ. II–I საუკუნეებით თარიღდება.
მყვინთავებმა ობიექტი დაახლოებით 45 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.
“ზღვის ფსკერზე ტყვიის ღუზის ტარისა და იმავე მასალისგან დამზადებულ სხვა სტრუქტურასთან ერთად, ასობით ამფორაა შემორჩენილი“, - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში

გავრცელებულ ფოტოებზე ზღვის ფსკერზე ჯგუფურად განთავსებული ასობით ანტიკური ამფორა მოჩანს, რომელთაგან ბევრი, წყალქვეშ 2000 წელზე მეტი ხნის გატარების მიუხედავად, საოცრად კარგადაა შემონახული.

ამფორები, რომლებიც ანტიკურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული კერამიკული ჭურჭელი იყო, ძირითადად ღვინისა და ზეითუნის ზეთის გადასაზიდად გამოიყენებოდა, თუმცა ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუზუსტებიათ, რა ინახებოდა ჩაძირულ ხომალდზე აღმოჩენილ ჭურჭელში.
ხმელთაშუა ზღვა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში საზღვაო ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა, სავსეა ანტიკური ხომალდების ნარჩენებით, რომლებიც ახალ-ახალ აღმოჩენებს დღემდე გვთავაზობს.