8 სექტემბერს სეუტაში ბავშვები სკოლას დაუბრუნდნენ, თუმცა მოსწავლეებისთვის ეს ოდესღაც სასიხარულო დღე შიშმა დაჩრდილა. იმ ფონზე, როდესაც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანური ექსკლავი მასობრივ მიგრაციულ კრიზისს ებრძვის, საკლასო ოთახების დასაცავად ჯარისკაცები და პოლიცია არის მობილიზებული, შეშინებულმა მშობლებმა კი შვილებს ჩანთებში წიწაკის აეროზოლები ჩაუდეს.

40 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც 70 000-მდე ჩრდილოაფრიკელი მიგრანტი სეუტას სანაპიროებს მოაწყდა, რამაც ესპანურ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში შემოსულ არალეგალთა უმეტესობა მაროკოში უკვე დაბრუნდა, 3 500-დან 7 000-მდე ადამიანი კვლავ ადგილზე რჩება ,მათგან ბევრი ღამეს სანაპიროებსა და სათამაშო მოედნებზე ათევს.



ძალადობის (მათ შორის, სამხედროებზე თავდასხმებისა და ათობით სექსუალური ძალადობის ფაქტების) ყოველდღიური ცნობების ფონზე, მშობლები აცხადებენ, რომ თავიანთი შვილების სიცოცხლის გამო შიშობენ.

როგორც ესპანური გამოცემა “OKDiario“ იუწყება, საკლასო ოთახებისა და ავტობუსების მარშრუტების დასაცავად ჯარისკაცები და პოლიციელები გაგზავნეს, ზოგმა სკოლამ კი კერძო დაცვაც დაიქირავა.

“ისინი პირდაპირ სკოლის წინ იკმაყოფილებენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს, სუნი გაუსაძლისია. სკოლის ჭიშკართან საუზმებენ, სადილებენ და ვახშმებენ, ნარჩენებს კი იქვე ტოვებენ“, - აცხადებს ერთ-ერთი მასწავლებელი

ოთხი შვილის დედა მედიასთან საუბარში აღნიშნავს, მის ნებაზე რომ იყოს, შვილებს საერთოდ არ გაუშვებდა სკოლაში.
“წაგვართვეს ჩვენი სანაპიროები, ჩვენი ზაფხული... მაგრამ განათლებასაც ხომ ვერ წაგვართმევენ?“ - დასძენს მეორე მშობელი.
“ამ მოვლენის შემდეგ ქალაქი სრულიად შეიცვალა, სეუტელებმა სიხარული დაკარგეს, მათი ცხოვრების წესი კი სრულად დაირღვა. სეუტა ამჟამად წნევის ქვაბია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს გასკდეს. ეს მდგომარეობა გაუსაძლისია“, - განუცხადა რეგიონულმა პრეზიდენტმა, ხუან ხესუს ვივასმა ევროპარლამენტარებს.

გასულ კვირას, სეუტაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გაპროტესტების ნიშნად მთელი ესპანეთის მასშტაბით ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეები გამოსავალს ითხოვდნენ და კრიზისის არასათანადო მართვაში სოციალისტ პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს ადანაშაულებდნენ.

თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ბრალდებებს, თითქოს მათ სეუტა ბედის ანაბარა მიატოვეს. გასულ კვირას მთავრობამ 309 მილიონი ევრო გამოყო ქალაქის სოციალური მომსახურების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასახმარებლად, განსაკუთრებული ყურადღებით მიგრანტების დაბინავებაზეა გამახვილებული.

ამ დროისთვის მრავალი მიგრანტი, მათ შორის უმეთვალყურეოდ დარჩენილი არასრულწლოვანები, კვლავ ქუჩებში ან სანაპიროზე გაშლილ კარვებში ათევს ღამეს. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, შეიფაროს, დაარეგისტრიროს და მაროკოში დეპორტაცია გაუკეთოს მათ, ვინც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.