ავტორი:

ნიკოლას ქეიჯის მდიდრული სასახლე ნახევრად მიწაში ჩაიძირა - რა მოხდა მალიბუს პრესტიჟულ ადგილას

ნიკოლას ქეიჯის მდიდრული სასახლე ნახევრად მიწაში ჩაიძირა - რა მოხდა მალიბუს პრესტიჟულ ადგილას

ნიკოლას ქეიჯის მალიბუში მდებარე 10.5 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლესთან უზარმაზარი ორმო გაჩნდა - ქონების ნაწილი, მათ შორის სახლის სავალი გზა, ფაქტობრივად მიწაში ჩაიძირა.

გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს ჩაღრმავება, რომელიც სახლის ავტოფარეხთან მისასვლელ გზაზეა წარმოქმნილი. ასფალტისა და ბეტონის ნაწილი ჩამონგრეულია და ორმოშია ჩავარდნილი. ინციდენტის ადგილზე დამცავ ჟილეტებში გამოწყობილი მუშები მუშაობდნენ და შექმნილ ვითარებას აფასებდნენ. ტერიტორიაზე სახანძრო მანქანაც იყო მობილიზებული.

როგორც Realtor.com წერს, 62 წლის ნიკოლას ქეიჯმა დაახლოებით 4000 კვადრატული ფუტის ფართობის სახლი 2024 წელს 10.5 მილიონ დოლარად შეიძინა. ძვირადღირებული ქონება ოკეანის ხედებითა და კერძო ტერასით გამოირჩევა.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად KTLA-მ გაავრცელა. ტელეარხის ცნობით, მეხანძრეები სამშაბათს, დილით ადრე, ადგილზე სავარაუდო გაზის გაჟონვის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მივიდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, წარმოქმნილი უზარმაზარი ორმო შესაძლოა სანაპირო ეროზიამ გამოიწვია. მისი სიგანე დაახლოებით 9-10 მეტრს შეადგენს. ადგილზე გაზის კომპანიის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ და დაზიანებული გაზსადენის აღდგენაზე მუშაობდნენ.

მიუხედავად მასშტაბური დაზიანებისა, ამ ეტაპზე ევაკუაციის ბრძანება არ გაცემულა. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

წყარო