კვლავ აქტუალურია 12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის გაუჩინარების საქმე. პერიოდულად სოციალურ ქსელში სიახლეებს აზიარებენ მისი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე და "ინფლუენსერი" ელენე რუხაძე, რომელიც დაკარგული ბიჭის დედის ინტერვიუს შემდეგ ამ თემას მის ყველა პლატფორმაზე აქტიურ დროს უთმობს.
"ეს მოწმე იმ ღამეს მლეთაში იმყოფებოდა სხვა მოწმეებთან ერთად. გვითხრა, რომ მლეთაზე ასვლა იყო რამდენიმე კვირით დაგეგმილი, რაც გამორიცხავს ანი გელაშვილის ნათქვამს, რომ ეს ყველაფერი სპონტანურად ნახევარი საათით ადრე. ეს არის სიცრუე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ მოწმეს გურიკა საერთოდ არ უნახავს და მისი დაკარგვის შესახებ გაიგო გამთენიისას. რამდენჯერმე ავედი მოსაძებნადო, და შემდეგ კვირებშიც ვიყავი სამძებრო სამუშაოებში ჩართულიო. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, საერთოდ ვინმე არსებობს ვისაც ლომისაზე გურიკა ნანახი ჰყავს? საერთოდ გურიკა იყო თუ არა იმ დღეს გურიკა ლომისაზე ასული? კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ, ყველამ ვიცით, რომ გურიკას მამიდა მუშაობდა კლინიკაში, ის ახლა წამოსულა კლინიკიდან. რა იყო მიზეზი საინტერესოა" - ამბობს ვიდეოში ელენე რუხაძე.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო. იმ ადგილას და მიმდებარედ, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით საგამოძიებო მოქმედებები და ძებნის სამუშაოები თავიდან ჩატარდა, გამოიყენეს სპეციალური ტექნიკა, სკანერი, თუმცა დაკარგული ბიჭის კვალს ვერ მიაგნეს.