ავტორი:

ჰავაის ძლიერი ქარიშხალი ლოუელი უახლოვდება: გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, გააქტიურებულია ეროვნული გვარდია - როგორ ემზადება მოსახლეობა სტიქიისთვის?

ჰავაის ძლიერი ქარიშხალი ლოუელი უახლოვდება: გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, გააქტიურებულია ეროვნული გვარდია - როგორ ემზადება მოსახლეობა სტიქიისთვის?

ჰავაის მოსახლეობა ძლიერი ქარიშხლისთვის ემზადება. მე-3 კატეგორიის ქარიშხალი ლოუელი კუნძულებს უახლოვდება, რის გამოც მაღაზიებში პროდუქტებისა და აუცილებელი ნივთების მარაგები სწრაფად იწურება, ბენზინგასამართ სადგურებთან კი გრძელი რიგებია.

ორშაბათს დილით ლოუელის ქარის სიჩქარე დაახლოებით 200 კმ/სთ-ს აღწევდა, ხოლო ძლიერი ნაკადების დროს კიდევ უფრო მაღალი იყო. ქარიშხალს თან ახლავს ძლიერი წვიმა, წყალდიდობის, მეწყრის, ტორნადოებისა და დამანგრეველი ტალღების საფრთხე.

კუნძულ კაუაიზე მოსახლეობა ქარიშხლისთვის საჭირო ნივთების შეძენას აქტიურად ცდილობს. ადგილობრივ მაღაზიებში ზოგიერთი პროდუქტისა და სამშენებლო მასალის თაროები თითქმის დაცარიელდა.

ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა პარასკევს შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ქარიშხლის შესაძლო შედეგებზე რეაგირებისთვის ეროვნული გვარდია გაააქტიურა.

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ქარიშხალ ლოუელს და ვემზადებით მანამ, სანამ პირობები გაუარესდება“, - განაცხადა გრინმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით კაუაის ოლქის მოსახლეობამ უნდა დაასრულოს მზადება, ყურადღებით დაიცვას ოფიციალური რეკომენდაციები და თავი აარიდოს დატბორილ ტერიტორიებსა და სახიფათო სანაპირო ზოლს.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლოუელი ჰავაის ზოგიერთ რაიონში 45 სანტიმეტრამდე ნალექს გამოიწვევს. უხვმა წვიმამ შესაძლოა დატბოროს გზები, სადრენაჟე სისტემები და დაბლობი ტერიტორიები. მთიან რაიონებში არსებობს ღვარცოფის საფრთხეც.

გარდა ძლიერი წვიმისა, კაუაისა და ნიიჰაუს მიმდებარე ტერიტორიებზე ორშაბათს შუადღიდან ღამემდე ტორნადოების წარმოქმნის ალბათობაც იქნება. საფრთხე ჰავაის სხვა კუნძულებსაც ეხება.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ლოუელმა შესაძლოა ოკეანის წყალი სანაპიროებზე გადმოიტანოს. კაუაის ზოგიერთ რაიონში წყლის დონე შესაძლოა 1-დან 3 ფუტამდე, ოაჰუზე კი დაახლოებით 3.5 ფუტამდე გაიზარდოს.

განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას ქარიშხლის ცენტრთან ახლოს მდებარე სანაპიროებზე, სადაც წყლის მატებას დიდი და დამანგრეველი ტალღებიც დაემატება.

წყარო