თქვენს მონა-მორჩილს თუ ჰკითხავთ, შესალოცია პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რადგან ყველაზე "დაწყევლილი" პოსტია. იმიტომ, რომ პრემიერები საქართველოში ან ქვეყანას მართებდნენ ცუდ ამბავს, ან თავის თავს, ხან იმ ბანაკში იყვნენ, ხან ამ ბანაკში - მოკლედ, კარგი ტრილერის გადაღება შეიძლება.
ზოგიერთმა მოახერხა და კვალიც დატოვა ჩვენს მეხსიერებაში. მაგალითად, ახალგაზრდებმა არ იციან, რა არის "სიგუას ნამცხვარი", სამაგიეროდ, 90-იანელ ბავშვებს კარგად გვახსოვს... პოპულარული იმიტომ იყო, რომ ყველაზე ხელმისაწვდომი, ცოტა და იაფი ინგრედიენტებისგან მზადდებოდა - რა თქმა უნდა, არა კარგი ცხოვრებისგან. ცხოვრება კი კარგი რომ არ იყო, ამაში თავად თენგიზ სიგუას მიუძღვის დიდი წვლილი - დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრემიერ-მინისტრს. ის თანამდებობაზე 1991 წლის 9 აპრილს დაინიშნა და პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მის მიმართ თბილ სიტყვებს არ იშურებდა, თუმცა... სიამტკბილობამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა. 1991 წლის 18 აგვისტოს მოსკოვში დაიწყო "გეკაჩეპეს" მიერ ორგანიზებული გადატრიალება, რომელსაც სსრკ-ის მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობდნენ. მათი მიზანი იყო სსრკ-ის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის გადაყენება და "მოკავშირე" რესპუბლიკებთან ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება. მეთოდები ტრადიციულ-საბჭოური ჰქონდათ - ტანკები და სადესანტო პოლკები. მოსკოვში ჯარი შევიდა... საქართველოში ასეთი ვითარება იყო - დამოუკიდებლობა კი გამოაცხადა ქვეყანამ 1991 წლის 9 აპრილს, მაგრამ ოფიციალურად არც ერთ სახელმწიფოს ჯერ არ ჰქონდა აღიარებული და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველო ჯერ კიდევ სსრკ-ის შემადგენლობაში ითვლებოდა. იყო საფრთხე, თუ მოსკოვში "გეკაჩეპე" გაიმარჯვებდა, ტრადიციულ-საბჭოური მეთოდებით გაენადგურებინათ ახალშექმნილი ქართული ეროვნული გვარდია. სწორედ ამ საფრთხის გამო, პრეზიდენტმა გამსახურდიამ გვარდია ოფიციალური ბრძანებით დაუქვემდებარა შსს-ს ანუ გამორიცხა, რომ "გეკაჩეპეს" გვარდია არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებად გამოეცხადებინა. ამას მოჰყვა ის, რომ გვარდიის სარდალი თენგიზ კიტოვანი ამბოხდა და რამდენიმე შენაერთთან ერთად რკონის ტყეში გამაგრდა - მან გამსახურდია მოსკოვთან ალიანსში დაადანაშაულა. კიტოვანს მხარდაჭერა გამოუცხადა თენგიზ სიგუამაც, რომელიც პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა. ამის შემდეგ ის გამსახურდიას ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი იყო, რბილად რომ ვთქვათ...
1991 წლის 26 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ხდება ბესარიონ გუგუშვილი. მან თანამდებობა გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამდე (1992 წლის 6 იანვარი) შეინარჩუნა. ამ დამხობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო ყოფილი პრემიერი სიგუა. გუგუშვილმა ბოლომდე შეინარჩუნა გამსახურდიას ერთგულება. პირველი პრეზიდენტის ზოგიერთ მომხრეს მის მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვს, მაგრამ ეს ამ სტატიის თემა არ არის.
1992 წლის 6 იანვარს არაკანონიერი ხელისუფლების არაკანონიერი პრემიერ-მინისტრი ისევ თენგიზ სიგუა ხდება. ხელისუფლება კანონიერად იქცა 1992 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ქვეყანაში ჰიპერკრიზისი იყო. შევარდნაძემ ჯოხი მთავრობაზე გადატეხა და 1993 წლის 5 აგვისტოს სიგუამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. სხვათა შორის, ის ცხოვრების ბოლომდე შევარდნაძეს მძაფრად აკრიტიკებდა და ათას დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ ცოდვას აბრალებდა.
1993 წლის 20 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხდება ოთარ ფაცაცია. სხვათა შორის, ძალიან პატრიოტი და მეურნე კაცი, რომელიც ცდილობდა კორუფციასთან ბრძოლას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თუმცა მის პრემიერად დანიშვნას სხვა მიზეზიც ჰქონდა. იმ პერიოდში სამეგრელოში, განსაკუთრებით ზუგდიდში, მძლავრობდნენ გამსახურდიას მომხრეები და ქვეყანაში სამოქალაქო ომი იწყებოდა. ზუგდიდელი ოთარ ფაცაციას დანიშვნა პრემიერად შევარდნაძის მხრიდან ერთგვარი პოლიტიკური მანევრი იყო სამეგრელოს მოსახლეობის გულის მოსაგებად.
ოთარ ფაცაციაზე პრემიერის ინსტიტუტის პირველი ეპოქა დასრულდა (მისი ბოლო სამუშაო დღე იყო 1995 წლის 5 ოქტომბერი). 1995 წლის აგვისტოში ქვეყანამ მიიღო ახალი კონსტიტუცია. ჩაითვალა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის ინსტიტუტი აღარ სჭირდებოდა. მთავრობის ხელმძღვანელი გახდა პრეზიდენტი. "ნახევრადპრემიერი" კი იყო სახელმწიფო მინისტრი (ნიკო ლეკიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, გია არსენიშვილი), მაგრამ უფრო პრეზიდენტის თანაშემწის ფუნქცია ჰქონდა. გააგრძელეთ კითხვა