ავტორი:

"წიგნის კითხვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვარჯიშია ჩვენი ტვინისა და ცნობიერებისთვის" - როგორ შევაყვაროთ კითხვა მათ, ვისაც არ უყვარს: ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

"წიგნის კითხვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვარჯიშია ჩვენი ტვინისა და ცნობიერებისთვის" - როგორ შევაყვაროთ კითხვა მათ, ვისაც არ უყვარს: ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ნინო ეფხოშვილი ფსიქოკონსულტანტია, პიროვნული განვითარების ტრენერი, ქოუჩი და ადამიანური ქცევის მკვლევარი. მისი პროფესიული ინტერესის მთავარი სფერო ადამიანია. როგორ ვფიქრობთ, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორ ვქმნით ჩვევებს, როგორი ურთიერთობა გვაქვს ემოციებთან და, საბოლოოდ, როგორ ვქმნით საკუთარ ცხოვრებას - ამ ყველაფერზე ნინო ეფხოშვილი აქტიურად მუშაობს.

ამიტომ სწორედ მასთან ვისაუბრებთ შემდეგ თემაზე - რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნი. ამცირებს თუ არა წიგნის კითხვა სტრესს და აუმჯობესებს თუ არა კონცენტრაციის უნარს, როგორ გვეხმარება წიგნის კითხვა თავი დავაღწიოთ გაჯეტებზე დამოკიდებულებისგან და საერთოდ როგორ გავიხადოთ წიგნის კითხვა ჩვევად.

  • წიგნის კითხვის ტვინისა და ცნობიერების სავარჯიშო სარგებელი

- როცა მეკითხებიან, რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნი, პასუხი - "წიგნი კარგია“ ან "წიგნი ცოდნას გვაძლევს“ - საკმარისი არ არის. წიგნის კითხვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვარჯიშია ჩვენი ტვინისა და ცნობიერებისთვის. მას ადამიანისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს. ყველაზე მნიშვნელოვნით დავიწყებდი - კითხვა გვაიძულებს, ვიყოთ აქტიური მონაწილეები და არა მხოლოდ ინფორმაციის მომხმარებლები. ინფორმაცია ეკრანიდან ჩვენთან მოდის, წიგნთან კი - ჩვენ უნდა მივიდეთ მასთან. როცა ვკითხულობთ, ტვინი მუდმივად მუშაობს: ვქმნით წარმოდგენებს, ვაკავშირებთ ახალ ინფორმაციას უკვე არსებულ ცოდნასთან, ვიმახსოვრებთ პერსონაჟებსა და მოვლენებს, ვაკეთებთ პროგნოზებს, ვავსებთ გამოტოვებულ ადგილებს. განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურის კითხვისას ჩვენ ერთგვარად "ვცხოვრობთ“ სხვა ადამიანის ცხოვრებას. ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში შესაძლოა არასდროს შევხვედროდით, ვხედავთ სამყაროს სხვა პერსპექტივიდან, განვიცდით მათ კონფლიქტებს და არჩევანს... ამიტომ წიგნი მხოლოდ ცოდნის წყარო არ არის. ის გამოცდილების სიმულატორიცაა. კითხვა მუდმივად ამუშავებს წარმოსახვას, მეხსიერებას, ენას, ყურადღებას და სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირების უნარს და ეს მხოლოდ ჩემი ინტუიცია არ არის, კვლევებითაც დასტურდება.

2024 წლის ორ დიდ პრერეგისტრირებულ მეტა-ანალიზში, რომლებმაც 70 ექსპერიმენტული კვლევა და 114 კორელაციური კვლევა გააერთიანეს, მხატვრული ლიტერატურის კითხვას მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კოგნიტური სარგებელი ჰქონდა. ყველაზე მკაფიო კავშირები აღმოჩნდა ემპათიასა და სხვისი გონებრივი მდგომარეობის გაგებასთან, ე.წ. მენტალიზინგთან.

  • სტრესის შემცირება და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება

- სტრესი ჩვენი ტვინისთვის არის ნებისმიერი ცვლილება და ამ სწრაფი ცვლილებების ეპოქაში, კითხვას ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს სტრესის შემცირებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა კითხვა არის მშვიდი და ყურადღების ერთ რამეზე კონცენტრირების აქტივობა და არა კიდევ ერთი დავალება. წიგნის კითხვისას ჩვენი ყურადღების ერთი სტიმულიდან მეორეზე გადასვლა ხდება ნელა, ანუ მუდმივად ხტუნვის რეჟიმიდან უფრო სტაბილურ რეჟიმში და სწორედ ეს აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს და ეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კვლევები აჩვენებს, რომ ციფრულ გარემოში ყურადღების გამფანტველი სტიმულები წაკითხულის გაგებას მნიშვნელოვნად აუარესებს. 2025 წლის მეტაანალიზმა 32 ემპირიული კვლევის საფუძველზე სწორედ ასეთი უარყოფითი ეფექტი აჩვენა. სხვა კვლევაში ადამიანები ეკრანზე კითხვისას საშუალოდ დაახლოებით ყოველ ოთხ წუთში აფიქსირებდნენ ყურადღების შეწყვეტას. ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ჩვენი ყურადღებისთვის მუდმივად იბრძვიან შეტყობინებები, ვიდეოები, რეკლამები, სოციალური ქსელები. წიგნი კი გვაძლევს საშუალებას, დაჯდე, იყო იქ და ერთი ამბავი ბოლომდე გაიარო. ამ თვალსაზრისით კითხვა ყურადღების და კონცენტრაციის ერთგვარი ვარჯიშიც არის.

  • ყოველდღიური 20-წუთიანი კითხვის ძალა და ჩვევის ფორმირება

- 20 წუთი ჯადოსნური რიცხვი არ არის. არ არსებობს ტვინის საიდუმლო კანონი, რომლის მიხედვითაც 19 წუთი არაფერია და 20 წუთზე უცებ "განვითარებული ადამიანი“ ხდები. მაგრამ 20 წუთს ძალიან კარგი რამ შეუძლია - შექმნას ჩვევა და ჩვევა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთჯერადი დიდი ძალისხმევა. 20 წუთი ყოველდღე ნიშნავს, რომ წელიწადში დაახლოებით 120 საათს უთმობ კითხვას. ეს უკვე ძალიან დიდი დროა. თანაც ყოველდღიური კითხვა ქმნის ფსიქოლოგიურ "რიტუალს“ - დღის განმავლობაში ჩნდება მონაკვეთი, როდესაც შენ საკუთარ თავს უბრუნდები. ამიტომ 20 წუთი ეს არის მინიმალური შეთანხმება საკუთარ თავთან, რომ დღეში ერთხელ მაინც შევქმნი სივრცეს ჩემი ყურადღებისთვის.

  • კარგი ჩვევები და კითხვა როგორც პიროვნული ზრდის ინსტრუმენტი

- ზოგადად, ჩვენი ცხოვრება ჩვენი ჩვევების შედეგია, ვინაიდან ჩვევები არის ის, რასაც ავტომატურად ვაკეთებთ, ანუ ის, რაც ჩვენი ძალისხმევის გარეშე, ქმნის ჩვენს ცხოვრებას. შესაბამისად, კარგი ჩვევაა ის, რომელიც შენს ტვინს და ცხოვრებას იმ მიმართულებით აწყობს, როგორი ადამიანიც გინდა იყო. კითხვა გვაჩვევს სიღრმეს, მოთმინებას, რთული აზრის ბოლომდე მიყოლას, გვაჩვევს იმასაც, რომ პასუხი ყოველთვის პირველივე წინადადებაში არ არის და ეს მხოლოდ წიგნისთვის არ გვჭირდება, ცხოვრებისთვის გვესაჭიროება.

  • გაჯეტებზე დამოკიდებულების დაძლევა და ყურადღების ალტერნატიული რეჟიმი

- შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი პირობით - წიგნი არ უნდა იქცეს უბრალოდ კიდევ ერთ "დავალებად“. თუ ადამიანი ტელეფონს დებს და 20 წუთით წიგნს იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავს უთხრა "უნდა წავიკითხო“, შეიძლება ეს ბრძოლად გადაიქცეს. უმჯობესია, კითხვა გახდეს ალტერნატიული სიამოვნება. წიგნს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს - ის არ ცდილობს ყოველ სამ წამში ახალი სტიმულით მოგტაცოს ყურადღება, პირიქით, ის გასწავლის, როგორ დარჩე ერთ რამესთან. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ერთ კვლევაში ახალგაზრდებში წიგნების კითხვის მეტი დრო დაკავშირებული იყო აკადემიური ამოცანების დროს ნაკლებ ყურადღების გაფანტვასთან, მაშინ როცა მყისიერი შეტყობინებების გამოყენება უფრო მაღალ გაფანტვასთან იყო დაკავშირებული. ანუ კითხვა შეიძლება არა მხოლოდ ეკრანისგან გაქცევა აღმოჩნდეს, არამედ ყურადღების სხვა რეჟიმის სწავლა.

  • ლიტერატურა, როგორც გამოცდილებისა და ემპათიის სიმულატორი

- ეს არის ის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით მაინტერესებს. ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი გამოცდილება არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ იმ ადამიანების გამოცდილებიდანაც, რომლებსაც არასდროს შევხვედრივართ. ლიტერატურა გვაძლევს შესაძლებლობას, უსაფრთხო სივრცეში დავაკვირდეთ ადამიანურ არჩევანს და მის შედეგებს - რას აკეთებს ადამიანი შიშის დროს? როგორ იქცევა ღალატის შემდეგ? რას ირჩევს, როცა ორ მნიშვნელოვან ღირებულებას შორის უწევს არჩევანის გაკეთება? როგორ ცვლის ძალაუფლება ადამიანს? რა ემართება ადამიანს, როცა საკუთარი თავის მოტყუებას იწყებს? - ეს ყველაფერი ცხოვრებისეული კითხვებია და წიგნი იძლევა საშუალებას, მათზე სხვისი ცხოვრებით ვიფიქროთ. ამიტომ მხატვრული ლიტერატურა ემპათიის განვითარებასთანაც არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექსტი გვაიძულებს, პერსონაჟის შინაგანი სამყარო მისი თვალით დავინახოთ. არის საინტერესო კვლევები მხატვრული ლიტერატურისა და ე.წ. Theory of Mind-ის შესახებ - უნარის, გავიგოთ, რომ სხვა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩვენგან განსხვავებული ფიქრები, განზრახვები და ემოციები. ერთ ექსპერიმენტულ კვლევაში ლიტერატურული მხატვრული ტექსტის წაკითხვამ მონაწილეებში ასეთი უნარის ტესტებზე დროებითი გაუმჯობესება გამოიწვია.

  • წიგნიერი ადამიანის უნარები და შინაგანი ლექსიკონი

- წიგნის რაოდენობა ადამიანს ავტომატურად არც ჭკვიანს ხდის, არც კეთილს და არც ემპათიურს. შეიძლება ადამიანი ძალიან ბევრს კითხულობდეს და ძალიან ცოტა ესმოდეს. რეგულარულ კითხვას კი შეუძლია განავითაროს ისეთი უნარები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია: სიტყვიერი მარაგი, რთული ტექსტის გაგება, აზრის სტრუქტურირება, ყურადღების შენარჩუნება, პერსპექტივის შეცვლა, ანალიზი. 2024 წლის მეტაანალიზში ბეჭდური მხატვრული ლიტერატურის ცხოვრების განმავლობაში კითხვის გამოცდილება მცირე დადებით კოგნიტიურ ეფექტებთან იყო დაკავშირებული, მათ შორის - ყველაზე მეტად ვერბალურ უნარებთან. ასევე წიგნიერი ადამიანი ხშირად უფრო დიდ შინაგან ლექსიკონსაც ფლობს, რაც უფრო მეტი სიტყვა გვაქვს საკუთარი შინაგანი გამოცდილების აღსაწერად, მით უფრო ზუსტად შეგვიძლია გავიგოთ საკუთარი თავი. ზოგჯერ უბრალოდ ცუდად კი არ ვარ, სიტყვა არ მაქვს იმისთვის, რასაც განვიცდი და ამ დროს, ერთი სწორი სიტყვა ძალიან ბევრ რამეს ალაგებს.

  • როგორ შევაყვაროთ კითხვა მათ, ვისაც არ უყვარს

- ამ დროს ფრაზა "წიგნი უნდა იკითხო“, უადგილოა, პირიქით მუშაობს. მნიშვნელოვანია კითხვის დასმა - რა გიყვარს? თუ ადამიანს არ უყვარს კითხვა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას კითხვა არ შეუძლია. შეიძლება უბრალოდ ჯერ არ შეხვედრია თავისი წიგნი, თავისი ჟანრი, თავისი ფორმა - ზოგს დეტექტივი უყვარს, ზოგს ბიოგრაფია, ზოგს ფსიქოლოგია, ზოგს ისტორია, ზოგს ფანტასტიკა, ზოგს კი 300-გვერდიანი წიგნი საერთოდ არ სჭირდება, შეიძლება მცირე ზომის მოთხრობებით დაიწყოს ან ნოველებით. ჩვევის ფორმირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ დასაწყისში მოქმედება მარტივი და სასიამოვნო იყოს. ამიტომ ადამიანს, რომელსაც კითხვა არ უყვარს, მე არ დავავალებდი დღეში 50 გვერდს. ვეტყოდი: აირჩიე ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვაც მართლა გაინტერესებს და წაიკითხე მხოლოდ 5 გვერდი. მთავარი დაწყებაა და თუ ადამიანი კითხვის პროცესში სიამოვნებას იპოვის, ჩვევა გაცილებით ბუნებრივად იწყებს ფორმირებას.

  • ცნობიერების გაფართოება და ცხოვრების სიმულაცია

- წიგნი ავტომატურად უფრო ინტელექტუალურს არ გვხდის, კითხვა ქმნის გარემოს, რომელშიც გარკვეული კოგნიტიური უნარები ვარჯიშდება. კითხვისას ჩვენ ვამუშავებთ ენას, ვაკავშირებთ იდეებს, ვიმახსოვრებთ ინფორმაციას, წარმოვიდგენთ იმას, რასაც პირდაპირ ვერ ვხედავთ, ვაკვირდებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. შემოდის კრეატიულობაც, როცა ტვინი ერთმანეთთან ისეთ რამეებს აკავშირებს, რომლებიც მანამდე ცალ-ცალკე არსებობდა. წიგნს შეუძლია, სხვისი აზრი შენს აზრად გადაამუშაო, წაიკითხო სხვისი ისტორია და საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრდე, ნახო სხვისი არჩევანი და საკუთარ არჩევანს შეხედო სხვანაირად, იპოვო პერსონაჟში საკუთარი თავი, ან, პირიქით, აღმოაჩინო, როგორი ადამიანი არ გინდა იყო. ამიტომაც ვფიქრობ, წიგნის კითხვა მხოლოდ ინტელექტუალური აქტივობა არ არის, ეს ცნობიერების გაფართოების ერთ-ერთი გზაა. ჩვენ ერთი სიცოცხლე გვაქვს და ამ ერთი სიცოცხლის ფარგლებში ვერ მოვასწრებთ ყველა ადამიანის ცხოვრებას, წიგნი კი ამის საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია ვიცხოვროთ სხვა ეპოქაში, სხვა ქვეყანაში, სხვა ადამიანის სხეულში, სხვა ადამიანის შიშით, სიყვარულით, შეცდომით, გამარჯვებით. შეგვიძლია დავკარგოთ და ისევ ვიპოვოთ. შეგვიძლია შევცდეთ ისე, რომ რეალურ ცხოვრებაში ამ შეცდომის ფასი არ გადავიხადოთ. შემდეგ კი წიგნი დავხუროთ და საკუთარ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, ცოტათი უფრო დიდი გამოცდილებით, ვიდრე ერთი საათის წინ გვქონდა.