ეს ადამიანი [ირაკლი ღარიბაშვილი] საკუთარი აღიარებით იხდის სასჯელს და თუ ამ დანაშაულს თავად აღიარებს, მაშინ კითხვა ისმის: რეალურად ვინ ვის ჩაარტყა ზურგში დანა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს.
„ეს ადამიანი საკუთარი აღიარებით იხდის სასჯელს. თუ ამ დანაშაულს თავად აღიარებს, მაშინ კითხვა ისმის: რეალურად ვინ ვის ჩაარტყა ზურგში დანა. ამიტომ, ჩემი კითხვა რიტორიკულია და ალბათ, ყველაზე კარგად ამ ბრალდების გამჟღერებელი გაგვცემს პასუხს. მან აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის საპატიმროდან წერილი გაავრცელა და ხელისუფლება „ამაზრზენ და ტრაგიკულ“ მასკარადში დაადანაშაულა. ექსპრემიერი მის ერთ-ერთ ბოლო წერილის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ შორის გამოიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასერიოზულს უწოდებს.
ღარიბაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ „სასაცილო და უსუსურ“ მეთოდებზე „ტყუილად ნუ წვალობენ“, რადგან როგორც „წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს“, ისევე შეუძლებელია მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება. ღარიბაშვილი წერილში ირონიით წერს, მასთან დაკავშირებულ ცნობებზე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ და საფრანგეთის აგენტია და აღნიშნავს: „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ“. ღარიბაშვილი წერილში კვლავ მიმართავს თანაგუნდელებს, რომ არავის ებრძვის და ზურგში დანა მათ ჩაარტყეს.