დასავლეთის სანქციებით ვამაყობ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.
"ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი რამ იყო: სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ სიმართლის სიყვარულის, მტკიცე პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ მოვხვდი. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიებში ორჯერ შემიყვანეს. თუმცა, ეს სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის მიღებულ ორდენს ჰგავს“, - განაცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.
"ხოლო, „არბატში“ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ინტერნაციონალური მოხალისეთა ქვედანაყოფის „გეორგიევსკის“ შექმნა გადავწყვიტეთ“, - აღნიშნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.
ასევე, ფარცხალაძის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.