ავტორი:

ცხელი ჩაისა და ყავის მიღება საყლაპავის კიბოს რისკს ზრდის - რას ამბობენ მეცნიერები?

ცხელი ჩაისა და ყავის მიღება საყლაპავის კიბოს რისკს ზრდის - რას ამბობენ მეცნიერები?

ბრიტანელმა მეცნიერებმა თითქმის მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ძალიან ცხელი სასმელების რეგულარულად მიღება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს ზრდის.

კვლევა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს, “International Journal of Cancer“-ში გამოქვეყნდა. ავტორების თქმით, ეს ყველაზე მასშტაბური კვლევაა, რომელიც ცხელი სასმელებისა და საყლაპავის კიბოს შორის შესაძლო კავშირს შეისწავლის. მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერები მხოლოდ ჩაისა და ყავას არ გულისხმობენ. მათი ყურადღების მთავარი საგანი თავად სასმლის ტემპერატურაა.

  • მათი თქმით, სასმელი “ძალიან ცხელია“ იმ შემთხვევაში, თუ მისი ტემპერატურა 65°C-ს ან მეტს აღწევს.

შედარებისთვის, ახლად ადუღებული წყლის ტემპერატურა დაახლოებით 100°C-ია. ფინჯანში ჩასხმის შემდეგ ის სწრაფად იკლებს, თუმცა ჩაი ან ყავა შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში მაინც იმდენად ცხელი იყოს, რომ დალევისას პირის ღრუსა და საყლაპავის ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს.

ამიტომ სპეციალისტების რჩევა საკმაოდ მარტივია - ჩაისა და ყავის დალევამდე რამდენიმე წუთი მოიცადეთ.

ბევრს მიაჩნია, რომ რძის დამატება პრობლემას აგვარებს - ამან ჩაი ან ყავა შესაძლოა ოდნავ გააგრილოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად უსაფრთხო ტემპერატურას ვიღებთ.

  • რატომ შეიძლება იყოს მაღალი ტემპერატურა პრობლემა?

საყლაპავი არის კუნთოვანი მილი, რომლის საშუალებითაც საკვები და სითხე პირიდან კუჭამდე გადაადგილდება. მისი შიდა ზედაპირი ლორწოვანი გარსით არის დაფარული.

მეცნიერების ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ძალიან ცხელი სითხის ხშირი მიღება ამ ქსოვილის განმეორებით დაზიანებასა და გაღიზიანებას იწვევს. დროთა განმავლობაში ასეთმა დაზიანებამ შესაძლოა უჯრედებში ცვლილებების განვითარებას შეუწყოს ხელი.

თუმცა, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა დამატებითი კვლევები იმის დასადგენად, ზუსტად რა ტემპერატურიდან იწყება რისკის მატება და რამდენად მნიშვნელოვანია სასმლის ტემპერატურასთან ერთად მისი მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა.

საყლაპავის კიბოს განვითარების ალბათობაზე გავლენას ახდენს მოწევა და ალკოჰოლის მოხმარებაც. Cancer Research UK-ის წარმომადგენლის, ფიონა ოსგუნის განცხადებით, დაავადების რისკის შესამცირებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები მოწევისგან თავის შეკავება და ალკოჰოლის მოხმარების შემცირებაა.

მსოფლიოში საყლაპავის კიბო კიბოს ერთ-ერთ გავრცელებულ სახეობად ითვლება, თუმცა კონკრეტული ადამიანის დაავადების განვითარების საერთო ალბათობა მაინც შედარებით დაბალია.

დაავადება შესაძლოა მკაფიო სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს ან მისი ნიშნები ძალიან მსუბუქი იყოს. ამის გამო კიბოს აღმოჩენა ზოგჯერ უკვე გვიან სტადიაზე ხდება.

სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს:

  • ყლაპვის გაძნელება;
  • გულძმარვა ან მჟავა რეფლუქსი;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • მადის დაკარგვა.

რა თქმა უნდა, მსგავსი სიმპტომები მხოლოდ საყლაპავის კიბოს არ ახასიათებს და სხვა, გაცილებით ნაკლებად სერიოზულ მიზეზებსაც შეიძლება უკავშირდებოდეს. თუმცა, თუ ისინი ხანგრძლივად გრძელდება ან ძლიერდება, ექიმთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია.