ავტორი:

მაჭავარიანი ღარიბაშვილზე: "აგენტობასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდიდან არავის ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. გულდასაწყვეტია, რომ ყოფილი ლიდერი ასეთი მეთოდებით ებრძვის გუნდს"

მაჭავარიანი ღარიბაშვილზე: "აგენტობასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდიდან არავის ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. გულდასაწყვეტია, რომ ყოფილი ლიდერი ასეთი მეთოდებით ებრძვის გუნდს"

ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ასეთი მეთოდებით ებრძვის ჩვენს გუნდს - ჭორაობაზე დაფუძნებული რაღაცა წერილების გავრცელება, შემდეგ სპეკულაციები ადამიანის სუიციდით და ა.შ. - ამის შესახებ "ქართული ოცების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ბოლო წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რასაც ღარიბაშვილი აკეთებს, გუნდთან "ძალიან ცუდი მეთოდებით ბრძოლაა“.

"აგენტობასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდიდან არავის ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ისაა, რომ ძალიან ცუდად ემთხვევა ის, რომ ბატონი ღარიბაშვილის გავრცელებული ნარატივი წამებში აიტაცა აგენტურულმა ოპოზიციამ და ზუსტად ერთი და იგივე "მესიჯბოქსით“ საუბრობენ. მტკიცებით ფორმაში აქაც ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ ძალიან ცუდი დამთხვევაა ეს ყველაფერი და, ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გუნდის ყოფილი ლიდერი ასეთი მეთოდებით ებრძვის ჩვენს გუნდს - ანუ ჭორაობაზე დაფუძნებული რაღაცა წერილების გავრცელება, შემდეგ სპეკულაციები ადამიანის სუიციდით. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად არავინ, მათ შორის ბატონი ღარიბაშვილიც, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს დამატებით, რაც ისედაც ცნობილი იყო საზოგადოებისთვის და გამოძიებისთვის. შესაბამისად, ეს არის ძალიან ცუდი მეთოდებით ბრძოლა გუნდთან. და ისიც ძალიან უცნაურია, როდესაც ღარიბაშვილი მას შემდეგ, რაც ჩხრეკა ჩატარდა მის ბინაში, აღიარა ეს ბრალი, ითანამშრომლა, ჩაჯდა ციხეში, იგი ამბობს, რომ თურმე უდანაშაულო ყოფილა - ამას, რა თქმა უნდა, არავინ არ დაიჯერებს.

ესეც არის იმ წერილების ნარატივის გაგრძელება. მას სურს ამით იმ დანაშაულის გადაფარვა, რაზეც მას ბრალი წარედგინა.

ბევრჯერ გვინახავს არა მხოლოდ საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში ყოფილი პოლიტიკოსისგან ასეთი მეთოდების არჩევა, თუმცა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ნამდვილად არ ეკადრება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის საპატიმროდან წერილი გაავრცელა და ხელისუფლებას "ამაზრზენ და ტრაგიკულ“ მასკარადში დაადანაშაულა. ექსპრემიერი მის ერთ-ერთ ბოლო წერილის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ შორის გამოიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასერიოზულს უწოდებს. ღარიბაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ "სასაცილო და უსუსურ" მეთოდებზე "ტყუილად ნუ წვალობენ", რადგან როგორც "წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს", ისევე შეუძლებელია მისი და "ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება. ღარიბაშვილი წერილში ირონიით წერს, მასთან დაკავშირებულ ცნობებზე, რომ თურმე "დიფ-სტეიტის“ და საფრანგეთის აგენტია და აღნიშნავს: "გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების "აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ". ღარიბაშვილი წერილში კვლავ მიმართავს თანაგუნდელებს, რომ არავის ებრძვის და ზურგში დანა მათ ჩაარტყეს.