ავტორი:

სავაჭრო ომის ახალი ტალღა - დონალდ ტრამპმა კანადურ ალკოჰოლს, რძის პროდუქტებსა და მოტოციკლებს ბოიკოტი გამოუცხადა: როგორ პასუხობს ოტავა ვაშინგტონს?

სავაჭრო ომის ახალი ტალღა - დონალდ ტრამპმა კანადურ ალკოჰოლს, რძის პროდუქტებსა და მოტოციკლებს ბოიკოტი გამოუცხადა: როგორ პასუხობს ოტავა ვაშინგტონს?

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის მრავალთვიანი სავაჭრო ომი ახალ, კიდევ უფრო მწვავე ფაზაში შედის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანებების სერია გააჟღერა და კანადური პროდუქციის ფართო სპექტრის იმპორტის აკრძალვა გამოაცხადა, რაც ძალაში 29 სექტემბერს შევა.

თეთრი სახლის განცხადებით, ეს ნაბიჯი პასუხია კანადის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებულ საპასუხო ტარიფებზე.

  • რა პროდუქტები მოხვდა შავ სიასა და მაღალ ტარიფებში?

დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადა აშშ-ის წინააღმდეგ “დისკრიმინაციულ“ პოლიტიკას ატარებს, რადგან ზღუდავს ამერიკულ საქონელს, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ პროდუქციას ასეთ შეზღუდვებს არ უწესებს.

ახალი შეზღუდვების თანახმად, აშშ-ში სრულად იკრძალება შემდეგი კანადური პროდუქტების იმპორტი:

  1. შრატი (whey) და უალკოჰოლო ლუდი;
  2. შაქრის ლერწმის მელასა;
  3. ღვინო, რუმი, არყის პროდუქტები და ალაოს ლუდი;
  4. მოტოციკლები (მათ შორის მოპედები).

გარდა ამისა, ვაშინგტონმა მნიშვნელოვნად გაზარდა საიმპორტო გადასახადები ისეთ საქონელზე, როგორებიცაა სხვადასხვა სახის ყველი და მისი შემცვლელები, დაუმუშავებელი ტყავი, ქაღალდი, ავეჯი და ლეიბები, ლითონები (ალუმინი და რკინა), მოტორული ნავები, გოლფის მანქანები, სათევზაო ანკესის ნაწილები და ელექტრო ფარები.

ორ მეზობელ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები აგვისტოს ბოლოს ჩაიშალა და მას შემდეგ ახალი შეხვედრები არ დანიშნულა. გასულ თვეში თეთრმა სახლმა 50%-იანი ტარიფები დააწესა დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე, მათ შორის ავეჯზე, ღვინოსა და სპორტულ ინვენტარზე.

კანადამ ამას “დოლარი დოლარზე“ საპასუხო ტარიფებით უპასუხა ამერიკულ ფოლადზე, ტანსაცმელსა და ავეჯზე, რომლებიც სამშაბათს შუაღამისას შევიდა ძალაში.

გაეროს მონაცემებით, 2025 წელს კანადის მიერ აშშ-ში ექსპორტირებული ალკოჰოლური სასმელების ღირებულება 687 მილიონ დოლარს შეადგენდა, რძის პროდუქტებისა - 269 მილიონ დოლარს, ხოლო მოტოციკლებისა - 90 მილიონ დოლარს. კანადის მთლიანი ექსპორტის ორ მესამედზე მეტი სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის. ცნობისთვის, კანადა აშშ-ის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია მექსიკის შემდეგ.

ექსპერტების შეფასებით, თეთრი სახლის მიერ დაწესებული იმპორტის აკრძალვა პირდაპირ ეხება კანადის აშშ-ში ექსპორტის 0.25%-ს.

  • როგორ რეაგირებს ოტავა?

კანადის სავაჭრო მინისტრმა დომინიკ ლებლანმა აშშ-ის ზომებს “უსაფუძვლო“ უწოდა და განაცხადა, რომ ოტავა ყველაფერს გააკეთებს ადგილობრივი მუშახელის, ოჯახებისა და ბიზნესის დასაცავად. მან დასძინა, რომ უკვე დაუკავშირდა ამერიკელ კოლეგას და მზად არის “კეთილსინდისიერად“ იმუშაოს დაძაბულობის აღმოსაფხვრელად.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ აშშ-ისგან დისტანცირებას “თავისი ფასი ექნება“, თუმცა დასძინა: “მოქმედებას ყოველთვის ახლავს ფასი, მაგრამ ეს არაფერია იმ ფასთან შედარებით, რაც უმოქმედოდ დგომას მოჰყვება“.

დაძაბულობა სავაჭრო სფეროსაც გასცდა - ტრამპმა უკვე გააფრთხილა კანადური ავიამშენებელი კომპანია Bombardier, რომ ის ვერ შეძლებს პროდუქციის გაყიდვას აშშ-ში, თუ წარმოებას ამერიკაში არ გადაიტანს. გარდა ამისა, აგვისტოში ტრამპმა გასცა ბრძანება ონტარიოს ტბისთვის “ამერიკის ტბა“ დაერქმიათ, რამაც კანადელების დიდი აღშფოთება გამოიწვია. პასუხად, კანადის მოსახლეობის ნაწილმა ამერიკულ პროდუქტებს მასშტაბური ბოიკოტი გამოუცხადა.

წყარო