ავტორი:

ირანის სავარაუდო ბირთვულ ობიექტზე მშენებლობა გააქტიურდა - აშშ-ის სამხედროები კი ახალი ტიპის იარაღის შექმნაზე მუშაობენ: რას პროგნოზირებენ ექსპერტები მიწისქვეშა ობიექტებზე?

ირანის სავარაუდო ბირთვულ ობიექტზე მშენებლობა გააქტიურდა - აშშ-ის სამხედროები კი ახალი ტიპის იარაღის შექმნაზე მუშაობენ: რას პროგნოზირებენ ექსპერტები მიწისქვეშა ობიექტებზე?

აშშ - ირანის ომის ფონზე, გრანიტის ქედის ქვეშ მოწყობილ ობიექტზე, წელს სამშენებლო სამუშაოების მკვეთრი მატება დაფიქსირდა, ამას თანამგზავრული ფოტოების ანალიზი მოწმობს.

თეირანის სამხრეთით, დაახლოებით 225 კილომეტრში, ნათანზის ბირთვულ კომპლექსთან მდებარე “წერაქვის მთის“ ობიექტი დაზვერვის სამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც ისინი მიიჩნევენ, ირანი ამ ადგილს მომავალი ბირთვული პროგრამის დასაცავად გამოიყენებს.

ისრაელის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ურანის გამდიდრების ფარგლებში ირანი ობიექტზე ცენტრიფუგების გადატანას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი აღნიშნული ტერიტორიის დაბომბვის მუქარა არაერთხელ გაახმოვანა.

გრანიტის მთა პენტაგონის ყველაზე მძიმე, არაბირთვული ბომბებისთვისაც კი სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ეს არ არის ერთადერთი ირანული ბირთვული ობიექტი, რომელიც, შესაძლოა, არსებული შეიარაღებისთვის მიუწვდომელი იყოს.

თუმცა არსებობს ნიშნები, რომ აშშ მსგავს ობიექტებზე დარტყმის მექანიზმებზე უკვე მუშაობს. ოპერაცია “Epic Fury“-ს დაწყებამდე ოთხი დღით ადრე, მასობრივი განადგურების იარაღთან ბრძოლის პენტაგონის სააგენტოს (DTRA) პროექტების მენეჯერმა ხელი 1.2 მილიონი დოლარის ღირებულების გადაუდებელ კონტრაქტს მოაწერა. დოკუმენტი ნიუ-მექსიკოში, “უაით სენდსის საგამოცდო პოლიგონზე“ არსებული უნიკალური მიწისქვეშა ობიექტის შეკეთებას ითვალისწინებდა. ამის მიზანი საბრძოლო გამოცდის ჩატარება იყო, რომელსაც ახალი საფრთხეების წინააღმდეგ გასაიდუმლოებული შესაძლებლობები უნდა შეემოწმებინა.

  • წყაროების ცნობით, ეს ტესტირება პირდაპირ უკავშირდებოდა ირანის ომს და მიზნად ისახავდა ირანის ყველაზე ღრმად განთავსებულ მიწისქვეშა ობიექტებზე დარტყმების სიმულაციას.

აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებს დარტყმები 2025 წლის ივნისშიც მიაყენა (ოპერაცია Midnight Hammer). მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკვანძო ლოკაცია მართლაც განადგურდა, როგორც ამერიკელმა გენერალმა კანონმდებლებს განუმარტა, ისფაჰანის მიწისქვეშა ობიექტის მხოლოდ შესასვლელები ჩაიხერგა, რადგან არსებული ბუნკერმრღვეველი ბომბები (MOP) მას მთლიანად ვერ გაანადგურებდა.

ამჟამად სამხედროები ახალი თაობის ბუნკერმრღვეველ იარაღის პროტოტიპის შექმნაზე მუშაობენ, მასზე კონტრაქტი 2025 წლის სექტემბერში გაიცა, ხოლო ივნისში სამხედრო-საჰაერო ძალებმა თავდაცვის სექტორს ოფიციალური მოთხოვნები წარუდგინა.

თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, რომ “უაით სენდსის“ პოლიგონზე გათხრითი სამუშაოები 16-18 თებერვალს დაიწყო. აღსანიშნავია რომ “წერაქვის მთის“ მსგავსად, “უაით სენდსის“ საგამოცდო ობიექტიც გრანიტის კლდეშია გამოკვეთილი. გარდა ამისა, წყაროს ცნობით “Pickaxe Mountain“- ზე აშშ-ის სამხედროებს დარტყმის ოპერატიული გეგმა უკვე მომზადებული აქვთ, ის ამერიკული არსენალის ყველაზე მძლავრი ბომბებს გამოყენებას ითვალისწინებს, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა ეს საბრძოლო მასალა საკმარის სიღრმეზე შეღწევას.

გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2026 წელს “წერაქვის მთის“ ობიექტზე სამუშაოები აქტიური გათხრებიდან შიდა მშენებლობაზე და გარე გამაგრებაზე გადავიდა. გაიზარდა ტრანსპორტის მოძრაობა, გამაგრდა გვირაბის შესასვლელები და დაიგო შიდა გზათა ქსელი. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე მშენებლობის გამო ობიექტი ურანის გამდიდრებისთვის ჯერ მზად არ არის.

წყარო