ავტორი:

პოლონეთში ქართველი “კანონიერი ქურდი“ დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა პასპორტს იყენებდა - რას წერს ადგილობრივი მედია

პოლონეთში ქართველი “კანონიერი ქურდი“ დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა პასპორტს იყენებდა - რას წერს ადგილობრივი მედია

“პოლონელმა მესაზღვრეებმა ვარშავის “შოპენის სახელობის აეროპორტში“ დააკავეს ქართველი, რომელიც “კანონიერ ქურდად“ მოიაზრება,“ - ამის შესახებ პოლონური გამოცემა წერს. ფაქტი 1 სექტემბერს მოხდა. როგორც სააგენტო იუწყება, დაკავებული 39 სხვადასხვა ქვეყნის პასპორტით სარგებლობდა.

მას პოლონეთისა და შენგენის ზონაში შესვლა 10 წლით აეკრძალა, რის შემდეგაც მისი დეპორტაცია თბილისში განხორციელდა.

  • პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ვარშავის აეროპორტში საბერძნეთიდან ჩაფრინდა, სადაც მესაზღვრეებმა შეამოწმეს. ოპერატიული ცნობების მიხედვით, მამაკაცი კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ფიგურა იყო.

“შემოწმებისას დადგინდა, რომ იგი პოლონეთში უკანონოდ იმყოფებოდა და შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის.

მონაცემთა ბაზების სიღრმისეულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ ქართველს სხვადასხვა დროს, სავარაუდოდ, 39 სხვადასხვა პასპორტი ჰქონდა გამოყენებული.

როგორც ირკვევა, ვარშავაში დაკავებამდე მას ევროპის სხვა ქვეყნებთანაც ჰქონდა პრობლემები: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ნასამართლობის გამო, საფრანგეთმა მას ქვეყანაში შესვლა მანამდე აუკრძალა.

გერმანიის სამართალდამცავმა უწყებებმა იგი ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფთან სავარაუდო კავშირისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკების გამო აღრიცხვაზე აიყვანეს,“ - წერს გამოცემა.

დაკავებულს ბრალი წაუყენეს ყალბი პერსონალური მონაცემების გამოყენებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში. თავად ბრალდებულმა უარყო წაყენებული ბრალდება და გამომძიებლებს საკუთარი განმარტება მისცა.

საბოლოო გადაწყვეტილებით, მას დაუყოვნებლივ დაატოვებინეს პოლონეთის ტერიტორია, დაუწესდა 10-წლიანი აკრძალვა პოლონეთსა და შენგენის ზონის ქვეყნებში, რის შემდეგაც იგი თბილისის მიმართულებით პირველივე რეისით გამოაბრუნეს.

წყარო