ავტორი:

"მის თვითმფრინავს ლამის დრონმა დაარტყა" - რა მოხდა მოლდოვაში და რა დეტალები ხდება ცნობილი ვოლოდიმირ ზელენსკის ნორვეგიაში ვიზიტზე?

"მის თვითმფრინავს ლამის დრონმა დაარტყა" - რა მოხდა მოლდოვაში და რა დეტალები ხდება ცნობილი ვოლოდიმირ ზელენსკის ნორვეგიაში ვიზიტზე?

"ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს ლამის დრონმა დაარტყა, როდესაც ნორვეგიაში მოფრინავდა", - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა.

“მის თვითმფრინავს ლამის დრონმა დაარტყა, როდესაც ის მოლდოვიდან ფრინდებოდა. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ის დგას”, - განაცხადა სტორემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 8 სექტემბერს მოლდოვიდან ნორვეგიაში ჩავიდა, რათა მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვაში მიეღო მონაწილეობა.

ზელენსკის თვითმფრინავი ოსლოს აეროპორტში

მანამდე მოლდოვისა და ნორვეგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრენა კიშინიოვიდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეფერხდა.

ოთხშაბათს ზელენსკი დაესწრო ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვას, რომელიც 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცერემონიიდან მალევე მან დატოვა ნორვეგია და ისლანდიაში გაჩერებით კანადაში გაემგზავრა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში AFP-ის წყარომ ზელენსკისთვის საფრთხის შესახებ განცხადებებს "გადაჭარბებული“ უწოდა. "მოლდოვაში განგაში გამოცხადდა, როდესაც დრონი მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა“, - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

თუმცა ბრიტანული გაზეთ Financial Times-ის წყარომ, რომელიც პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, დაადასტურა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის სიტყვები საფრთხის შესახებ და ივარაუდა, რომ ეს იყო რეაქტიული ძრავის მქონე «Shahed»-ის ტიპის რუსული დრონი.

FT-სთან ინტერვიუში ანონიმურმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა არ გამორიცხა, რომ დრონი შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის ბორტზე ყოფილიყო დამიზნებული, რადგან იგი თვითმფრინავს საკმარისად ახლოს მიუახლოვდა.

ოთხშაბათს ზელენსკი ნორვეგიის მეფის დაკრძალვას დაესწრო

FT-ის წყაროს ცნობითვე, ზელენსკიმ დრონის ჩამოსაგდებად უკრაინული გამანადგურებლის, F-16-ის ჰაერში აწევის წინადადება წამოაყენა. უკრაინის ხელისუფლებამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

დრონის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ზიანი მიმდგარა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან არსებულმა სახელმწიფო მდივანმა, ბჰანუჯა რასიახმა NRK-ს განუცხადა: "უცნობია, რამდენად ახლოს იყვნენ დრონები მის თვითმფრინავთან“.

ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა და ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოისმინა ზელენსკის ნაამბობი მომხდარის შესახებ.

"როდესაც მას შევხვდით, მან მოგვიყვა იმის შესახებ, რაც გუშინ საღამოს მოხდა. არ მინდა ყველა დეტალის გამჟღავნება, მაგრამ მისი გაფრენა შეფერხდა და თვითმფრინავს საფრთხე ემუქრებოდა“, - განუცხადა სტოლტენბერგმა NRK-ს.

  • გამშვები პუნქტის დაცხრილვა და დრონები მოლდოვაში

9 სექტემბერს რუსეთის სამხედროებმა დარტყმა მიაყენეს უკრაინისა და მოლდოვის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "სტაროკაზაჩიეს“. შედეგად, ხელისუფლების მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებიც გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდნენ, კიდევ სამი კი დაშავდა.

დაზიანებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი უკრაინასა და მოლდოვის საზღვარზე

მოლდოვის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ზელენსკის თვითმფრინავს აფრენის ნებართვა მას შემდეგ მიეცა, რაც მოლდოვის ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა დააფიქსირა. მანამდე საჰაერო სივრცე დაიხურა, რის გამოც სამი გაფრენა და ოთხი დაფრენა შეფერხდა.

ოფიციალური პირების მონაცემებით, რომლებსაც Reuters ეყრდნობა, მოლდოვის საჰაერო სივრცეში სამშაბათს ორი რუსული დრონი შევიდა. ერთი მათგანი კიშინიოვის ჩრდილოეთით მდებარე მინდორში ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია; მეორემ ფრენა განაგრძო და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსული დრონების შეჭრას "ადამიანების სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხე“ უწოდა და უკრაინის საზღვართან მდებარე გამშვებ პუნქტზე რუსეთის დარტყმა დაგმო.

ზელენსკის თვითმფრინავი დრონების საფრთხეს პირველად არ შესჯახებია. 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში BBC-სთვის ცნობილი გახდა, რომ ირლანდიის მთავრობამ მიიღო ინფორმაცია ქვეყნის ცაზე უცნობი დრონების გამოჩენის შესახებ დაახლოებით იმ დროს, როდესაც დუბლინში უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი უნდა დაშვებულიყო.