ავტორი:

აზერბაიჯანში, ზიპლაინზე მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს 27 წლის მოქალაქე ემსხვერპლა - რას წერს ადგილობრივი მედია?

აზერბაიჯანში, ზიპლაინზე მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს 27 წლის მოქალაქე ემსხვერპლა - რას წერს ადგილობრივი მედია?

8 სექტემბერს, აზერბაიჯანში, საბაგიროზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, მათგან ერთო საქართველოს მოქალაქეა. გარდაცვლილი ახალგაზრდა უჯალ ბაირამოვია. იგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მკვიდრი იყო, რის თაობაზეც ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს.

  • რას წერს მომხდარზე აზერბაიჯანული მედია?

ტრაგედია შექის რაიონში, სოფელ ბაშ ქუნგიუთის მიმდებარედ, დასასვენებელ ცენტრ "შექი იაილასის" ტერიტორიაზე დატრიალდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ზიპლაინიდან გადმოვარდნის შედეგად ორი ვიზიტორის დაღუპვის ფაქტზე.

როგორც Report-ი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, გამოძიება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314.3 მუხლით (გულგრილობა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება) მიმდინარეობს.

"გარდაცვლილების ვინაობა ცნობილია - ესენი 27 წლის უჯალ ბაირამოვი და 31 წლის ჯოშგუნ მამედზადე არიან, რომლებმაც Zipline-ის ატრაქციონით ისარგებლეს. ლითონის კონსტრუქციის დეფორმაციის გამო, რომელზეც საბაგირო სისტემა იყო მიმაგრებული, ძირითადი მექანიზმი ტროსიდან გადავიდა. დაზიანდა დამატებითი დამცავი (უსაფრთხოების) აღჭურვილობაც.

ჯოშგუნ მამედზადე

შედეგად, ორივე მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს ტრაგედიის ადგილი და დაღუპულთა ცხედრები. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო, ტექნიკური და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტიზები. ჩატარდა სხვა საჭირო საგამოძიებო მოქმედებებიც.

ამჟამად დგინდება შემთხვევის ყველა გარემოება, მათ შორის მისი მიზეზები და პირობები, Zipline-ის მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა და მისი ექსპლუატაციის შესაბამისობა უსაფრთხოების მოთხოვნებთან. გამოძიების შედეგების მიხედვით მომხდარს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსტრემალური გართობისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც გასართობი მიზნებით გამოიყენებოდა, სავალდებულო წესით იყო დაზღვეული და გავლილი ჰქონდა უსაფრთხოების შემოწმება.

ყველა საჭირო დოკუმენტი გადაეცა რაიონულ პროკურატურას", - წერს Report.

აქტივისტ სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, გარდაცვლილი უჯალ ბაირამოვი აზერბაიჯანში, მეუღლესთან ერთად, ქორწინების წლისთავის აღსანიშნავად იმყოფებოდა.

"07.09.2025 - ქორწილის დღე

07.09.2026 - გარდაცვალების დღე

ქორწინების ერთი წლისთავის აღსანიშნავად წასული ახალგაზრდა წყვილისთვის ეს დღე ტრაგედიით დასრულდა", - წერს ის სოციალურ ქსელში.