ავტორი:

უმძიმესი კადრები ფილიპინებიდან, სადაც სამგზავრო ბორანზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა - დაღუპულია 5 ადამიანი, 80-ზე მეტი დაკარგულად მიიჩნევა (ფოტოები)

უმძიმესი კადრები ფილიპინებიდან, სადაც სამგზავრო ბორანზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა - დაღუპულია 5 ადამიანი, 80-ზე მეტი დაკარგულად მიიჩნევა (ფოტოები)

ფილიპინებში, პალავანის კუნძულთან, სამგზავრო ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ფილიპინების სანაპირო დაცვამ (PCG) სამძებრო სამუშაოებში რამდენიმე გემი და სხვა ტექნიკა ჩართო. მაშველები სპეციალურ დრიფტის მოდელირების სისტემასაც იყენებენ, რათა დაადგინონ, რა მიმართულებით შეიძლებოდა დინებასა და ქარს გადარჩენილები წაეღო.

ხელისუფლების ინფორმაციით, ბორანზე 117 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის 43 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ხუთი კი დაიღუპა. შესაბამისად, 80-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა ოფიციალური მონაცემები შესაძლოა სამძებრო ოპერაციის მიმდინარეობასთან ერთად შეიცვალოს.

სანაპირო დაცვის პრესსპიკერის, ნოემი კაიაბიაბის განცხადებით, მაშველები ბორანზე ასვლას ვერ ახერხებენ. გემიდან კვლავ ამოდის სქელი კვამლი, ხოლო ძლიერი სიცხე და შესაძლო აფეთქებების საფრთხე სამაშველო ოპერაციას ართულებს.

ბორანი მანილას ბასეკოს პორტიდან პალავანის პროვინციის ქალაქ კორონისკენ მიემართებოდა. კორონი ფილიპინების ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ცნობილია დაივინგის ადგილებით, ულამაზესი პლაჟებითა და კუნძულებს შორის მოგზაურობის შესაძლებლობით.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო