ავტორი:

Apple-მა დასაკეცი აიფონი Duo წარადგინა: 2 000-დოლარიან მოწყობილობას ახალი დირექტორის პირველ, რისკიან ნაბიჯად აფასებენ - რა გამოწვევები ახლავს შეცვლილ დიზაინს?

Apple-მა დასაკეცი აიფონი Duo წარადგინა: 2 000-დოლარიან მოწყობილობას ახალი დირექტორის პირველ, რისკიან ნაბიჯად აფასებენ - რა გამოწვევები ახლავს შეცვლილ დიზაინს?

Apple-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ ტერნუსის ხელმძღვანელობით, კომპანიამ პირველი დასაკეცი iPhone, სახელწოდებით Duo წარადგინა.

Duo წიგნის მსგავსად იკეცება და გაშლის შემდეგ პატარა iPad-ს წააგავს, დაკეცილ მდგომარეობაში კი - ფართო iPhone-ს. აშშ-ში მისი ფასი 1,999 დოლარიდან დაიწყება და 3,199 დოლარს მიაღწევს.

ტერნუსის თქმით, მოწყობილობის დიზაინი iPad-ით არის შთაგონებული, თუმცა კომპანია ცდილობდა, ბაზარზე უკვე არსებული დასაკეცი სმარტფონების დიზაინი არ გაემეორებინა. მისი განცხადებით, ზოგიერთი კონკურენტის დასაკეცი მოდელი "ერთმანეთზე დაკეცილ ორ ტელეფონს“ ჰგავს, რაც ეკრანის რეალურ ზომას ვიზუალურად ამცირებს.

კომპანია დასაკეც iPhone-ზე რამდენიმე წელია მუშაობს. თავად ტერნუსსაც მის შექმნასთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა - აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე ის Apple-ის აპარატურის ინჟინერიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

Forrester-ის წარმომადგენლის, დიპანჯან ჩატერჯის შეფასებით, დასაკეცი iPhone შესაძლოა Apple-ის ისტორიაში ძვირადღირებულ და პრესტიჟულ პროდუქტად დარჩეს, თუმცა კომპანიის გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ვერ შეუწყოს ხელი.

მისი თქმით, Duo-ს Apple Vision Pro-ს მსგავსი ბედი ელის - მოწყობილობა, რომლის ფასი 3,699 დოლარია, ფართო მომხმარებელში განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს.

დასაკეცი ტელეფონების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება მომხმარებლების ჩვევებიცაა.

მილანეზის თქმით, ასეთი მოწყობილობები ბევრისთვის საინტერესოა, თუმცა ჩვეულებრივი სმარტფონიდან დასაკეც მოდელზე გადასვლა მომხმარებლისგან გარკვეულ ადაპტაციას მოითხოვს, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების თვალსაზრისითაც.

iPhone კვლავ Apple-ის მთავარი პროდუქტია და კომპანიის წლიური გაყიდვების ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს. Apple-ის განცხადებით, ბოლო პერიოდში მის სმარტფონებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო.

პრეზენტაციაზე Apple-მა ასევე წარადგინა ახალი iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max. აშშ-ში მათი საწყისი ფასი, შესაბამისად, 1 199 და 1 299 დოლარი იქნება.

Apple-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე Siri-ის განახლებული ვერსიაა, რომელსაც კომპანია Siri AI-ს უწოდებს.

ახალი ასისტენტი iPhone 18-იდან დაწყებულ მოდელებში იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებლის მოწყობილობაში შენახულ ინფორმაციასთან ექნება წვდომა, მათ შორის ტექსტურ შეტყობინებებსა და ელექტრონულ ფოსტაზე - ამის საშუალებით Siri AI შეძლებს კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას, კითხვებზე პასუხის გაცემასა და მომხმარებლის სახელით სხვადასხვა მოქმედების შესრულებას.

ტერნუსმა Apple-ის ხელოვნური ინტელექტის ახალ სისტემას "ინტელექტუალური პერსონალური ცენტრი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მას მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ძალიან პირადი დეტალების გათვალისწინება შეეძლება. მისივე თქმით, Apple მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების უმეტესობა პირდაპირ ტელეფონში იმუშავებს, ამიტომ მონაცემების სხვა კომპანიებისთვის გაგზავნა საჭირო არ იქნება.

წყარო