„ლიტერატურა ყველაზე ჯადოსნური სამყაროა“ - დათო ტურაშვილი „ბიბლუსი talks-ის“ პოდკასტში გიორგი კეკელიძესთან

„ლიტერატურა ყველაზე ჯადოსნური სამყაროა“ - დათო ტურაშვილი „ბიბლუსი talks-ის“ პოდკასტში გიორგი კეკელიძესთან

მწერალი და სამშობლო - ეს არის თემა, რომელზეც შეიძლება უსასრულოდ იმსჯელო, თუმცა ვერ ამოწურო, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე საქართველოს ისტორიას ეხება. გიორგი კეკელიძემ პოდკასტში „ბიბლუსი talk-ს“ ამ მუდამ აქტუალურ საკითხზე მსჯელობისთვის მოიწვია ვინ, თუ არა დათო ტურაშვილი - მწერალი და სამოქალაქო აქტივიზმით გამორჩეული საზოგადოებისთვის ძვირფასი პიროვნება.

პოდკასტში სტუმარმა საინტერესოდ მიმოიხილა ქვეყნის ისტორიის რამდენიმე მონაკვეთი: გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ სინამდვილე და პროპაგანდისტული მითები, ერეკლე II-ს ფაქტორი, 9 აპრილი, 1876 წლის ხალდეს ბრძოლა, ისაუბრა ალექსანდრე II-ზე, დავით სარაჯიშვილსა და ვანო სარაჯიშვილზე, ქართული ენის აკრძალვაზე, საბჭოთა პერიოდისგან დატოვებულ ტრავმებზე, განათლების მნიშვნელობასა და მწერლის როლზე.

პოდკასტიდან გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მონაკვეთს, რომელშიც მწერალი თავის გამოცდილებასა და განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს.

  • როგორ აღმოაჩინა დათო ტურაშვილმა წიგნები და იქცა აქტიურ მოქალაქედ

დათო ტურაშვილი იხსენებს, 1978 წელს, მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებული არგენტინით აღფრთოვანებულმა 12 წლის ბავშვმა როგორ აღმოაჩინა, რომ თავისი სამშობლო იმპერიას ჰყავდა დაპყრობილი, შემდეგ კი როგორ შეაბიჯა ჯადოსნურ ლიტერატურულ სამყაროში:

„აქტიური მოქალაქე ფეხბურთის გამო გავხდი. 12 წლის ვიყავი, როცა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ვნახე. ჩემი მეხსიერება იწყება სწორედ 1978 წლიდან, როცა ვნახე, როგორ იზეიმა არგენტინამ მსოფლიო თასის მოგება. ვგულისხმობ მარიო კემპესის არგენტინის ნაკრებს. ისეთი დღესასწაული იყო ბუენოს-აირესში და ისეთი ბედნიერი იყო არგენტინელი ხალხი, რომ ვუყურებდი, მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებიც თუ გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი, მეც ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი. პირველად სწორედ იმ ღამეს გამიჩნდა სურვილი, რომ პროკლამაციები გამევრცელებინა. პატარა ვიყავი და დილით აღმოვაჩინე, რომ არათუ ნაკრები არ გვყავს, არათუ ფორმები, ბუცები და გამაშები არ გვაქვს, არ გვაქვს დროშა და საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არსებობს. თურმე სხვა სახელმწიფოს ნაწილი ვართ - მის მიერ დაპყრობილი და აქედან გამიჩნდა გააქტიურების სურვილი.

შემდეგ ყველაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა წიგნებმა. სხვათა შორის, ძალიან „მიშველა“ შეყვარებულმა, რომელმაც პირველ პაემანზე მკითხა, თუ გაქვს სელენჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ წაკითხულიო. მე არ მქონდა წაკითხული და შეყვარებულმა მითხრა, რომ ჯერ ეს წაიკითხე და შემდეგ დანარჩენზე ვილაპარაკოთო. სახლში არ მქონდა ეს წიგნი და მივაკითხე ფალიაშვილის ქუჩაზე ძალიან მაგარ ბიბლიოთეკას. სულ იქ დავდიოდი. ეგრევე გამოვიტანე ეს წიგნი და ალბათ ყველაზე გარდამტეხი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ იმის შემდეგ ვეღარ გავჩერდი. ამ წიგნზე მივხვდი ალბათ, რომ ლიტერატურა ყველაზე ჯადოსნური სამყაროა. სხვათა შორის, ეს ბიბლიოთეკა მდებარეობდა პირველ სართულზე და იყო ძალიან გრძელი და მისი სუნი და ყველაფერი მახსოვს.

90-იან წლებში მოხდა ის, რომ დაგვამარცხა ფულმა, რაც ახლაც გვჭირს. მე მაშინ არ ვიცოდი, რომ ფული ასე დაგვამარცხებდა. პირველად ეჭვი მაშინ გამიჩნდა ამ ბიბლიოთეკის მაგალითზე, რომ მას ჯერ ერთი ოთახი ჩამოაჭრეს და კომერციული ობიექტი გახსნეს, მერე მეორე... ახლა დარჩენილია ერთ პატარა ოთახი, რომელშიც ვერ შეხვალ. ჩემს თვალწინ მოხდა ეს, რომ ფულმა დაამარცხა წიგნი, ლიტერატურა და ყველა ღირებულება, რაც ყველაზე ძვირფასია.

სხვათა შორის, გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჩემი კლასელი აკა მორჩილაძე იყო.

  • დათო ტურაშვილის და აკა მორჩილაძის ურთიერთობა

დათო ტურაშვილი და აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) თანაკლასელები იყვნენ. დათო ტურაშვილი იხსენებს პერიოდს, როცა სკოლაში აკა მორჩილაძის წიგნებისკენ „აპარებდა ხოლმე თვალს“:

„არ ვიცი, დედამისის დამსახურება იყო თუ მამამისის, გადასარევი მშობლები ჰყავდა და მოჰქონდა ხოლმე წიგნები, რომლებსაც ერთად ვკითხულობდით. ისეთი წიგნებიც მოჰქონდა, რომ ჩემს წიგნზე მეტად ისინი მაინტერესებდა და შუაში რომ გვედო, ვკითხულობდი.

ესეც მახსოვს, პირველ პროკლამაციას რომ ვადგენდი, მე და გიო უკვე სკოლას ვამთავრებდით. 200 წელი სრულდებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან, უცნაურად დაემთხვა და პროკლამაციაც ამის საწინააღმდეგოდ შევადგინეთ.

  • რატომ იყო რთული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმის გააზრება, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტერი არ იყო:

დათო ტურაშვილმა ისაუბრა საბჭოთა კავშირის მიერ დატოვებულ მანკიერებებზე, რომლებმაც ქართველები ერთმანეთს დააპირისპირა:

„საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, სადაც არანაირი განსხვავებული აზრი არ არსებობდა. ადამიანებს პატარაობიდანვე ასე ზრდიდნენ. მე გამიმართლა, ჩვენ კარგი მასწავლებლები შეგვხვდნენ და არ შეგვხებია ეს’’.

საბჭოთა სისტემა ნიშნავდა იმას, რომ ყველა ერთნაირები უნდა ვყოფილიყავით და არათუ განსხვავებული აზრი, სხვადასხვანაირი ვარცხნილობაც კი არ უნდა ჰქონოდა არავის. პირველ სექტემბერს რომ მიხვიდოდი გრძელი თმით, ორ სექტემბერს შეგაჭრიდნენ. აზროვნება ხომ მითუმეტეს, ყველანი ერთნაირები უნდა ვყოფილიყავით. ამიტომაც გასაგებია, რომ როცა რამდენიმე ათეული წელი განსხვავებულად მოაზროვნეებს ხვრეტდნენ, აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ, ქმნიდნენ მომხმარებელ, ერთნაირ ჰომოსოვიეტიკუსს - ადამიანებს, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ განსხვავებულები და გამორჩეულები, ამ სამოცდაათწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ დამოუკიდებლობა რომ აღვადგინეთ ობიექტურად ძნელი იყო, მიმხვდარიყავი, რომ ადამიანი, რომელიც ჩემგან სრულიად განსხვავდება აღარ არის ჩემი მტერი და შემიძლია, მას დაველაპარაკო. მეტიც, რომ თავისუფლება ნიშნავს აზროვნებას, აზროვნების კატეგორიას, სადაც ადამიანი ხვდება, რომ როგორც არ უნდა განვსხვავდებოდეთ, ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ საზოგადოებაში, რადგან განსხვავებული აზრები მოსულა.

საბჭოთა კავშირის დროს არანაირი განსხვავებული აზრი არ არსებობდა - დახვრეტა ან დაპატიმრება. ამიტომ რომ დამთავრდა საბჭოთა კავშირი, ჩვენ, ვინც აღმოვაჩინეთ, რომ შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით, აღმოვჩნდით მტრები. 90-იანი წლებია, გამოვდივარ იმ ბირჟაზე, სადაც ვიდექი ხოლმე, სადაც გავიზარდე და იქ დამხვდა უბნელი ავტომატით და ასეთი რამ მითხრა - „რუსები რა **** არიან, ისე იაფად გვაძლევენ ავტომატებსო“. სადღაც ვაკე-საბურთალოს გზაზე თბილისის ომის დროს ძალიან იაფად კი არ აძლევდნენ იარაღს, ურიგებდნენ იმისათვის, რომ ჩვენ ერთმანეთი დაგვეხოცა. რუსები მიხვდნენ, რომ ჩვენ სრულიად ადვილად დავხოცავთ ერთმანეთს მხოლოდ იმის გამო, რომ ერთმანეთს არ ვეთანხმებით.

წარმოგიდგენიათ, რა მარტივად, როგორ მოგვატყუა იმ ხალხმა, რომელსაც ჩვენ ზემოდან ვუყურებდით და დავცინოდით.

გასაგებია, რომ იმ ომის დროს საშინელება მოხდა, მე რომ მკითხო, პირველი დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებლად არჩეული ხელისუფლების იარაღით დამხობა ისეთი ტრაგიკული რამეა, რომ ჩვენ ახლაც ვერ გამოვდივართ იქიდან და ახლაც იმას ვიმკით. თითქოს ამ წყევლის ქვეშ ვართ, იმიტომ რომ ვინც ეს გააკეთა, გასაგებია, რომ ეს პირდაპირ შედიოდა რუსების ინტერესში. იყო ხალხი, რომელიც ბრმად გახდა ამ რუსული ინტერესის იარაღი, მაგრამ ისეთი ხალხიც იყო, ვინც გულწრფელად ფიქრობდა, რანაირად შეიძლებოდა, ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონოდა ანუ მიაჩნდა, რომ მას როგორიც უნდოდა საქართველო, მხოლოდ ისეთი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ისეთი ნიშნავდა ბედნიერს და თავისუფალს და ამის გამო სხვას ტყვიას ესროდა“.

ობიექტურად არ აღმოვჩნდით მზად ამ აზროვნებისთვის, ამ თავისუფლებისთვის, თავისუფლება გონებაშია.

  • არის თუ არა ცოდნა საუკეთესო ინვესტიცია?

დათო ტურაშვილმა გაიხსენა დავით სარაჯიშვილის როლი განათლების ხელშეწყობაში:

„მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ალექსანდრე მეორის დროს დაიწყო ეკონომიკის თვალსაზრისით რეფორმაცია და მათ შორის საქართველოშიც შეიცვალა სიტუაცია - გაჩნდნენ არა მხოლოდ სხვა ეროვნების მდიდარი ადამიანები, არამედ ქართველებიც.

ილია ჭავჭავაძე მთელი ცხოვრება ქადაგებდა, რომ ნუ გეშინიათ ფულის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ბანკის, პირიქით, თუ გინდათ, რომ წინ წავიდეთ და განვვითარდეთ, ეს აუცილებელია. მოკლედ, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცეს დასაწყისში გაჩნდნენ შეძლებული ქართველები.

თანამედროვე ქართულ ბიზნესშიც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან განათლების ფასსა და აუცილებლობას, მაგრამ უფრო ხშირად ისინი ალბათ ამას ხვდებიან თავიანთი შვილებისთვის. მე მგონია, რომ ისე, როგორც ეს ესმოდა დავით სარაჯიშვილს, მათ დიდ ნაწილს ასე არ ესმის.

ვინც შექმნა მეოცე საუკუნის საქართველო, ძირითადი ნაწილი დავით სარაჯიშვილის დაფინანსებულია. ის სტუდენტებს გზავნიდა ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და შემდეგ ის ხალხი რომ დაბრუნდა, შექმნა საქართველო.

ერთადერთი, ვინც დავით სარაჯიშვილმა არ დააფინანსა იყო დიდი ტალანტი - ვანო სარაჯიშვილი, იმიტომ რომ ჩემი მოგვარეა და ხალხი რას იფიქრებსო. წარმოგიდგენიათ, რა წესიერი ხალხი ვიყავით საბჭოთა ოკუპაციამდე? რომ კაცი ფიქრობდა, მოგვარის დაფინანსება ნეპოტიზმში არ ჩამითვალონო“.

(R)