მქონდა საშუალება მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელიც პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს.
მისივე თქმით, „ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის“.
"სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე სხვადასხვა მხრიდან მოსაზრებების, პოზიციების მოსმენა, იმისთვის, რომ სამომავლოდ ქვეყანამ ჩამოაყალიბოს სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის.
გუშინაც მქონდა საშუალება მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს ასეთი საუბრებისთვისაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.