ჩინეთის აღმოსავლეთით, ცინგდაოს პორტში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს უცხოური დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-ის ცნობით, ხომალდზე იმყოფებოდა 42 ადამიანი, რომელთაგან 17-ის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო 5 დაშავებული საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.


ტრაგედია ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:15 საათზე (გრინვიჩის დროით 03:15 საათზე) მოხდა, როდესაც ქალაქ ცინგდაოს გემთსაშენში გემზე სარემონტო-ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა სამ საათზე ცოტა მეტ ხანში შეძლეს.
სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ფოტოებისა და გემების მეთვალყურეობის სისტემა MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, დაზიანებული ხომალდი არის 190 მეტრის სიგრძის, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი “Ocean Melody“, რომელიც ცინგდაოში 31 აგვისტოს შევიდა.
ცინგდაო ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ჰაბია და მსოფლიოში ყველაზე დატვირთულ პორტებს შორის შედის.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. სააგენტო AFP-სთან საუბრისას თვითმხილველმა აღნიშნა, რომ გემიდან შავი, სქელი კვამლი ამოდიოდა, თუმცა აფეთქების ხმა მას არ გაუგია.
მომხდართან დაკავშირებით ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამაშველო და სამძებრო სამუშაოების მაქსიმალური მასშტაბით ჩატარება მოითხოვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ლი ციაინმა კი ხაზი გაუსვა გემზე ჩარჩენილი ადამიანების სასწრაფო გადარჩენისა და შესაძლო მეორადი კატასტროფების თავიდან აცილების აუცილებლობას.
ეს ტრაგედია მოხდა თითქმის ერთი თვის შემდეგ მას შემდეგ, რაც ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია ფუძიანის გემთსაშენში მომხდარ აფეთქებას 1 მაშველი ემსხვერპლა, ხოლო 12 ადამიანი დაშავდა.