სხვადასხვა წყაროს თანახმად, ჩინეთი საკუთარ შეიარაღებულ ძალებში ჰუმანოიდი რობოტების ინტეგრირებას განიხილავს. ამ ნაბიჯის მიზანი არმიის მოდერნიზაცია და ახალ ტექნოლოგიებთან და თანამედროვე ომის რეალიებთან ადაპტაციაა, რაც რობოტექნიკის მილიტარიზაციის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ოფიციალურმა გამოცემამ (PLA Daily) პეკინში ჰუმანოიდი რობოტების თამაშების დასრულებიდან რამდენიმე დღეში მოუწოდა ხელისუფლებას, რომ აღნიშნული ტექნოლოგიური მიღწევები ქვეყნის დასაცავად, საბრძოლო იარაღად იქნეს გამოყენებული

ეს მოწოდება სი ძინპინის ხელისუფლებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ჩინეთი ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გამოვლენილია ასზე მეტი ფაქტი, რომლებიც სამხედრო შესყიდვებს, თავდაცვის მრეწველობის მასალებს, პატენტებსა და აკადემიურ კვლევებს უკავშირდება.

მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის არსებულმა მწვავე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ჩინეთს საკუთარი კვლევითი პროგრამის შექმნა აიძულა. პროგრამის საბოლოო მიზანი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში საბრძოლო ველზე რობოტების გამოყვანაა.

Reuters-ის მიერ მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, ჩინეთის არმიის პირველი ნაბიჯს ჰუმანოიდი რობოტების შესყიდვა და მათი ისეთ სფეროებში გაწვრთნა წარმოადგენს, როგორიც მაგალითად გარემოს აღქმა და ობიექტებით მანიპულირებაა, რათა მათ ბრძოლის ველზე ჯარისკაცების გვერდით ყოფნა შეძლონ.

ჩინეთის უპირატესობას ჰუმანოიდური რობოტიკის მაღალგანვითარებული შიდა ინდუსტრია წარმოადგენს. BofA Global Research-ის (Bank of America-ს გლობალური ფინანსური კვლევების დეპარტამენტი) მონაცემებით, ამ ტექნოლოგიის გლობალური მიწოდების 95%-ს სწორედ ჩინელი მწარმოებლები უზრუნველყოფენ.

2022 წლიდან უკრაინაში მიმდინარე ომი ამ ტიპის ტექნოლოგიების მნიშვნელოვან საგამოცდო პოლიგონად იქცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დრონები, რომლებმაც სრულად შეცვალეს სახმელეთო დაზვერვის ტრადიციული სისტემები და როგორც ეფექტურმა იარაღმა, თავიანთი პოტენციალი დაამტკიცეს, რაც შეეხება რობოტებს, ისინი ძირითადად მარაგების ტრანსპორტირებისა და დაჭრილების ევაკუაციისთვის გამოიყენებიან.

ჩინეთის არმიის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, დაჩქარებული წესით შემუშავებულმა ავტონომიურმა სისტემებმა ისეთი ამოცანები უნდა შეასრულონ, რომლებიც ადრე ადამიანის ჩართულობასა და სიცოცხლის რისკს მოითხოვდა.

“იმ ადგილებში გაგზავნა, სადაც ადამიანების ყოფნა არ გვსურს, რობოტების შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივია. თუ რობოტის დაკარგვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს, მაშინ ის სრულად ჩანაცვლებადი ხდება“,- განუცხადა Reuters-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორმა დენის ჰონგმა.

ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა ტექნოლოგიის იმ დონემდე დახვეწა, რომ საბრძოლო მოქმედებებში შეიარაღებული რობოტები გამოჩნდნენ. კარნეგი - მელონის უნივერსიტეტის პროფესორი აარონ ჯონსონი ორ მთავარ დაბრკოლებას გამოყოფს: მაღალ ღირებულებასა და გაუთვალისწინებელ სიტუაციებთან ადაპტაციის დაბალ საიმედოობას.

Xi'an-ის NUDT-ის საგამოცდო ცენტრის მკვლევართა 2025 წლის სტატიის თანახმად, ადამიანებისა და რობოტების ერთობლივი შტურმის მოდელი ჰუმანოიდებს, რობოტ-ძაღლებსა და უპილოტო ტექნიკას მოიცავს. ამ სქემაში ჰუმანოიდები ავანგარდის როლს შეასრულებენ და მტრის მიერ დაკავებული შენობების გაწმენდაზე იზრუნებენ.

მკვლევარები ამჟამად ჰუმანოიდი რობოტების ისეთ ფუნქციურ გაუმჯობესებაზე მუშაობენ, როგორებიც გარემოს აღქმა, წონასწორობა და გამძლეობაა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კიდურების მობილობასა და მანიპულაციას, რაც მათ დაბრკოლებებზე ცოცვის საშუალებას მისცემს.

PLA Daily-მ 2025 წლის ივლისის სტატიაში აღნიშნა, რომ ჩინეთის არმიის მიღწევებმა შესაძლოა 5-10 წელში ჰუმანოიდური ძალების სრული განლაგება უზრუნველყოს. ტექნოლოგია “საბრძოლო მხარდაჭერიდან უშუალო ფრონტალურ საბრძოლო როლზე“ გადავა, სადაც რობოტები, ჯარისკაცების მეთვალყურეობით, ადამიანურ სამიზნეებისთვის ცეცხლის გახსნასაც კი შეძლებენ.

ჩინეთმა ჰუმანოიდი რობოტების სამხედრო გამოყენებაზე მუშაობა 2024 წელს დაიწყო, როდესაც ეროვნულმა თავდაცვის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა (NUDT) და სამხედრო მეცნიერებათა ჩინურმა აკადემიამ თავდაცვის ტექნოლოგიების ფორუმი მოაწყვეს, სადაც ცალკე სესია სწორედ ამ თემას დაეთმო.
არსებული ფაქტების გათვალისწინებით, ბრიტანული სააგენტო ხაზს უსვამს ჩინეთის ინტერესს ჰუმანოიდების მილიტარიზაციის მიმართ. ამის მაგალითია Fuxi რობოტი (მწარმოებელი თავდაცვის სახელმწიფო გიგანტი Norinco), რომელსაც თვალთვალის, დაზვერვის, პატრულირებისა და მაღალი რისკის მქონე მისიების შესრულება შეუძლია.

აღნიშნული მიმართულებით მხოლოდ ჩინეთი არ მუშაობს. Reuters-ის ცნობით, საბრძოლო რობოტების შემუშავებაში სერიოზულ ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატების არმიაც დგამს. ამაზე მათ მიერ გამოცხადებული “მილიტარიზებული ჰუმანოიდური შესაძლებლობების“ შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსი მოწმობს, მთავარი პირობა ჰუმანოიდებმა ჯარისკაცების გვერდით მუშაობა უნდა შესძლონ.
მიუხედავად ამისა, ბრიტანული სააგენტო აღნიშნავს, რომ აშშ ამჟამად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინეთს რობოტების განვითარების ყველა ასპექტში, როგორც ორფეხა (ჰუმანოიდები), ისე ოთხფეხა (რობოტი-ძაღლები) სისტემების მიმართულებით.