სკანდალური გამოდგა გასულ კვირას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილი მორიგი წერილი. ეს პირველი წერილია, რომელშიც ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც ახსენებს. ტექსტში ის უფლებადამცველად მოხსენიებული ლაზარე ჯორბენაძის საეჭვო თვითმკვლელობის ფაქტს ეხება, მაგრამ ამბობს ასევე, რომ "საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით "კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს". ლაზარე ჯორბენაძე, რომლის საერო სახელიც, როგორც ირკვევა, ზურაბი იყო, გაზეთ "ასავალ-დასავლის" ხშირი რესპონდენტი გახლდათ და სხვადასხვა დროს მედიაში სასულიერო პირის, ყოფილი პოლიტიკოსისა და უშიშროების ვეტერანის სტატუსით ჩნდებოდა. მიმდინარე წლის დამდეგს სწორედ ამ გამოცემაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯორბენაძე ამტკიცებდა, რომ ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო დოკუმენტს, რომლითაც დავითგარეჯის ტერიტორიის ნაწილი დათმო. მას ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, თუმცა ამბობდა, რომ დოკუმენტი თავად ჰქონდა ნანახი. ღარიბაშვილი თავის წერილში ახსენებს სწორედ ამ ინტერვიუს... როგორც ექსპრემიერი წერს, მას ინტერვიუს შეკვეთას აბრალებდნენ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე, მოგვიანებით კი გაიგო, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა. ეს 2026 წლის აპრილში მოხდა და ოფიციალურად თავიდანვე თვითმკვლელობის ვერსია განიხილებოდა. თუმცა ახლობლებს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს ამ ვერსიაში ეჭვი თავიდანვე ეპარებოდათ.
"ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებით და მიმდინარე პროცესებზე საუბრით იწყება ინტერვიუ ექსპერტსა და კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძესთან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა:
- გარეჯის თემასთან დაკავშირებულ პროცესებში ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან ვარ ჩართული. ა.წ. თებერვალში, როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა ლაზარე ჯორბენაძის გავრცელებული ეს ინფორმაცია, შევეცადე გამეგო, რაზე დაყრდნობით ამბობდა ამას და რა ტიპის დოკუმენტი ჰქონდა ნანახი. სხვათა შორის, თავად ინტერვიუშიც არის ასეთი მომენტი, როდესაც ჟურნალისტი ეკითხება, თუ რატომ არ გადაიღო დოკუმენტი, ის ამბობს, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ეს თავისთავად გასაგები და ლოგიკურიცაა - ალბათ, მართლაც არ შეიძლებოდა გადაღება, მაგრამ, იმის თქმა ხომ შეეძლო, თუ რა ტიპის დოკუმენტზე ლაპარაკობდა - ეს შეთანხმების ტექსტი იყო, დოკუმენტის პროექტი, ხელშეკრულება თუ სხვა რამ. მოკლედ, ამის თაობაზე მას არაფერი უთქვამს, აქედან გამომდინარე, მე მაშინ მივიჩნიე, რომ ეს არ იყო ისეთი სერიოზული დოკუმენტი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირდა.
ამასობაში ეს ადამიანი გარდაიცვალა კიდეც. მე კი, მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვიძიე ამ დოკუმენტის ასლი და ვერც ის გავარკვიე, კონკრეტულად რაზე იყო საუბარი. ჩემი ინფორმაციით, რაც კი გადასაცემი იყო, სააკაშვილმა 2007 წლის მაისში გადასცა. თავად სააკაშვილმაც თქვა მსგავსი რამ, თუმცა, ობიექტური სიმართლე რომ ვთქვათ, არც სააკაშვილის ამ ნათქვამთან დაკავშირებული დოკუმენტი მინახავს. უბრალოდ, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იყო აზერბაიჯანის ინტერესი გარკვეული სტრატეგიული სიმაღლეების მიღებასთან დაკავშირებით და რომ თითქოს ეს ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ფურცელზე, დოკუმენტურად ეს არსად გვინახავს. ამის ერთ დამადასტურებლად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ჩიჩხიტურის მონასტრის სიახლოვეს და ქედზე განლაგებულ სხვა სალოცავებში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და ქართველ მომლოცველებს იქ არ უშვებდნენ; ხოლო ის, რომ კობახიძემ და დღევანდელმა ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს კიდევ რაღაც (განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ სიტყვას "კიდევ"), ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მე ვერ მოვიპოვე და ვერც რეალური ქმედებები ვნახე. უშუალოდ ველაპარაკე გარეჯაში მოღვაწე სასულიერო პირებს და მათაც არაფერი იცოდნენ და რომ არც აზერბაიჯანული მხრიდან გადადგმულა კონკრეტული ახალი ნაბიჯი იქ რაიმე ტერიტორიის დასაკავებლად.
ასე რომ, გამიჭირდება შევაფასო, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს. რამდენად შეიძლება ეს ნათქვამი მართალი ყოფილიყო, ამაზეც ვერაფერს ვიტყვი, რადგან საგნობრივად მტკიცებულება არ გამოჩენილა.
რაც შეეხება იმას, თუ რა მოჰყვა ღარიბაშვილის წერილს, პირადად მე მიკვირს თავად ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომელიც არ არის ისეთი კონკრეტული, რომ ეს ეჭვები გააქარწყლოს. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მთავრობამ ბევრად უფრო მკაფიოდ და გასაგებად თქვას, რა მოხდა სინამდვილეში ან საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, მკაფიო პასუხი არ ჩანს. მიმაჩნია, რომ ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც გარეჯის თემაა, ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ.
- მინდა ამ პროცესს პოლიტიკური შეფასება მივცეთ - დავიწყოთ იმით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით და გავიხსენოთ, რომ მასზე ლაპარაკი თავის ცნობილ წერილებში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო... ბოლო გზავნილში კი მდინარაძისგან პროცესი ნელ-ნელა გადავიდა კობახიძეზე. დღეს კი ვხედავთ, რომ ამ თემაზე პროკურატურაში სრულიად უცნაურ პირებს იბარებენ მხოლოდ იმის გამო, რომ სადღაც საჯარო განცხადებები გააკეთეს და რეალურად ამ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვთ, რაც ასევე ძალიან უცნაურია. კონკრეტული ფიგურანტები, ვინც ღარიბაშვილმა დაასახელა, ჯერ არ გამოუკითხავთ. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე, რას ცდილობს ღარიბაშვილი, რეალურად რა შეიძლება ელოდებოდეს კობახიძის გუნდს და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან, თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილს?
- ეს რთული კითხვაა. ფაქტია, სამთავრობო კულუარებში შიდა ბრძოლაა. ისიც ფაქტია, რომ ყოფილი თანამებრძოლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც უაღრესად არასასიამოვნო სანახავია. ღარიბაშვილი კორუფციულ ქმედებებში იყო დადანაშაულებული და მისი პოზიციაც გასაგებია - ის შეეცადა ეს ბრძოლა სხვა სიბრტყეზე გადაეტანა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ მარტო თვითონ არ აღმოჩენილიყო დარტყმის ქვეშ და მთავრობის შეცდომებსა თუ გადაცდომებში მხოლოდ ის არ იყოს დადანაშაულებული. ღარიბაშვილი ახლა თავდაცვის რეჟიმშია.
თუმცა ღარიბაშვილის წერილშიც კი არ ჩანს კონკრეტიკა იმისა, თუ ვისი ლიკვიდირებული და ჩამოცილებულია ჯორბენაძე. ეს მხოლოდ ვერსიაა.
თავისთავად ის ბრძოლა, რაც ამ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს, რეალური ფაქტია. ამ დაპირისპირებაში ორივე მხარემ - იქნება ეს ღარიბაშვილი თუ მეორე მხარე - უკვე გადადგა ძალზე სახიფათო ნაბიჯები. ეს არის საზოგადოებისთვისაც არასასიამოვნო და თავად მათთვისაც სახიფათო ქმედებები. ერთ-ერთმა ასეთმა ნაბიჯმა კონკრეტული ადამიანი ციხის კარამდე მიიყვანა, ხოლო მეორე მხარის ქმედებებმა გამოიწვია ისეთი ვნებათაღელვა და კითხვები, რომლებზეც ჯერ პასუხები არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, გამორიცხული არ არის, მდგომარეობა უფრო გართულდეს.
რაც შეეხება ივანიშვილს, ის ამ ყველაფრის შუაში კი არა, თავშია. საქმე ის არის, რომ სწორედ ის ქმნის შიდა პოლიტიკის სტრუქტურულ ჩარჩოს და მასში აქტიურად მონაწილეობს. ჯერ ერთი, ის არის ამ პარტიის დამფუძნებელი და, მეორე, დღეს უკვე საპატიო თავმჯდომარეა. მიუხედავად ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ ამ სტრუქტურის მუშაობაში მისი სიტყვა ყოველთვის გადამწყვეტია. შეიძლება ცალკეული დარგების მიხედვით ყველაფერს დეტალურად არ აკონტროლებს, მაგრამ თავად სტრუქტურის მუშაობაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ეს არც არასდროს დაუმალავს. ამიტომ რთული სათქმელია, ხვალ რა ნაბიჯები გადაიდგმება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ორივე მხარემ სახიფათო ნაბიჯები უკვე გადადგა.
- რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ პროცესის გაგრძელებას შეიძლება მთავრობის მნიშვნელოვნად შეცვლა მოჰყვეს?
- არაფერს გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ჩვენს პრაქტიკაში ეს არაერთხელ მომხდარა. ბოლო 14 წლის ამბებს ვგულისხმობ, თუმცა არც მანამდე ხდებოდა ისე, რომ მთავრობები არ შეცვლილიყო; ახლაც იმავე ვითარების წინაშე ვდგავართ. გააგრძელეთ კითხვა