ავტორი:

"ქრთამის ნაწილი უშუალოდ კახაბერ გვანცელაძის მიერ გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცემოდა" - რას ამბობს პროკურორი გრიგოლ ლილუაშვილის საქმესა და მასთან საპროცესო შეთანხმების საკითხზე?

"ქრთამის ნაწილი უშუალოდ კახაბერ გვანცელაძის მიერ გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცემოდა" - რას ამბობს პროკურორი გრიგოლ ლილუაშვილის საქმესა და მასთან საპროცესო შეთანხმების საკითხზე?

ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, არც ადვოკატების და არც ბრალდებულის მხრიდან არ გაჟღერებულა. ვვარაუდობ, ეს არის ტაქტიკა, ისინი ელოდებიან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, გრიგოლ ლილუაშვილი დღეს მიცემულ ჩვენებაში შეეცდება ყველა პირისგან და ბრალად წარდგენილი ქმედებებისგან დისტანცირდეს.

"საქმეში გამოკვეთილი სხვადასხვა გარემოებებიდან, მათ შორის, საქმეში ფიგურანტი პირების, ურთიერთობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, კითხვები არის.

ერთი ეპიზოდის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დანაშაულებრივი ჯგუფის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, იმ დროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. კერძოდ, ისინი იღებდნენ თანხებს, ქრთამს ე.წ. ატკატების სახით და ამავე დანაშაულებრივი ქმედების მფარველობისათვის ქრთამის ნაწილი უშუალოდ კახაბერ გვანცელაძის მიერ გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცემოდა. ასევე, ბრალად გვაქვს წარდგენილი თაღლითური "ქოლ ცენტრების" მფარველობა, სადაც დადგენილია რომ მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა "ქოლ ცენტრების" საქმიანობაში, ამ "ქოლ ცენტრებთან" დაკავშირებული ყველა პირი დაკითხულია, ვისაც რამე ინფორმაცია შეიძლებოდა ჰქონოდა. გრიგოლ ლილუაშვილს ასევე ვედავებით ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.

ანდრია ლილუაშვილი უკვე დაკითხულია, გრიგოლ ლილუაშვილი მაქსიმალურად ეცდება დისტანცირდეს მისგან, როგორც მასთან საქმიან შემხებლობაში მყოფი. თუმცა, ამას პირდაპირ გამორიცხავს მათ შორის არსებული მიმოწერა. ასევე, დარწმუნებული ვარ, ეცდება ყველასგან დისტანცირდეს, ყველა იმ პირისგან, ვინც საქმეში ფიგურირებს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების იმ თანამშრომლებისგან, რომლებიც "ქოლ ცენტრების" საქმიანობაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები, მათ ანდრია ლილუაშვილთან ჰქონდათ კავშირი. დარწმუნებული ვარ, ის ყველა ფაქტობრივ მოცემულობას უარყოფს. ასევე, ვფიქრობ, ის დიდ დროს დაუთმობს იმაზე საუბარს, რომ რა მითითება და ბრძანებაც არ უნდა გაეცა დაცვის იმ წევრებისათვის, რომლებიც მან სამსახურიდან წასვლის შემდეგ პირად დაცვაში წაიყვანა, დაცვის წევრები მას არ დაემორჩილებოდნენ და წესების შესაბამისად იმოქმედებდნენ.

ამ ეტაპისთვის, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, არც ადვოკატების და არც ბრალდებულის მხრიდან არ გაჟღერებულა. ვვარაუდობ, ეს არის ტაქტიკა, ისინი ელოდებიან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.