ავტორი:

მასშტაბური ხანძარი კონგოში, რომლის დროსაც 300-მდე შენობა განადგურდა - მხოლოდ 2 სკოლაში, სულ მცირე, 26 ბავშვი დაიღუპა

მასშტაბური ხანძარი კონგოში, რომლის დროსაც 300-მდე შენობა განადგურდა - მხოლოდ 2 სკოლაში, სულ მცირე, 26 ბავშვი დაიღუპა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, მასშტაბური ხანძრისას, ორ სკოლაში, სულ მცირე, 26 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძლიერი ხანძრის დროს შენობებიდან გაქცევა პანიკამ და მასობრივმა ჭყლეტამ გაართულა.

შემთხვევა კადუტუს კომუნაში, დაახლოებით დილის 8 საათზე მოხდა. ცეცხლი უჯამაასა და ფურაჰას სკოლებში გავრცელდა. საბოლოოდ კი 300-ზე მეტი შენობა განადგურდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენისთანავე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შენობებიდან გამოსვლა სცადეს. ვიწრო დერეფნებში ადამიანების დიდი რაოდენობა შეიკრიბა, რასაც პანიკა და ჭყლეტა მოჰყვა.

ადგილობრივი ადმინისტრატორის, მოსე ლუბალას განცხადებით, რამდენიმე მოსწავლემ შენობიდან გამოსვლა ვერ შეძლო და კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა.

რეგიონში მოქმედი M23-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაღუპულ 26 ბავშვს შორის 19 გოგონა და 7 ბიჭია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ათობით ადამიანს დამწვრობა აღენიშნება, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ მეზობელ შენობაში გაჩნდა და შემდეგ სკოლების მიმართულებით სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები მუშაობდნენ. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს.

პოლიციამ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

წყარო