სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 509 ბავშვი შეადგინა, 22 224 ადამიანი კი გარდაიცვალა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დემოგრაფიული პროცესის მთავარი მოტივატორი და წინაპირობა არის არა იმდენად სხვადასხვა ეკონომიკური თუ ფინანსური პირობები, არამედ ადამიანური მოტივაცია.
"დემოგრაფიული გამოწვევები არ არის მხოლოდ ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს აქვს, ეს ზოგადი ტენდენციაა, მათ შორის ევროპულ სივრცეში. სამწუხაროდ, პირდაპირი კორელაცია არსებობს კეთილდღეობის ზრდასა და შობადობის კლებასთან. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ადამიანები ყურადღებას აქცევენ თავის კარიერას და ასე შემდეგ, დეტალებში არ შევალ, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. სტატისტიკას და მსოფლიო რუკას რომ შეხედეთ, თუ სად არის დაბალი, მაღალი შობადობა და შეადაროთ ეკონომიკური ზრდის ტემპებს, მიხვდებით, რომ გარკვეული კავშირი არსებობს. რაც შეეხება ამ საკითხის გადაწყვეტას, ეს არის გამოწვევა, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტები არ არსებობს. არის სხვადასხვა პროგრამები, რომლითაც სახელმწიფო ცდილობს, წაახალისოს ოჯახები, რომ წყვილებმა შვილებზე იფიქრონ. ამ ხელისუფლებამ შემოიღო უფასო ბაღები, რაც "ნაციონალური მოძრაობის“ დროს ფასიანი იყო. სკოლები თავისთავად უფასო არის, უმაღლესი განათლება არის უფასო. ასევე, არის სხვა მხრივ წახალისებები. პარლამენტი ამ საკითხზე ყოველდღიურად მუშაობს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. სტატისტიკას რაც შეეხება, საქართველოს სტატისტიკა გვაჩვენებს ერთ საინტერესო მოვლენას, რომ საქართველოში მესამე და მომდევნო შვილის სტატისტიკა არის სტაბილურად მაღალი. სხვათა შორის, ეს სტატისტიკა არის მას შემდეგ, რაც ჩვენმა პატრიარქმა , ილია მეორემ თავის დროზე დაიწყო მესამე და შემდეგი შვილის მონათვლის პროცესი. მას შემდეგ ეს სტატისტიკა გაიზარდა და დღემდე მაღალია. სამწუხაროდ, დაბალი სტატისტიკა არის პირველ და მეორე შვილზე, რაც აჩვენებს, რომ ან დაოჯახების რაოდენობაა ნაკლები ან წყვილები პირველ და მეორე შვილთან დაკავშირებით თავს იკავებენ ან გვიან შეეძინებათ ხოლმე. მესამე შვილთან დაკავშირებით სტაბილურად მაღალი სტატიკა ერთ რამეს გვაჩვენებს, რომ მთავარი მოტივატორი და წინაპირობა, მათ შორის დემოგრაფიული პროცესის, არის არა იმდენად სხვადასხვა ეკონომიკური თუ ფინანსური პირობები, არამედ ადამიანური მოტივაცია, რომ ოჯახს ჰყავდეს შვილი, გაზარდოს და ასე შემდეგ. ამას სხვადასხვა მოტივაციები აქვს, როგორც ემოციური, ისე ეკონომიკური. სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება, კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, ოჯახები თავს იკავებენ იმიტომ, რომ დაკავებული არიან ჯერ კარიერით და შემდეგ გეგმავენ. დაგეგმვის მიმართ კულტურის შემოსვლა ბავშვის გაჩენის თუ მისი გაზრდის დაგეგმარებაში გადადის. ის, რაც მანამდე სპონტანური, ემოციური იყო, რომ ბევრი შვილი ჰყოლოდათ, დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, შობადობის ზრდასთან დაკავშირებით საბაზისო ეკონომიკურ პირობებთან ერთად, მნიშვნელოვანია ემოციური და კულტურული მოტივატორები.