ავტორი:

განადგურებული კურორტები, ჩაძირული პორტი და დაღუპულები - ჰავაის თავს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა: გუბერნატორი დონალდ ტრამპს სასწრაფოდ დახმარებას სთხოვს (ფოტო)

განადგურებული კურორტები, ჩაძირული პორტი და დაღუპულები - ჰავაის თავს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა: გუბერნატორი დონალდ ტრამპს სასწრაფოდ დახმარებას სთხოვს (ფოტო)

ჰავაის კუნძულებს დამანგრეველმა ქარიშხალმა “ლოუელმა“ გადაუარა, რასაც სულ მცირე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიამ მძიმედ დააზიანა ინფრასტრუქტურა, სანაპირო კურორტები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ხელისუფლება ტურისტებს მოუწოდებს, ჯერჯერობით თავი შეიკავონ კუნძულ კაუაიზე გამგზავრებისგან.

სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ჰავაის ერთ-ერთი მცირე დასახლებული კუნძული ლანაი, სადაც ერთადერთი სატვირთო პორტი მწყობრიდან გამოვიდა. ეს ნავსადგური კუნძულის 3 300 მცხოვრებს საკვებითა და საწვავით ამარაგებს. შტატის ოფიციალური პირების განცხადებით, პორტში გაჩნდა ღრმული, დაზიანდა პირსის ნაწილი, ხოლო სატვირთო კონტეინერები წყალში მიმოიფანტა, რის გამოც მის აღდგენას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. ამჟამად მიმდინარეობს ალტერნატიული გზების დაგეგმვა მოსახლეობისთვის მარაგების მისაწოდებლად. აღსანიშნავია, რომ კუნძულ ლანაის თითქმის სრულ ნაწილს 2012 წლიდან მილიარდერი ლარი ელისონი ფლობს, რომელმაც ის 300 მილიონ დოლარად შეიძინა.

მომხდარი ნგრევის მასშტაბებით ეს არის ყველაზე მძიმე კატასტროფა ჰავაიზე 1992 წლის მე-4 კატეგორიის ქარიშხალ “ინიკის“ შემდეგ, რომელმაც კაუაი გაანადგურა და 3 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ატლანტიკის ოკეანეში ქარიშხლების სეზონი შედარებით მშვიდი იყო, წყნარ ოკეანეში აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული უკვე ოთხი ქარიშხალი დაფიქსირდა.

ქარიშხლის მიერ გამოწვეულმა ძლიერმა ტალღებმა და ქარმა კუნძულ კაუაიზე გზები დააზიანა და ჩარეცხა, დაანგრია საცხოვრებელი სახლების კედლები და დატბორა სანაპიროს კურორტები. ერთ-ერთ სასტუმროში წყლის ნაკადი პირდაპირ ლობიში შევარდა, გადააყირავა ავეჯი და ტერიტორია ნანგრევებით გაავსო. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ კუნძულზე ათასობით მომხმარებელი, მათ შორის რამდენიმე კურორტი რჩება.

  • სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა: კაუაის სამხრეთ ნაწილში მაშველებმა სანაპიროსთან 74 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც, პოლიციის ვარაუდით, შტორმის დროს დაიღუპა. კიდევ ერთი მამაკაცი კუნძულ ოაჰუზე დაიღუპა, როდესაც ქარიშხლის დროს წაქცეული უზარმაზარი ხე პარკში მდგარ მის კარავს დაეცა.

ტურისტული სააგენტოები მოგზაურებს მოუწოდებენ, გადადონ ვიზიტები კაუაიზე ან სხვა კუნძულზე გადამისამართდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი კაუაის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია და ყოველ 10 სამუშაო ადგილზე 4 სწორედ ამ სექტორზე მოდის, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კუნძულს ჯერ აღდგენა სჭირდება.

შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, ჰავაის დემოკრატმა გუბერნატორმა ჯოშ გრინმა ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა თხოვნით, გამოაცხადოს მასშტაბური კატასტროფის მდგომარეობა კაუაისა და მაუის ოლქებისთვის, რათა ფედერალური დახმარება დაჩქარებული წესით გამოეყოს.

წყარო