როდესაც ამ ზაფხულს ლონდონში აუტანელი სიცხეები დაიჭირა, მოსახლეობამ საკუთარ სახლებში უცნაური მოვლენები შეამჩნია: კედლებზე ანაზდად ზიგზაგისებური ბზარები გაჩნდა, კარები გაიჭედა, ხოლო ფანჯრის ჩარჩოები გამრუდდა.
ექსტრემალური სიცხე მრავალ პრობლემას უქმნის ქვეყანას, რომელიც ასეთი პირობებისთვის მზად არ არის: იხურება სკოლები, იღუნება რკინიგზის ლიანდაგები და როგორც აღმოჩნდა მიწაში იძირება სახლებიც.

ლონდონი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის სხვა რეგიონებთან ერთად, ნიადაგის ჯდომის (სუბსიდენციის) ეპიცენტრში მდებარეობს, რასაც ანომალიურად ცხელი და მშრალი ამინდები განაპირობებს. ცხელი ტალღები აშრობს ქალაქის გრუნტს, რის გამოც მიწა იწევს, იკუმშება და შენობებს ქვემოთ ექაჩება.
“დღესდღეობით ნიადაგის ჯდომა დიდი ბრიტანეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი გეოლოგიური საფრთხეა,“ -აცხადებს ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის (BGS) წარმომადგენელი. ექსპერტები კი აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდება, ამას კაცობრიობის მიერ წიაღისეული საწვავის მოხმარება და პლანეტის გახურება განაპირობებს.
ქალაქი განსაკუთრებული რისკის ქვეშაა, რადგან ნიადაგი გაფართოებად მინერალებს შეიცავს, რომლებიც უაღრესად მგრძნობიარეა ტენიანობის ცვლილებისადმი. ამასთან, ლონდონი ტრადიციულად ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპერატურული მაჩვენებლებით გამოირჩევა.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ხეები და მცენარეები. სიცხეში მათი ფესვები წყლის საძიებლად უფრო ღრმად და შორს მიიწევს. ისინი ხშირად ტენს უახლოესი სახლების საძირკვლის ქვეშ პოულობენ, აშრობენ გრუნტს და იწვევენ მის შეკუმშვას.

ძველი ნაგებობები პრობლემის მიმართ უფრო მოწყვლადია, რადგან მათ შედარებით ზედაპირული საძირკველი აქვთ , ლონდონის საცხოვრებელი სახლების ნახევარზე მეტი კი 1945 წლამდეა აშენებული.
ბრიტანული სადაზღვევო კომპანია Aviva-ს მონაცემებით, 2030 წლისთვის ქალაქის მრავალ რაიონში შენობების 100%-ს შესაძლოა ნიადაგის ჯდომის საფრთხე დაემუქროს. მათ შორის ისეთ ცენტრალურ უბნებს, როგორებიცაა კენსინგტონი, სიტი და ვესტმინსტერი.
გრუნტის ჯდომა ხშირად შეუმჩნევლად და ნელა მიმდინარეობს, თუმცა მას მასშტაბური ზიანის მიყენება შეუძლია.
კვლევის თანახმად, გლობალური დათბობის ამჟამინდელი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, 2070 წლისთვის მხოლოდ ლონდონში ქონების 26%-ზე მეტი შეიძლება დაზარალდეს.