ავტორი:

“თუ ნატო ბირთვულ ობიექტებს ლიეტუვას ტერიტორიაზე განათავსებს, ეს სახელმწიფო ჩვენი სამიზნე გახდება“ - რუსეთის ახალი მუქარა და წინადადება, რომელსაც ლიეტუვას პარლამენტი განიხილავს

“თუ ნატო ბირთვულ ობიექტებს ლიეტუვას ტერიტორიაზე განათავსებს, ეს სახელმწიფო ჩვენი სამიზნე გახდება“ - რუსეთის ახალი მუქარა და წინადადება, რომელსაც ლიეტუვას პარლამენტი განიხილავს

“თუ ეს ბალტიისპირეთის სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე ნატოელი მოკავშირეების ბირთვულ არსენალს განათავსებს, ლიეტუვა რუსეთის სამიზნე გახდება“, - ამის შესახებ გასულ პარასკევს კრემლის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ლიეტუვა იმ კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმებას გეგმავს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას კრძალავს. საკანონმდებლო ცვლილება ამჟამად პარლამენტში განხილვის ეტაპზეა, მის მისაღებად ხმათა ორ მესამედზე მეტია საჭირო.

ინიციატივას მხარს უჭერენ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ისე წამყვანი პოლიტიკური პარტიები. შესაძლოა, ცვლილება ძალაში უკვე ამ ზამთარს შევიდეს.

  • “ეს დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული შემობრუნება იქნება, თუ ჩვენკენ მომართული ბირთვული იარაღი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსდება, შესაბამისად, ეს ტერიტორიაც ჩვენი ბირთვული იარაღის სამიზნეში მოექცევა“, - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიას.

მაისში ნატოს გამანადგურებლები ჰაერში იმ დრონების გასანეიტრალებლად აფრინდნენ, რომლებიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის თავზე დაფიქსირდა. ამ ინციდენტის დროს ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. რუსეთის მოკავშირე ბელარუსის საზღვართან უპილოტო საფრენი აპარატების აქტივობის გამო, ვილნიუსის მცხოვრებლებს თავშესაფრებში გადასვლა ურჩიეს.

დასავლელი ოფიციალური პირების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ფრონტის ხაზის სტაგნაციის ფონზე, მოსკოვმა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ იერიშები გააძლიერა. რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებმა (პოლონეთი, ლიეტუვა, რუმინეთი) საჰაერო სივრცის სხვადასხვა დარღვევა დაადასტურეს, თუმცა კრემლის “ჩრდილოვანი ომი“ უკვე მთელ კონტინენტზე გავრცელდა.

ტაქტიკა მკვლელობის მცდელობებს, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებების (“ნოვიჩოკი“) და რადიოლოგიური იარაღის (პოლონიუმ-210) გამოყენებას მოიცავს. ფართოდ გამოიყენება უპილოტო აპარატებიც.

დაფიქსირდა პირდაპირი მუქარები სკანდინავიასა და გერმანიაში იარაღის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელების, ასევე იმ ბრიტანული საწარმოების მიმართ, რომლებიც უკრაინის მომარაგებაში მონაწილეობენ. გარდა ამისა, რუსეთის არსენალში სულ უფრო თვალსაჩინო ადგილს იკავებს კიბერშეტევები და წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების დივერსია.

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების უმრავლესობის აზრით, პუტინი ევროპაზე პირდაპირ თავდასხმას ვერ გაბედავს, სამხედრო ექსპერტებმა ახლახან გააფრთხილეს საზოგადოება, რომ რუსეთს “ნამდვილად“ შესწევს უნარი, დრონები ევროპული ქვეყნების სიღრმისკენ მიმართოს. კრემლი თანმიმდევრულად ქმნის საიდუმლო ბაზების ქსელს, რომელთაც მთელ კონტინენტზე მძლავრი დრონ-კამიკაძეების გაშვება შეუძლიათ.

უკრაინის მთავრობის გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, რუსული დრონების უახლეს მოდელებს (Geran-4 და Geran-5) საკმარისი სიჩქარე აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან თავის ასარიდებლად და 90 კგ-მდე საბრძოლო მასალის გადატანა შეუძლიათ.

წყარო