სალომე დაარქვეს, მაგრამ ბავშვობიდან „სალუკას“ ეძახიან. სახელი იმდენად შერჩა, რომ სოციალურ ქსელებშიც ასე დაირქვა. სალუკა კოხრეიძე სამტრედიაში დაიბადა. ჯანმრთელი ბავშვი გახლდათ, სეზონური ვირუსებს თუ არ ჩავთვლით, რაც ყველა ბავშვისთვის ჩვეულებრივია, არაფერი აწუხებდა. მეოთხე კლასში იყო, თბილისში რომ გადმოვიდა საცხოვრებლად. აქაც თავს მშვენივრად გრძნობდა, გაციებაც კი არ იცოდა, რა იყო. გარდატეხის ასაკში რეინოს სინდრომი - სისხლძარღვების შევიწროება დაეწყო.
"სიცივეზე ხელები მილურჯდებოდა. სიცივეში კანი ასფალტისფერი, სპილოსკანისფერი ხდებოდა. გარეთ რომ გავიდოდი და შემცივდებოდა, კანის ფერი მაშინვე მეცვლებოდა. სითბოში რომ შევიდოდი, ისევ ჩვეულებრივ ფერს იღებდა. ამას, რა თქმა უნდა, დისკომფორტი მოჰქონდა. დედაჩემმა ექიმთან წამიყვანა. ექიმმა კი: „ოჰ, ეს არაფერია, გარდატეხის ასაკის ბრალია და გადაუვლისო“. რადგან ცუდის გამორიცხვა გვინდოდა, ვენდეთ - ძლიერი ექიმად ითვლებოდა.
დრო გავიდა, გავთხოვდი. რეინო ჩვეულებრივად მქონდა, ოღონდ, არ ვიცოდით, რა იყო. მშობიარობის შემდეგ წონაში ძალიან დავიკელი. ვიფიქრეთ, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე რომ მყავდა, ალბათ ორგანიზმი დამისუსტდა-მეთქი, მაგრამ სახის ნაკვთები შემეცვალა. ერთი წლის მერე კი გულყრა მომივიდა,“ - გვიყვება სალუკა კოხრეიძე, ადამიანი, რომელიც 12 წელია უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. საოცარია, რომ ამ ყველაფერს მოცემულობად იღებს და ცდილობს არ ფსიქოლოგიურად არ გატყდეს. ბოლომდე იბრძლოს...
სალუკა მიიჩნევს, რომ გულყრის დროს გამოძახებული სასწრაფოს ექიმი ქალბატონი უფლის გამოგზავნილი იყო... „მითხრა: აუცილებლად მიდი ანგიოლოგთან, მაგრამ რევმატოლოგთანაც მიდი, მგონია, რომ შენი დაავადება რევმატოლოგიურიაო... მეორე დილითვე წავედით რევმატოლოგთან. მითხრეს სავარაუდო დიაგნოზი: "სისტემური სკლეროდერმია" აღნიშნავს სალუკა.
- ე.ი. იშვიათ დაავადებასთან გქონდათ საქმე...
- კი, ძალიან იშვიათთან. ახლა უფრო მომრავლდა, თორემ მე რომ გავიგე მის შესახებ, საქართველოში თითქმის არავინ იცოდა. მას მერე 12 წელია გავიდა... 18 წლის გავთხოვდი, მადლობა ღმერთს, რომ გამიმართლა და სწორი ადამიანი აღმოჩნდა ჩემ გვერდით... ნაკვთების ცვლილება თავიდან მხოლოდ ტუჩებზე აისახა. დიდი ტუჩები მქონდა და თანდათან დათხელდა. კანიც მეცვლებოდა, სტრუქტურა ეცვლებოდა. ვხვდებოდი, რომ მშობიარობის მერე რაღაც პრობლემა იყო... მოკლედ, დიაგნოზის გაგებისას, ექიმმა ასეთი რეაქცია მოაყოლა: „ეს რა უბედურება დაგემართაო...“ ექვსი თვე ისეთი დეპრესია მქონდა, მეგონა, დღეები მქონდა დათვლილი... არადა, ცალკე რომ ჩამიგდო ხელში, მაშინ მითხრა...
ჩემი ქმარი სულ მუშაობდა, დედა და მამა ჩემთან ერთად იქ მაშინ არ იყვნენ. ზუსტად იმ დროს მითხრა. „ეს რა უბედურება დაგემართა, შენ საწყალო, გათხოვილი მაინც ხარ და შვილი მაინც დარჩებაო...“ კლინიკიდან რომ გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი, მამაჩემმა მაშინვე შემატყო, რომ რაღაც ცუდი მოხდა. შებრუნდა ექიმთან, იმან კი უარყო - ასეთი არაფერი მითქვამს, თვითონ არის დასტრესილიო. მამას ვუთხარი, რაც სინამდვილეში მითხრა... არადა, ამ სიტყვების ავტორი საკმაოდ ცნობილი რევმატოლოგია... ერთი თვე დამჭირდა, რომ სხვა ექიმთან წავსულიყავი და მკურნალობა დამეწყო. დედაჩემი უკვე ძალიან ცუდად იყო: „ერთი შვილი მყავხარ, წირავ თავსაც, ბავშვსაც, ქმარსაც და ჩვენც, რას აკეთებო“. აზრი აღარ აქვს, ასე მითხრეს-თქო... მერე უკვე ინფორმაცია სხვანაირად მომაწოდეს, მეც დავიწყე დაავადების გარშემო კითხვა და ძებნა...
- შემდეგ მიხვედით სხვა ექიმთან?
- ექვსი თვის შემდეგ, როგორც იქნა, მივედი ერთ-ერთ ექიმთან. რომ გითხრათ, მისი მკურნალობით კმაყოფილი ვარ-მეთქი, არა, მაგრამ ფსიქოლოგიურად შემომაბრუნა. ისე დამელაპარაკა, რომ იმედიანად გამოვედი. რთულ დაავადებასთან გვაქვს საქმე, თუმცა გააჩნია, როგორ მივუდგებით. არ იკურნება, მაგრამ სასიკვდილოც არაფერი გჭირს, უნდა მიიღო ეს მდგომარეობა და მართოო.
ამის შემდეგ უფრო აქტიურად დავიწყე ლიტერატურის კითხვა. დედაჩემის და, ჩემზე ერთი წლით უფროსია და ექიმია. მაშინ ორივე სამედიცინოზე ვსწავლობდით და მასთან ერთად დავიწყე ამ დაავადების შესწავლა.

- განათლების მიღება მოასწარით?
- სამწუხაროდ, ვერა. ჩაბარებული მქონდა, მაგრამ დაავადება იმდენად აქტიური გახდა და ისე სწრაფად მოახდინა დაზიანებები, რომ ფიზიკურად ვერ შევძელი გაგრძელება... შვიდი წლის წინ კანზე დამეწყო წყლულები, რასაც გაუსაძლისი ტკივილი ახლავს. დედას ვეუბნებოდი: „გთხოვ, სთხოვე ღმერთს, რომ მოვკვდე, ამ ტკივილს ვერ ვუძლებ-მეთქი“. ახლა რომ ვფიქრობ, დედაჩემისთვის ეს რა საშინელი მოსასმენი იყო... არც მინდა წარმოდგენა, რა დღეში ვაგდებდი, მაგრამ რეალურად ამას ვნატრობდი.
მერე არითმია დამეწყო. ექიმები მეუბნებოდნენ, ნევროზულია და არაფერია. ერთ დღესაც ძალიან ცუდად გავხდი. სასწრაფო რომ მოვიდა, გული გაჩერდა. კლინიკაში გამოვკეთდი, მაგრამ ექიმმა მითხრა, ახლა დაგაძინებთ და რამდენიმე წუთში გაიღვიძებ, არ ინერვიულოო. დაძინება ვერ მოასწრეს, ისევ გაჩერდა გული. დაახლოებით 20 წუთი დეფიბრილატორს მირტყამდნენ, რომ გავეცოცხლებინე... ახლაც მახსოვს იმ ექიმი ქალის სახე. მითხრა: „დაახლოებით 20 წელი სიცოცხლე მოვაკელი ჩემს თავს ამ ნერვიულობით, მაგრამ თქვენს გადარჩენად ღირდაო“. ერთი კვირა ინტენსიურ თერაპიაში ვიწექი. 2017 წელს გულში აპარატი - ორკამერიანი კარდიოსტიმულატორი ჩამიდგეს, რადგან ეს იყო პარკუნჭოვანი, სასიკვდილო არითმია. უკვე 9-10 წელია, ეს აპარატი მიყენია.

- უცხოეთში წასვლა მაშინ არ გიფიქრიათ?
- მერე გერმანიაში წავედი. მანამდე საქართველოში ყოველთვე ვიკეთებდი 6000-7000-ლარიან გადასხმებს. გერმანიაში რომ ჩავედი, მითხრეს: იმაზე უკეთეს მკურნალობას, რასაც საქართველოში გადიხარ, ვერ შემოგთავაზებთო. ერთადერთი, გამოგიწერთ მედიკამენტს, რომელიც სისხლძარღვებს ელასტიკურობას უნარჩუნებსო. გამოვიწერეთ ის მედიკამენტი საქართველოში.
- და რა მოხდა?
- გადასხმისას არასწორი დოზირება მოხდა, ექიმმა ვერ გათვალა, როგორ უნდა გადაესხა. ექვსი დღის განმავლობაში მისხამდნენ ძალიან დიდ დოზებს და უმძიმესად გავხდი... ზოგადად, ექვსი-შვიდი დღე უნდა გადაისხას, მაგრამ დაბალი დოზით და თითო გადასხმა მინიმუმ 10 საათი უნდა გრძელდებოდეს. ისეთი გაუსაძლისი თავის ტკივილები მქონდა, გონებას ვკარგავდი. ექიმმა კი - არაფერია, ვალიდოლი ჩაუდეთ და გაუყუჩდებაო... ტკივილისგან ყვირილი და საშინელი ტანჯვა დამეწყო. მამა თავს მიმასაჟებდა, დედა - ფეხებს. საშინელი დღეები გავიარეთ.
გადავიარეთ ეგ პერიოდიც. თურქეთში წავედით. დედაჩემი ვისგანაც გაიგებდა, რომ სკლეროდერმია ჰქონდა, ყველას გამოცდილებას ითვალისწინებდა, მიდიოდა მათ ექიმებთან... გაჭირვებული ადამიანი ყველაფერზე მიდიხარ. თურქეთში დამინიშნეს ჰორმონის დიდი დოზა, რამაც ღვიძლის დაშლა გამოიწვია... ერთ დღესაც სახლში დავსხედით მე, დედა, მამა და ჩემი ქმარი. თქვეს, საფრანგეთში ხომ არ წავსულიყავით, რადგან სხვა გზა აღარ იყო. მე უკვე საწოლს ვიყავი მიჯაჭვული.

- როგორ მოხერხდა საფრანგეთში წასვლა?
- მამაჩემის მეზობელი ცხოვრობდა საფრანგეთში 27 წელი. დიდი ხანი კონტაქტი არ გვქონდა, მაგრამ მამამ დაურეკა და უთხრა: „ბავშვი მყავს ძალიან ცუდადო“. იმ კაცმა ჰკითხა, რამდენი წლის არისო. 25-ისო. „მერე რას ელოდები, აქეთ გამოუშვიო“. ჩემმა ქმარმა იმ დღესვე თქვა: „მორჩა, ერთი კვირის ვადაში მოვაწესრიგებთ ყველაფერს და მივდივართო“. 2021 წლის დეკემბერში წამოვედით საფრანგეთში.
- ახლა რომელ ქალაქში ხართ?
- საკურორტო ზონაში ვართ, სტრასბურგთან ახლოს. ვამბობ, რომ ესენი არიან კოსმოსში! სასწაულებს ახდენენ... ოღონდ, ხუთი თვე ველოდებოდი ექიმთან მიღებას, რადგან სანამ დაზღვევა არ მოვა, მკურნალობას ვერ იწყებ. რეალურად უკვე დაინვალიდებული ვიყავი, ხელს, თავს ზემოთ ვერ ვწევდი. საბოლოოდ მოვხვდი ძლიერ ექიმთან, ძალიან გამიმართლა. მან მითხრა ასეთი სიტყვები: „ძალიან დაგვიანებული ხარ ჩამოსული. არ ვიცი, რა მოხდება, 4-5 წელი მჭირდება ამ ყველაფრისთვის. თუ ჩემთან ერთად იბრძოლებ და ხელს ჩამკიდებ, პირობას გაძლევ, მე ხელს არ გაგიშვებ, უბრალოდ უნდა მომყვეო“. რა თქმა უნდა, თანხმობა განვუცხადე. ზუსტად ოთხწელიწად-ნახევარში მიაღწია იმას, რომ დაავადება დააძინა - ახლა რემისიაშია და აქტიური აღარ არის. თუმცა, ამდენი წლის განმავლობაში დაავადებამ გულისა და ფილტვის დაზიანება მოასწრო.

- ეს ის მანამდე მომხდარი დაზიანებებია?
- დიახ, უბრალოდ საქართველოში ვერ შეისწავლეს ფილტვის რეალური მდგომარეობა. გულის წინა კედელი დასუსტებულია, კუნთები - მოდუნებული, რაც ცალკე ისტორიაა: რომ გავიგე, გული და ფილტვი მაქვს გადასანერგი, ყველაზე რთული ეტაპი იყო. სამი წლის წინ გავიგე ეს ამბავი. მაშინ პირველად დამემართა ის, რომ ენა ჩამივარდა, დამუნჯდი, გავქვავდი...
კლინიკაში ვიწექი, ექიმი ჩემს ქმარს დერეფანში ელაპარაკებოდა. ფრანგული არ ვიცოდი, ჩემმა მეუღლემ კი ინგლისური ძალიან კარგად იცის. მოკლედ, ექიმის სიტყვები ის იყო, რომ საფრანგეთში ეს ისე მარტივია, არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებთო. თუმცა იმ ღამეს, შოკისგან, როგორც ვთქვი, ენა ჩამივარდა, ვერ ვლაპარაკობდი და ერთ ღამეში ექვსი კილო დავიკელი...
სულ ვამბობ, ფსიქოლოგიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. როცა ეს დაავადება შევისწავლე და გავიგე, რომ ყველაზე რთული ფორმა მაქვს, ჩემს თავს ვუთხარი: „ან ახლა დავიწყებ ბრძოლას ჩემი შვილისთვის, ქმრისთვის, მშობლებისთვის და მერე ჩემი თავისთვის, ან საერთოდ არ ვიბრძოლებ!“ იმ დღიდან ვიცოდი, რომ ამას მოვერეოდი და რეალურად მივაღწიე მიზანს.
- გისმენთ და დიდი შინაგანი ძალის ადამიანი ხართ... თქვენი განვლილი გზა ბევრისთვის მართლა მაგალითია... მოკლედ, ახლა რემისიაში ხართ, ორგანოთა გადანერგვის საკითხი როგორ დგას?
- კი, ძალიან ბევრისთვის ვარ სტიმული და მაგალითი. თუ რამე შემიძლია ადამიანებისთვის გავაკეთო, სიამოვნებით ვაკეთებ... დაავადება იმდენად რემისიაშია, რომ გულსა და ფილტვებს აღარ აზიანებს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ. ექიმი ამბობს, რომ შეგვიძლია ეს პროცესი გავწელოთ და ამ ეტაპზე აუცილებელი არ არის გადანერგვა. თუმცა ეს გარდაუვალია, უბრალოდ დროს ვწელავთ - რაც უფრო გვიან გავიკეთებთ, მით უკეთესი... ამ ეტაპზე, მადლობა ღმერთს, სტაბილურად ვარ. ახლა კარდიოსტიმულატორის გამოცვლაც მიწევს და ეს იწვევს გარკვეულ დისკომფორტს და სტრესს, მაგრამ ვმუშაობ საკუთარ თავზე.

- უცხო ქვეყანაში ცხოვრება, ექიმებთან ურთიერთობა, ენის ბარიერი, მშობლების გარეშე ყოფნა - ესეც დამატებითი სტრესია. თითქმის ხუთი წელია, იქ ხართ. როგორ ცხოვრობს თქვენი ოჯახი ამ ყველაფრის პარალელურად? ბავშვი, მეუღლეც გაგვაცანით...
- თავიდან, რომ ჩამოვედით, მარტივად არ დაიწყო ჩვენი ამბავი. მოვხვდით ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში. გაუსაძლისი პერიოდი იყო, ორ წელი მოგვიწია იქ ცხოვრება. მერე გამოგვასახლეს და სამი თვე ქუჩაში დარჩენა მოგვიწია. ჩემმა მეგობარმა შეგვიფარა... დავრჩით ქუჩაში. საქართველოში ვერ წამოვიდოდით. ვეძებდით ბინას ქირით, მაგრამ სანამ ვიპოვიდით, ხან მანქანაში ვრჩებოდით, ხან - მეგობართან...
- ავადმყოფი, დასუსტებული ადამიანი - ქუჩასა და მანქანაში?!
- სამი თვე გაგრძელდა ეს მომთაბარე ცხოვრება. აპრილში გადმოვედით ბინაში, შუა ზამთარში მოგვიწია ასე ყოფნა. ვიქირავეთ ბინა და ახლა ვართ ძალიან მშვიდად, სტაბილურად, პატარა ქალაქში, სადაც მხოლოდ ფრანგები ცხოვრობენ. ჩემი ექიმი სტრასბურგში იყო, მერე გადაიყვანეს ნანსში - კლინიკის დირექტორად წამოვიდა და მხოლოდ ერთი პაციენტი წამომიყვანა თან, მე ვარ ნანსში მასთან. მოკლედ, ქირით ვცხოვრობთ. რადგან ლტოლვილის სტატუსზე უარი გვაქვს, დახმარებას არ გვიხდიან.
საქართველოდან გვეხმარებიან ოჯახები. ოფიციალურად ვერ იმუშავებ. ჩემი ქმარი, გეგი დავალიშვილი იურისტია და პერიოდულად ონლაინ მუშაობს. ასე გაგვაქვს თავი მშობლების დახმარებით. ჩვენი შვილი, 13 წლის ანდრია, კოლეჯში ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლეა, ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან ვამაყობთ. საქართველოში ახლა მეშვიდე კლასში იქნებოდა. მეორე კლასში იყო, აქ რომ ჩამოვიყვანეთ. ჩემი ქმარი საოცარი ბიჭია, ერთად გადავიტანეთ ყველაფერი. სულ ვამბობ, გეგი დვალიშვლი რომ არ მყოლოდა, ვერ გადავიტანდი-მეთქი. როცა ქმარი გვერდით გიდგას, ვერ გრძნობ იმ გარეგნულ სხვაობას და ისე უყვარხარ, როგორც თავიდან უყვარდი... ხანდახან რომ წავწუწუნებ ხოლმე გარეგნობაზე ან თითებზე - წყლულების გამო თითების დეფორმაცია მაქვს, ამის თქმის უფლებას არ მაძლევს.

- წყლულები პერიოდულად ისევ ჩნდება?
- შემოდგომა-ზამთარში ჩნდება. საქართველოში არასწორად რომ მისხამდნენ წამალს, იმავე გადასხმას ვიკეთებ აქაც, უბრალოდ, შესაბამისი დოზით, სპეციალური პულტით კონტროლდება. წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე ვიკეთებ, რომ გაუტკივარება მოხდეს და წყლულები არ განვითარდეს.
მამა ორჯერ იყო ჩამოსული, დედა - ერთხელ. ახლა მამას ველოდები ოპერაციის წინ. მშობლებზე ძალიან ვარ დამოკიდებული, ახალგაზრდები იყვნენ, მე რომ გავჩნდი და მათთან ერთად გავიზარდე და განვვითარდი...
- სალუკა, სოციალურ ქსელებშიც აქტიურობთ და ბევრი გამომწერიც გყავთ...
- თავიდან TikTok-ზე შემთხვევით დაიდო ვიდეო, სადაც მე და გეგი ვმღეროდით. ჩემთვის უნდა შევინახო-მეთქი ვიდეო და საჯაროდ დამიდია. მაშინ ტრენდი იყო სიმღერები, მეც გავერთე, გეგიც ამყვა... მერე რომ შევედი კომენტარებში გაუგონარი საშინელებები დამხვდა... გეგის უწერდნენ: „ვინ არის, რას ჰგავს, რა უშნოა, ბიჭო, მინისტრის შვილია თუ ვისი, ასეთი მახინჯი რამ მოგაყვანინაო...“
- და ესეც თქვენი კიდევ ერთი გამოცდა!
- კი, მაშინ ვუთხარი ჩემს თავს: ან ახლა ყველაფერს გადალახავ და შენს თავს წარმოაჩენ, ან არადა, დახარე თავი და მთელი ცხოვრება დამალულმა იცხოვრე-მეთქი. რატომ უნდა დავემალო ვიღაცას?! გულდასაწყვეტი ის არის, რომ უფროსი ასაკის ადამიანები უფრო წერენ ასეთ ცუდ კომენტარებს. აგრესიაზე არიან გადასულები.
- ამასობაში, ინფლუენსერიც გახდით...
- სახლში დამცინიან, ინფლუენსერი გახდიო. Facebook-ზე 80 000 გამომწერი მყავს, Instagram-ზე — 40 000, TikTok-ზეც 40 000-მდე. კი, იმ ნეგატივის შემდეგ მოვიკრიბე ძალა, რომ პირიქით, დამენახებინა ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. ახლა მარტო ჩემი სახელით არ ვლაპარაკობ - ვლაპარაკობ უამრავი ქალის სახელით, რომლებიც ვერ ჩნდებიან, ვისაც იგივე დაავადება აქვს. ზოგს სახის ასიმეტრია აქვს ამ დაავადების გამო და მათთვის ასმაგად რთულია. მეუბნებიან, შენ ჩვენს სათქმელს ამბობო. ჩემი ჯგუფიც შევქმენი სკლეროდერმიის მქონე გოგოებისთვის, ერთმანეთს ვაძლიერებთ... მეც ვიყავი იმედგაცრუებული. ბევრი ადამიანი მიკავშირდება და მეკითხება, საიდან ვიპოვე ძალა... ვფიქრობ, საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა. ცხოვრებაში თუ რაღაც ცუდი ხდება, მას აუცილებლად ახლავს კარგიც. ცუდს ჩავუღრმავდებით, დადებითზე გადავიტანოთ ყურადღება. თუ ბრძოლას აირჩევ, აუცილებლად მოერევი!
- არასდროს გითქვამთ - ეს მე რატომ დამემართა?
- ერთადერთხელ ვკითხე მამაოს - მე რატომ-მეთქი? რა გავაკეთე ისეთი, ეს რომ დამემართა? ბებია მყავდა შშმ პირი და 15 წლის ასაკიდან დედას და მამას ვეხმარებოდი მის მოვლაში. დიდი ამაგი მიმიძღვის მასზე-მეთქი... მამაომ მიპასუხა: იქნებ უფალმა რაღაც უფრო დიდ განსაცდელს აგარიდა, რაიმე ცუდი უნდა მომხდარიყოო. ეს რომ გავიგე, მას შემდეგ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, ერთხელაც არ მითქვამს - მე რატომ? ახლა, თუ რამე განსაცდელი მაქვს, ყოველთვის მადლობას ვეუბნები უფალს ყველაფრისთვის და თავდახრილი მივუძღვები ჩემს გზას. ყველა ადამიანს ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაქვს ცხოვრებაში. არავისზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული. თავიდან ხომ ვთქვი, ვიბრძოლებ ქმრისთვის, შვილისთვის, მშობლებისთვის და მერე ჩემთვის-მეთქი. წლების შემდეგ მივხვდი, რომ არა - შენი თავი თუ არ გიყვარს და საკუთარი თავისთვის თუ არ იბრძოლე, ვერავის გააბედნიერებ. შენ რომ ბედნიერი ხარ, გარშემოც ყველა ბედნიერია. ახლა ჩემს თავზე ვზრუნავ და ამით ჩემი გარშემომყოფებიც ბედნიერები არიან. მე რომ ვიცინი, დედაც ბედნიერია, რადგან ჩემი გაცინებაც კი სანატრელი ჰქონდა.