ავტორი:

"დროა, ვიმოქმედოთ" - გახშირებული სტიქიების გამო პირს ბროსნანი 100-მილიონიანი მამულის დატოვებას გეგმავს

"დროა, ვიმოქმედოთ" - გახშირებული სტიქიების გამო პირს ბროსნანი 100-მილიონიანი მამულის დატოვებას გეგმავს

პირს ბროსნანი მალიბუს დატოვებას გეგმავს. 73 წლის მსახიობი და მისი 62 წლის მეუღლე, კილი შეი სმიტი, შესაძლოა, იმ ოკეანისპირა მამულს დაემშვიდობონ, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტია საკუთარ სახლად მიიჩნევენ.

  • კალიფორნიის სანაპიროზე ცხოვრება, სადაც წლების განმავლობაში ხანძრებისა და მიწისძვრების საფრთხესთან უწევდათ გამკლავება, მისთვის სულ უფრო მეტად დამღლელი და შემაშფოთებელი ხდება.

„ხანძრებმა უკვე რამდენჯერმე დაგვაზარალეს. მაგრამ ვფიქრობ, დროა, ვიმოქმედოთ. ყველაფერი იცვლება, ყველაფერი ინგრევა“, — განუცხადა ბროსნანმა The Times-ს.

მსახიობმა აღნიშნა, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, მიწისძვრებისადმი განსაკუთრებით მოწყვლად ზონაში ცხოვრება მასში მუდმივ შფოთვას იწვევს.

ბროსნანის შიში მხოლოდ თეორიული არ არის. ცოტა ხნის წინ მალიბუს ერთ-ერთ ექსკლუზიურ უბანში, Sea Level Drive-ზე, დიდი ჩაღრმავება გაჩნდა. შედეგად, ტერიტორიის ერთადერთი შესასვლელი და გასასვლელი ჩაიკეტა და მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

კრატერთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა ნიკოლას ქეიჯის 10.5 მილიონი დოლარის ღირებულების ოკეანისპირა სახლიც. მალიბუს ქალაქის მენეჯერმა ჯოზეფ ირვინმა განაცხადა, რომ მომხდარი, შესაძლოა, „ერთი, იზოლირებული მოვლენა“ არ იყოს.

მალიბუში ძვირადღირებული ცხოვრების შენარჩუნებას ბროსნანისთვის მხოლოდ ბუნებრივი საფრთხეები არ ართულებდა. მსახიობმა აღიარა, რომ კარიერის გარკვეულ ეტაპებზე ფინანსური ვალდებულებების გამო ისეთ პროექტებზე მუშაობაც უწევდა, რომლებიც განსაკუთრებით არ აინტერესებდა. ბროსნანის თქმით, იპოთეკური სესხი, შვილების სწავლის საფასური და სხვა ხარჯები ზოგჯერ ნიშნავდა, რომ შემდეგი როლის მიღება უბრალოდ აუცილებელი ხდებოდა.

ბროსნანმა და კილი შეი სმიტმა მალიბუს ზღვისპირა მამულის შექმნა 2000 წელს დაიწყეს. წყვილმა ბროდ-ბიჩზე ორი მეზობელი ქონება 7.35 მილიონ დოლარად შეიძინა და მათი გაერთიანებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სტილით შთაგონებული შთამბეჭდავი კომპლექსი შექმნა.

წყვილს ქონების გაყიდვა ადრეც უცდია. ერთ ეტაპზე მამულს თვეში 120 000 დოლარად აქირავებდნენ.

„მე მიყვარს მალიბუ“, — უთხრა ბროსნანმა The Wall Street Journal-ს და აღნიშნა, რომ კალიფორნიის სანაპირო საზოგადოებასთან განსაკუთრებული კავშირი აქვს.

წყარო