ახალი ინტერაქტიული რუკა აჩვენებს, რა ბედი ელოდება მსოფლიოს მყინვარებს გლობალური დათბობის სხვადასხვა სცენარის პირობებში.
"ამ ვებსაიტის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ხეობის ან მთის რეგიონის დათვალიერება და იმის დანახვა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს გლობალური დათბობის სხვადასხვა დონე მათთვის ნაცნობი მყინვარებისთვის“, — ამბობს დოქტორი ლანდერ ვან ტრიხტი.

მეცნიერების პროგნოზით, თუ გლობალური დათბობა 1.5°C-ის ფარგლებში შენარჩუნდება, 2100 წლისთვის დღეს არსებული მყინვარების თითქმის ნახევარი შეიძლება გაქრეს. დათბობის 2.7°C-მდე ზრდის შემთხვევაში საუკუნის ბოლოს მყინვარების მხოლოდ დაახლოებით 20% შეიძლება დარჩეს, ხოლო 4°C-იანი დათბობის შემთხვევაში — დაახლოებით 10%.
რუკაზე მყინვარების მდგომარეობა სხვადასხვა ფერით არის ნაჩვენები. მუქი წითელი აღნიშნავს უკვე გამქრალ მყინვარებს, ნარინჯისფერი — მათ, რომელთა გაქრობაც 2027-2041 წლებშია მოსალოდნელი, ხოლო ღია ლურჯი იმ მყინვარებს აჩვენებს, რომლებიც პროგნოზის მიხედვით 2100 წლამდე გადარჩებიან.
მყინვარების დნობის შედეგები უკვე თვალსაჩინოა. 2026 წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ევროპის ალპებისთვის. მკვლევრების განცხადებით, ზამთარში მცირე თოვლიანობამ და ზაფხულში რამდენიმე ძლიერმა სიცხის ტალღამ რეგიონში ყინულის მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია.

„ჩვენმა პროგნოზებმა აჩვენა, რომ ალპური მყინვარების უმეტესობა სიცოცხლის დასასრულს უახლოვდება და ახლა ამ პროცესს რეალურ დროში ვხედავთ“, — ამბობს ვან ტრიხტი.
მყინვარების გაქრობა მხოლოდ ეკოლოგიური ცვლილება არ არის. ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის გარდა, მსოფლიოს მყინვარები დაახლოებით 150 000 კუბურ კილომეტრ ყინულს შეიცავს. მათი სრულად დნობის შემთხვევაში ზღვის გლობალური დონე 32.3 სანტიმეტრზე მეტით მოიმატებს.