ლედი გაგა პირველი შვილის დედა გახდა. მომღერალი ახალშობილთან ერთად დააფიქსირეს. ბავშვის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია - მათ შორის, მისი სახელი, სქესი და დაბადების ზუსტი თარიღი.
ამბის გავრცელებიდან მალევე, ლედი გაგა და საქმრო, მაიკლ პოლანსკი ერთად ჩრდილოეთ კალიფორნიაში ახალშობილთან ერთად შენიშნეს.


აპრილში მომღერალმა The Mayhem Ball-ის ტურნე დაასრულა და მას შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იშვიათად ხვდებოდა. „დეილი მეილმა“ კომენტარისთვის გაგას წარმომადგენლებს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
მომღერალი და პოლანსკი 2019 წლიდან არიან ერთად, 2024 წლის აპრილში კი დაინიშნენ. ისინი პირველად ერთად ლოს-ანჯელესში, ტექნოლოგიური მეწარმის, შონ პარკერის, დაბადების დღის წვეულებაზე გამოჩნდნენ. იმავე წლის ბოლოს წყვილი ლას-ვეგასში შენიშნეს, 2020 წლის დასაწყისში კი რომანის შესახებ უკვე საჯაროდ გახდა ცნობილი.


ბოლო პერიოდში გაგასა და პოლანსკის შესაძლო ქორწინების შესახებაც არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. თავად მომღერალმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, რომ ისინი „მალე“ დაქორწინებას გეგმავდნენ.
ლედი გაგას დედობაზე არაერთხელ უსაუბრია. 2025 წლის ოქტომბერში, „The Late Show with Stephen Colbert“-ში სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ დედობა შესაძლოა მისი „შემდეგი მთავარი როლი“ ყოფილიყო.
„ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ სინამდვილეში დედა მინდა ვიყო. იმედი მაქვს, ეს ჩემი შემდეგი მთავარი როლი იქნება“, - თქვა მან.