თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც ბრალად ყალბი რეცეპტის გაცემა ედება, 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო. ასევე, ბრალდებულ ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს, აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთაც.
სხდომაზე ბრალდების მხარე კოხტაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორის თქმით, ნევროლოგმა ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ფსიქოტროპული მედიკამენტის, გაბაპენტინის, ყალბი რეცეპტები სამჯერ დაამზადა და გასცა. ჯამში საუბარია 70 კაფსულაზე.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაკავებულის ადვოკატი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მისი განცხადებით, კოხტაშვილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა არ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად დაკავებულმაც. მისი განაცხადებით, მედიკამენტების გამოწერისას პაციენტის დახმარება მოტივი ჰქონდა და ექიმის ეთიკით ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, კოხტაშვილის დაკავების შემდეგ, სოციალური ქსელში მის მხარდასაჭერი არაერთი პოსტი დაიწერა. კოლეგები, მეგობრები და პაციენტები დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად გირაოს თანხას აგროვებენ.
ცნობისთვის, მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, მას ედავებიან, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.