კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ყალბი რეცეპტის გაცემისთვის ბრალდებული ექიმის, მაია კოხტაშვილს დაკავებას ეხმაურება:
"რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო. ერთია დაგავალონ და მეორეა, გააკეთო და კიდევ ნევროლოგების დეფიციტში, ღვთის წყალობით, ახმეტას საკუთარი ნევროლოგი ყოლია შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ მრეცხავი ვარდოს ისტორია მაგონდება. არ არის ეს ქართული, არ მოსულა, სულ ნუ "განაცდებით," - წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით ერთი ექიმი დააკავეს. მოგვიანებით, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნევროპათოლოგ მაია კოხტაშვილს აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელმაც მას დახმარებისთვის მიმართა და უთხრა, რომ ლოგინად ჩავარდნილი დედის ძლიერი ტკივილების გამო მისი კლინიკაში მიყვანა არ შეეძლო.
კოხტაშვილს, დღეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეფარდა. კოხტაშვილს სოლიდარობა მოქალაქეებმა გამოუცხადეს და 50 000 ლარი შეუგროვეს.