თერჯოლაში, დასახლებულ უბანში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს. ობიექტს რომელსაც ცნობილი იუმორისტი დავით როსტომაშვილი აშენებს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც სამუშაოები ამ დრომდე პროტესტისა და ხმაურის ფონზე გრძელდება.
ადგილზე ვითარება დაძაბულია - ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს, ხოლო მშენებლობა სამართალდამცველების ალყაში მიმდინარეობს, რათა მოსახლეობას სამუშაოების შეჩერების საშუალება არ მიეცეს. საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილე, სამი მცირეწლოვანი შვილის, დედა ეკა მაკარიძე აცხადებს, რომ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო ის თერჯოლის მერიიდან გაათავისუფლეს.