ავტორი:

ტრაგედია იავის ზღვაში - უამინდობაში დაიკარგა ბორანი, რომელზეც 243 ადამიანი იმყოფებოდა: მაშველებმა 100-ზე მეტი მგზავრი გადაარჩინეს, არის მსხვერპლი

ტრაგედია იავის ზღვაში - უამინდობაში დაიკარგა ბორანი, რომელზეც 243 ადამიანი იმყოფებოდა: მაშველებმა 100-ზე მეტი მგზავრი გადაარჩინეს, არის მსხვერპლი

იავის ზღვაში ინდონეზიურ სამგზავრო ბორანზე მყოფ 102 ადამიანს მაშველებმა მიაგნეს და გადაარჩინეს, თუმცა ერთი მგზავრი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გემთან “Virgo Transport 8“, რომელზეც სულ 243 ადამიანი იმყოფებოდა, კავშირი ძლიერი შტორმისა და უამინდობის გამო გაწყდა.

  • ინდონეზიის სამაშველო სააგენტოს ცნობით, დაკარგული მგზავრების ძებნისა და გადარჩენის მასშტაბური ოპერაცია ამ წუთებშიც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბორანი სურაბაიადან სამხრეთ კალიმანტანის ქალაქ ბანჯარმასინისკენ გადაადგილდებოდა. ბოლო ცნობით, გემიდან სიგნალი კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათზე დაფიქსირდა, როდესაც ის ბანჯარმასინიდან სამხრეთით, დაახლოებით 150 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

სტიქიის ზონაში უკვე გაგზავნილია სამაშველო გემები და ვერტმფრენი. გარდა ამისა, იავის ზღვის აღნიშნულ აკვატორიაში მყოფ ყველა სხვა ხომალდს ეცნობა, რომ მგზავრების შემჩნევის შემთხვევაში ოპერატიულად გადასცენ ინფორმაცია სამართალდამცველებს.

ინდონეზიის არქიპელაგი 17 000-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რის გამოც ბორანი მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო საშუალებაა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა რეგიონში, გასულ თვეში კუნძულ მადურასთან კიდევ ერთ ბორანს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო