"მაია კოხტაშვილს ფორმალურად ადამიანური საქციელისთვის სდევნიან, თუმცა რეალური მიზეზი სხვა რამეშია - მაია კოხტაშვილი "ოცნების" დეპუტატი იყო საკრებულოში, 2021-ში ისევ ჩაწერეს სიაში "ქოცებმა" და მან თავი ამოაღებინა სიიდან" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"რა ხდება ახმეტის კლინიკაში, სადაც მაია კოხტაშვილი მუშაობს და რისთვის დაიჭირეს ის.
პირველ რიგში, კლინიკის შესახებ ჩვენი პარტიის წევრის მონათხრობი:
"რომ მიდიხარ, ჯერ უნდა დარეგისტრირდე ოჯახის ექიმთან, იმის გამო, რომ ერთ რეგისტრატორზე მეტი არ ჰყავთ, შეიძლება რამდენიმე საათი მოგიწიოს რიგში დგომა, შემდეგ ადიხარ მეორე სართულზე ოჯახის ექიმთან, სადაც ასევე რიგში გიწევს დგომა, მას მერე რაც ოჯახის ექიმი მოგცემს მიმართვას კონკრეტულ ექიმთან, ჩამოდიხარ ისევ რეგისტრატურაში, რომ ახლა ამ ექიმთან დარეგისტრირდე და ისევ დგები რიგში, ამის მერე ადიხარ ექიმთან (იქაც რიგია, იმიტომ რომ მარტო ერთი ნევროპათოლოგია), და ამის მერე ექიმი გიწერს მხოლოდ 14 დღის საკმარ წამალს (მეტის გამოწერის უფლება არ აქვს).
ახლა წარმოიდგინეთ ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც გადაადგილება უჭირს, ყოველ ორ კვირაში ამ ჯოჯოხეთის გავლა უწევს და თუ ექიმი ადამიანურობას გამოიჩენს და მეორედ და მესამედ არ აწვალებს ამ მოხუცს და მისცემს რეცეპტს. ამის გამო დააკავეს მაია. ის დამავიწყდა დამეწერა, რომ რეცეპტის გამოწერის მერე, უნდა მივიდეს პაციენტი აფთიაქში (მხოლოდ ერთ აფთიაქს აქვს მისი გაცემის უფლება), სადაც ხელს მოაწერინებენ და მხოლოდ ამის მერე აძლევენ წამალს".
მეორე, მაია კოხტაშვილს ფორმალურად ადამიანური საქციელისთვის სდევნიან, თუმცა რეალური მიზეზი სხვა რამეშია.
მაია კოხტაშვილი კიდევ ერთი რეპრესირებული ქალია.
მაია კოხტაშვილი კიდევ ერთი რეპრესირებული ექიმია" - წერს ნიკა გვარამია.
მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, მას ედავებიან, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე იხილეთ: