მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გადაცემას "ნოესთან" სტუმრობდა, სადაც გულახდილად ისაუბრა მეუღლესთან დაშორების შესახებ. როგორც ეკა კუპატაძემ აღნიშნა, როცა მეუღლეს დაშორდა, გიგაზე იყო ორსულად.
"ვცდილობ ხოლმე, რომ ამ კითხვას მაქსიმალურად თავი ავარიდო, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია და ერთ დღეს ეს "ფრჩხილებიც" უნდა გავხსნა. ჩემამდე მოვიდა ცუდი ინფორმაცია, რომ ამბობენ, თურმე ეკა კუპატაძის ქმარს სვანეთში ვიღაც მოუკლავს და მისი ცოდვა გადმოვიდაო. ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. მე ძალიან კარგი მეუღლე მყავდა. ჩემ შვილებს ძალიან კარგი გენი აქვთ. ჩემს მეუღლეს ძალიან კარგი და განათლებული დები ჰყავს. მათზე ცუდს ვერავინ მათქმევინებს. შვილები მეუღლის სახლში გაზარდე. მის სახლში 13 წელი ვცხოვრობდი...
მე იქ მივედი 24 წლის გოგო და იმ სოფელმა გულში ჩამიკრა... მოხდა ისე, რომ ვერ ჩავჯექი დედამთილის სტანდარტებში, ცოტა სხვა მოთხოვნები ჰქონდა. გიგაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც ჩვენი ოჯახი დაინგრა. არ დავიწყებ საკუთარი თავის ქებას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი მშრომელი ადამიანი (ვერავინ იტყვის, რომ ვიყავი ზარმაცი, ხელმრუდი) არ ვიყავი ცუდი წრის წარმომადგენელი, უბრალოდ ვერ მიმიღო იმ ადამიანმა. მისი გავლენით დაინგრა ჩვენი ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დედამთილი წრფელი გულით მიყვარდა. ჩემს მამამთილზე მზე და მთვარე ამომდიოდა. ეს ჩემმა ყოფილმა მეუღლემ იცის. 24 წლის ვიყავი როცა დავშორდით. ბიჭებს მამასთან ურთიერთობა არ ჰქონიათ. ქუჩაშიც რომ შეხვედროდა, შვილებს ვერ იცნობდა", – ამბობს ეკა კუპატაძე.
"ბოლომდე ღიად ვიტყვი, რატომ დავშორდით, კითხვები რომ არ დარჩეს. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემს წარსულზე ვისაუბრებდი, მაგრამ ბოლომდე გავხსნი და ამით დაიხურება.
კენჭის გავლა მქონდა, ისეთი მწვავე ტკივილები მქონდა, როგორც სამშობიარო ტკივილებია... იმ ტკივილებმა გამიარა, როცა კლინიკაში ვიყავი და დილით ჩემი მეუღლეც მოვიდა. 6 თვე-ნახევრის ვიყავი, მაშინ ექიმმა უთხრა ჩემს მეუღლეს, რომ ფეხმძიმობა უნდა შეწყვეტილიყო. თუ ერთი შვილი გყავთ, რა საჭიროა სასწორზე დადოთ სიცოცხლე, ფეხმძიმობა შევწყვიტოთო. ვერ დამიდგინეს დიაგნოზი, კენჭის გავლა მქონდა თუ არა. ამის წინააღმდეგი წავიდა ჩემი ოჯახი.
ექიმმა ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ შესაძლოა, ბავშვი რაღაც ფიზიკური ნაკლით დაიბადოსო. არანაირი კვლევა არ გამიკეთებია, ზეპირად თქვეს. ეს იყო ერთადერთი მიზეზი ჩვენი ოჯახის გათიშვის.
ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ, კოტემ თქვა: ეს ბავშვი დაიბადოს, თუკი ფიზიკური ნაკლით იქნებაო, ჩემს ქმარს უთხრა, მე წავიყვან, ის იქნება კოტე კუპატაძის ძე და მე გავზრდიო. ასე რომ ჩემი ოჯახი ამას ძალიან მკაცრად დახვდა და ასე გაჩნდა გიგა ავალიანი. ჩვენი ოჯახი გიგას დაბადება-არდაბადებას შეეწირა, ამიტომ ვერ ვსაუბრობდი ამაზე" - თქვა ეკა კუპატაძემ.