ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილ პრესსპიკერს სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკიმ ხელი სამ განკარგულებას მოაწერა, რომელთა მიხედვითაც, სანქციები დაუწესდათ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკთან“ დაკავშირებულ საწარმოებისა და ფიზიკურ პირებს, ასევე პროპაგანდისტებს, რომლებიც რუსეთის აგრესიას ამართლებენ.
„კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, შეზღუდვები დაუწესდა 10 რუს და უკრაინელ პირს, რომლებიც დეზინფორმაციასა და რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ, ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მხარს უჭერენ. კერძოდ, სანქციები დაუწესდა იულია მენდელს“, - ნათქვამია განკარგულებაში.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, სანქციების სიას 20 რუსული გემი, 29 რუსეთის მოქალაქე და 29 რუსული კომპანია დაემატა.
იულია მენდელმა ზელენსკის განკარგულებას „არაკონსტიტუციური“ უწოდა.
„უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება არაკონსტიტუციურია, ისევე როგორც ზელენსკის მიერ მიღებული ბევრი სხვა გადაწყვეტილება. ვოლოდიმირ ზელენსკი სანქციებს მათ წინააღმდეგ იყენებს, ვინც უკრაინაში მშვიდობას მხარს უჭერს“, - დაწერა მენდელმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, იულია მენდელი უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობას 2019 წლის 3 ივნისიდან 2021 წლის 9 ივლისამდე იკავებდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ მენდელი ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებს.