ავტორი:

დარტყმა პოლონეთის საზღვართან - მატარებელი, რომლითაც ბორის ჯონსონი და დიპლომატები მგზავრობდნენ, შესაძლოა, რუსული დრონების სამიზნე გამხდარიყო

დარტყმა პოლონეთის საზღვართან - მატარებელი, რომლითაც ბორის ჯონსონი და დიპლომატები მგზავრობდნენ, შესაძლოა, რუსული დრონების სამიზნე გამხდარიყო

ბორის ჯონსონის მატარებელი, შესაძლოა, რუსული დრონის თავდასხმის სამიზნე ყოფილიყო — ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიაში განაცხადეს.

  • ინციდენტი უკრაინაში, პოლონეთის საზღვართან ახლოს მოხდა, სადაც რუსულმა დრონმა სტაციონარულ ლოკომოტივს დაარტყა.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმ დროს კიევიდან ვარშავის მიმართულებით მიემგზავრებოდა. მატარებელში ჯონსონთან ერთად რამდენიმე ევროპელი დიპლომატიც იმყოფებოდა. უკრაინის სახელმწიფო რკინიგზის კომპანია „უკრზალიზნიცას“ ინფორმაციით, ჯონსონისა და სხვა დიპლომატების მატარებელმა იაჰოდინის სადგური დაგეგმილზე ადრე დატოვა. გადაწყვეტილება რუსული დარტყმების მუდმივი საფრთხის გამო მიიღეს.

"სრულიად შესაძლებელია, რომ რუსული დრონის სამიზნე დიპლომატიური მატარებელი ყოფილიყო“, — განაცხადა კომპანიამ.

დარტყმა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 5 საათზე, პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 1,6 კილომეტრში განხორციელდა. დაზიანდა ლოკომოტივი და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. მატარებელს 206 მგზავრი გადაჰყავდა.

ინციდენტის დროს მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. დრონის მოახლოების შესახებ გაფრთხილება დარტყმამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე გაიცა. შედეგად, არავინ დაშავებულა და მატარებელმა მოგვიანებით მგზავრობის გაგრძელების ნებართვა მიიღო.

ჯონსონმა მომხდარს "შემთხვევითი და უაზრო თავდასხმა“ უწოდა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა.

"არ ვიცი, რომელმა დამახინჯებულმა ლოგიკამ აიძულა პუტინი დღეს დილით პოლონეთის საზღვარზე სტაციონარული ლოკომოტივის აეფეთქებინა“, — განაცხადა მან.

მისივე თქმით, მსგავსი თავდასხმები უკრაინელებისთვის ყოველდღიურ რეალობად იქცა და დასავლეთის ქვეყნებმა კიევს მეტი სამხედრო დახმარება უნდა გაუწიონ.

"როდის მივცემთ მათ საჭირო საჰაერო თავდაცვას? რატომ არ ვართმევთ პუტინის ფულს და არ ვაძლევთ უკრაინას?“ — განაცხადა ჯონსონმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიევში იალტის ევროპული სტრატეგიის შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომსა და შესაძლო სამშვიდობო პროცესზე იმსჯელეს.

ჯონსონთან ერთად მატარებელში შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტიც იმყოფებოდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რუსეთის მიერ ნატოს საზღვართან განხორციელებული მსგავსი თავდასხმები „ესკალაციად“ შეაფასა.

ინციდენტის შემდეგ ჯონსონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, უკრაინას მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწიონ. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომის დასრულება უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი, თუ მოკავშირეები უკრაინას საჭირო შეიარაღებას მიაწვდიან.

ბორის ჯონსონი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო როგორც რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ისე ომის დაწყების შემდეგ.

წყარო