ავტორი:

ინდონეზიაში ბორნის კატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 129 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება - ტრაგედიის დეტალები

ინდონეზიაში ბორნის კატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 129 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება - ტრაგედიის დეტალები

14 სექტემბერს, ინდონეზიის ხელისუფლებამ გააძლიერა იმ 129 ადამიანის სამძებრო ოპერაცია რომლებიც კვირას, იავის ზღვაში ცუდი ამინდის გამო ბორნის გადაბრუნების შემდეგ გაუჩინარდნენ. უბედურ შემთხვევას სულ მცირე 6 მგზავრი ემსხვერპლა.

გემი “Virgo Transport 8“, რომელზეც 240-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, აღმოსავლეთ იავის პროვინციის ქალაქ სურაბაიადან სამხრეთ კალიმანტანის პროვინციაში (კუნძულ ბორნეოზე) მიემართებოდა. კაპიტანმა განგაშის სიგნალი მას შემდეგ ჩართო, რაც ძლიერმა შტორმმა და 3-მეტრიანმა ტალღებმა ხომალდი გვერდზე გადახარა.

ბორნთან კავშირი კვირას, დაახლოებით დილის 2 საათზე გაწყდა, ორი საათის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ იგი მასალემბოს აკვატორიაში (ბანჯარმასინიდან 92 მილის დაშორებით) გადაბრუნდა.

სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში აბობოქრებულ წყალში მოტივტივე გადაბრუნებული ბორანი ჩანს, რომელსაც თავზე ვერტმფრენი დასტრიალებს.

სამძებრო-საშველო ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, მოჰამად სიაფის განცხადებით, ორშაბათს ოპერაციაში 17 ხომალდი, ავიაცია და სხვადასხვა უწყების 655 თანამშრომელი ჩაერთო.

სამუშაოების დაჩქარებისა და გადარჩენილთა გამოსავლენად ადგილზე სპეცდანიშნულების მყვინთავთა ჯგუფები და სამხედრო-საზღვაო ძალების თერმული დეტექტორებით აღჭურვილი წყალქვეშა დრონებიც გაგზავნეს.

სამაშველო ჯგუფებმა, მახლობლად მყოფ ბუქსირებსა და გამვლელ გემებთან ერთად, კვირას 108 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, წყლიდან კი 6 ცხედარი ამოიყვანეს. საზღვაო უწყების მონაცემებით, გემზე სულ 243 ადამიანი იმყოფებოდა (213 მგზავრი და ეკიპაჟის 30 წევრი), თუმცა ინდონეზიაში ხშირად ხდება, რომ მგზავრთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ სიას არ ემთხვევა.

118 მეტრის სიგრძის ბორანს, რომელიც 1987 წელს იაპონიაშია აგებული, 89 ავტომობილიც გადაჰქონდა. ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

წყარო