რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოჩენამ და მათმა სასტიკმა ტაქტიკამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 2024 წლის ბოლოს კურსკის ოლქში უკრაინის იერიშის მოგერიებისას ფხენიანმა 13,000 ჯარისკაცი გააგზავნა, რომელთაგან 3,000-მდე ბრძოლის ველზე დაიღუპა. მიუხედავად უმძიმესი დანაკარგებისა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფრთხილებს მსოფლიოს, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეული ძალების ახალი, მასშტაბური ტალღა - 50,000-მდე ჯარისკაცი ემზადება საბრძოლველად.
უკრაინის 95-ე საჰაერო-შტურმის ბრიგადის მებრძოლი, მეტსახელად “სულთანი“, იხსენებს, რომ კორეელებს ფაქტობრივად “საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. ისინი დიდი ჯგუფებით უტევდნენ პოზიციებს, არ ჰქონდათ ჯავშანჟილეტები, ზამთრის ტანსაცმელი და ჩაფხუტები, ხოლო დაღუპულთა ჯიბეებში მხოლოდ საბრძოლო მასალა აღმოაჩნდათ, ყოველგვარი საბუთებისა და პირადი ნივთების გარეშე.
ჩრდილოეთ კორეის ელიტარული “შტორმის კორპუსის“ მებრძოლები გამოირჩევიან განსაკუთრებული ფანატიზმით. ტყვეობაში ჩავარდნას მათ სიკვდილი ურჩევნიათ - ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ აფეთქებს დაჭრილი კორეელი ჯარისკაცი ყბის ქვეშ ხელყუმბარას კიმ ჩენ ინის სახელის ყვირილით. თავად კიმ ჩენ ინმაც 2025 წლის აპრილში გამართულ მემორიალზე, სადაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვიც იმყოფებოდა, ასეთ ჯარისკაცებს “გმირები“ უწოდა, რომლებმაც თვითმკვლელობა არჩიეს ტყვეობას.

11,000-დან 14,000-მდე მებრძოლიდან უკრაინელებმა ცოცხლად მხოლოდ ორი ჩრდილოეთ კორეელი შეიპყრეს. ერთ-ერთი ტყვე ჰყვება, რომ ტყვეობაში ჩავარდნა ჩრდილოეთ კორეაში დანაშაულად ითვლება და თუ სამშობლოში დაბრუნდება, მის ოჯახს სრულად გაანადგურებენ. ორივე მათგანი სამხრეთ კორეაში გადაყვანას ითხოვს.
რატომ აგზავნის კიმ ჩენ ინი საკუთარ მოქალაქეებს უცხო ომში? სეულის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ინსტიტუტის ექსპერტის, ლიმ სუ-ჰოს შეფასებით, იარაღის მიწოდებამ და ჯარისკაცების გაგზავნამ ჩრდილოეთ კორეას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ეს არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) მესამედი. სანაცვლოდ ფხენიანი რუსეთისგან იღებს ნავთობს, საკვებს, ვალუტას და თანამედროვე ომის უნიკალურ გამოცდილებას.

ამასთან, კიმ ჩენ ინმა შეამცირა თავისი ისტორიული დამოკიდებულება ჩინეთზე და რუსეთთან მჭიდრო კავშირით ახალი “ცივი ომის“ ეპოქაში გეოპოლიტიკური პოზიციები გაიმყარა.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ რუსეთი ცოცხალი ძალის მწვავე დეფიციტს განიცდის. დასავლური და უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი თვეში 6 000-ით მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახლის გაწვევას ახერხებს. სწორედ ამიტომ, კრემლი იძულებულია დახმარებისთვის ჩრდილოეთ კორეას, კოლუმბიას, კენიასა და კამერუნს მიმართოს.