ავტორი:

არქეოლოგებმა უძველესი რომაული სამხედრო ბანაკი აღმოაჩინეს, რომელსაც მარკუს ავრელიუსი მართავდა - რას მოგვითხრობენ ნაშთები?

არქეოლოგებმა უძველესი რომაული სამხედრო ბანაკი აღმოაჩინეს, რომელსაც მარკუს ავრელიუსი მართავდა - რას მოგვითხრობენ ნაშთები?

სლოვაკეთში არქეოლოგებმა ლეგენდარული იმპერატორის ეპოქის დროინდელი რომაული სამხედრო ბანაკი აღმოაჩინეს, სადაც ჯარისკაცების ნაშთები, იარაღი და აბჯარი იპოვეს.

დასავლეთ სლოვაკეთში, ქალაქ შურანისთან მიგნებული ობიექტის შესახებ განცხადება სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტმა გაავრცელა.

გათხრები, დაახლოებით 150 ჰექტარ ფართობს მოიცავს, ახ.წ. II საუკუნის ბანაკი მარკუს ავრელიუსის მმართველობის პერიოდით თარიღდება. სავარაუდოდ, მას "მარკომანული ომების", იმ სისხლისმღვრელი კონფლიქტების დროს იყენებდნენ, რომელიც რომაულ იმპერიასა და მის ჩრდილოეთ საზღვართან მცხოვრებ გერმანულ ტომებს შორის მიმდინარეობდა.

მარკუს ავრელიუსი, რომელიც რომს ახ.წ. 161-იდან 180 წლამდე მართავდა, ცნობილია როგორც ძლიერი იმპერატორი და სტოიციზმის მიმდევარი ფილოსოფოსი. მისი ჩანაწერები მოგვიანებით ცნობილ წიგნში “ფიქრები“ (Meditations) გაერთიანდა.

ეს ნიტრას რეგიონში აღმოჩენილი პირველი რომაული სამხედრო ბანაკია. მსგავსი ობიექტებისგან განსხვავებით, მას არ აქვს ტიპური მართკუთხა ფორმა და უჩვეულო დაგეგმარება გააჩნია, თუმცა რომაული სამხედრო - სალაშქრო ბანაკისთვის დამახასიათებელ ყველა ელემენტს ინარჩუნებს.

“ობიექტზე გვხვდება რომაული სალაშქრო ბანაკის ყველა თავდაცვითი ნიშანი: ხუთი შესასვლელი კარიბჭე, გამაგრებები და ე.წ. “კლავიკულა“, კარიბჭის სპეციალური კონსტრუქცია გამრუდებული თხრილითა და მიწაყრილით, რომელიც თავდამსხმელებს მოწყვლად პოზიციაში აყენებდა,“ - ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.

ობიექტზე არქეოლოგებმა ასევე მიაგნეს ადამიანის ძვლოვან ნაშთებს, რომელთა რაოდენობასაც ოფიციალური პირები “არაორდინალურს“ უწოდებენ. მთლიანი ჩონჩხები და ცალკეული, მიმოფანტული ძვლები სამეურნეო ორმოებში, ჭებში, მარტივ სამარხებსა და თავდაცვით თხრილებში აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბანაკი, როგორც ჩანს, რომაელებსა და გერმანელებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ მიატოვეს, დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ექსპედიციის ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა მარეკ ვოიტეჩეკის თქმით, პირველადი მონაცემების თანახმად, ნაშთების უმეტესობა რომაელ ჯარისკაცებს ეკუთვნით.

წყარო