ყოველწლიური კონკურსი “Ocean Photographer of the Year“ მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფებს იწვევს, რათა ოკეანისა და ზღვების ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები წარმოადგინონ. 2026 წლის გამარჯვებული კადრები ერთდროულად ასახავს ოკეანის საოცარ სილამაზესა და იმ უდიდეს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საზღვაო სამყარო დგას.
კონკურსის მთავარი გამარჯვებული ფოტოგრაფი ჟიულიენ ანტონი გახდა, რომლის ფოტოზეც ზრდასრული მამრი ზღვის ცხენთევზა და მის წინ მყოფი პატარა ნაშიერია ასახული. ცნობილია, რომ ზღვის ცხენთევზების უმეტეს სახეობაში სწორედ მამრები აორსულობენ, აჩენენ შვილებს და ზრდიან მათ. ეს უნიკალური კადრი საფრანგეთის პოლინეზიაში, კუნძულ მურეას სანაპიროს წყალმარჩხშია გადაღებული.

კიდევ ერთი შთამბეჭდავი ფოტო მეთიუ სმიტს ეკუთვნის, რომელმაც ფოლკლენდის კუნძულებზე, “სილ აილენდის“ კლდოვან აუზებში ოკეანეში პირველად შესული ცნობისმოყვარე სამხრეთული ზღვის სპილოს ნაშიერი დააფიქსირა.

იაპონიის სანაპიროსთან, ოსეზაკის მახლობლად, ფოტოგრაფმა მიცუნა კავაიმ ღამით ყვინთვისას გადაიღო ლენტათევზას ლიფსიტი, რომელიც სალპების გუნდს შორის დაცურავს. ეს არსებები 900 მეტრის სიღრმეში ცხოვრობენ, რის გამოც ცოცხალი ნაშიერების ნახვა უიშვიათესობაა. ზრდასრული ლენტათევზა 1.8 მეტრამდე იზრდება.

მექსიკაში 2025 წლის სარდინების მიგრაციისას ფოტოგრაფმა ანიტა ვერდემ მოულოდნელი სტუმარი - მცირე ავტომობილის ზომის გიგანტური ოკეანური მთვარეთევზა გადაიღო. “წყლის სიღრმეში ის ისე კაშკაშებდა, როგორც ზედაპირის ქვეშ ამომავალი უზარმაზარი მთვარე“, - აღნიშნავს ფოტოგრაფი BBC-სთან საუბრისას.

სტივენ ლოპესმა კალიფორნიის სანაპიროსთან გადაიღო გიგანტური შავი ზღვის ქორჭილა, რომლის თვალშიც მცირე ზომის პარაზიტული კიბოსნაირები ბინადრობენ. 50 წლის წინ ეს თევზი რეგიონში თითქმის გადაშენებული იყო, თუმცა დღეს მათი რაოდენობა აღდგენას განაგრძობს.
