ავტორი:

უქმეებზე გამოძინება - რატომ არ უნდა ჩართოთ დილის მაღვიძარა შაბათ-კვირას?

უქმეებზე გამოძინება - რატომ არ უნდა ჩართოთ დილის მაღვიძარა შაბათ-კვირას?

ცუდი და უძილო ღამის შემდეგ გაღვიძება, თვალების სიმძიმე და დაღლილობის შეგრძნება ბევრისთვის ნაცნობია. ასეთ დროს ხშირად საკუთარ თავს ვამშვიდებთ, რომ შაბათ-კვირას გამოვიძინებთ. ზოგისთვის ეს იშვიათი შემთხვევაა, ზოგისთვის კი ცხოვრების წესი.

აშშ-ში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზრდასრულთა თითქმის ნახევარს უქმეებზე რეგულარულად დიდხანს სძინავს, ხოლო ყველაზე ხანგრძლივი გამოძინება მოზარდებს ახასიათებთ.

  • რატომ არის შაბათ-კვირას დიდხანს ძილი რისკის შემცველი?

ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია ღამეში 7-იდან 9 საათამდე ძილი, ხოლო მოზარდებისთვის - 8-იდან 10 საათამდე. თუმცა სამუშაო კვირის განმავლობაში ამის მიღწევა ყოველთვის ვერ ხერხდება.

ძილის პროცესს ორი ძირითადი მექანიზმი არეგულირებს:

  1. ძილის ჰომეოსტატი: რაც უფრო დიდხანს ვართ ფხიზლად, მით უფრო ივსება ეს ავზი “ძილის წნევით“.
  2. ცირკადული რიტმი: მას ყოველდღიურად აწესრიგებს სინათლე, სიბნელე, ტემპერატურული ცვლილებები და კვების რეჟიმი.

როდესაც შაბათ-კვირას დიდხანს გვძინავს, ეს ორივე სისტემას არღვევს. დილით დიდხანს ძილი ამცირებს ძილის წნევას, რის გამოც კვირა საღამოს ჩაძინება გვიანდება, ხოლო ორშაბათს დილის 06:00 საათზე მაღვიძარას ხმაზე გაღვიძება ორგანიზმისთვის ახალ შოკად იქცევა. ორეგონის უნივერსიტეტის ძილის ლაბორატორიის დირექტორის, მელინდა კეისმენტის თქმით, ეს პროცესი ჰგავს ყოველ კვირას დროის სარტყლის შეცვლას.

  • აღდგენითი ძილის სარგებელი: რა ემართება ორგანიზმს?

მიუხედავად რისკებისა, გამოძინება ყოველთვის ცუდი იდეა არ არის. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ უძილო ღამის მძიმე შედეგების ნაწილობრივ განეიტრალება შესაძლებელია:

  1. კვლევაში მონაწილეებს, რომელთაც ღამეში მხოლოდ 2 საათი ეძინათ, სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობა გაეზარდათ, რაც სტრესულ პასუხზე მიუთითებს. მომდევნო დღეს 10-საათიანმა ძილმა ეს მაჩვენებელი თითქმის საწყის ნორმას დაუბრუნა, მაშინ როდესაც 8-საათიანმა ძილმა სრულად ვერ აღადგინა.
  2. 6 ღამის განმავლობაში 4 საათამდე შეზღუდულმა ძილმა მამაკაცებში გლუკოზის ათვისება და ინსულინის პასუხი დააქვეითა, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში II ტიპის დიაბეტის რისკს ზრდის. თუმცა მომდევნო 6 ღამის განმავლობაში 12-საათიანმა ძილმა მაჩვენებლები კვლავ ნორმაში მოიყვანა.
  3. გათენებული ღამის შემდეგ გამოძინება აღადგენს კოგნიტურ უნარებს. თუმცა, თუ უძილობა კვირები ან თვეები გრძელდება, შაბათ-კვირას გამოძინება ყურადღებისა და სივრცითი ორიენტაციის უნარს სრულად ვერ აღადგენს.

შაბათ-კვირის ძილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს?

შვედეთში ჩატარებულმა 13-წლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ 65 წლამდე ასაკის პირებში, რომელთაც რეგულარულად 5 საათი ან ნაკლები ეძინათ, სიკვდილიანობის რისკი 65%-ით მაღალი იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც შაბათ-კვირას იძინებდა, სიკვდილიანობის ეს დამატებითი რისკი გაუნულდათ.

გარდა ამისა, კორეულმა კვლევამ აჩვენა, რომ უქმეებზე გამოძინების ყოველი დამატებითი საათი 17%-ით ამცირებს მაღალი არტერიული წნევის რისკს. ასევე მცირდება დემენციისა და მეტაბოლური სინდრომის განვითარების საფრთხეც.

მიუნხენის უნივერსიტეტის ქრონობიოლოგიის პროფესორი ემერიტუსი ტილ რენებერგი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მაღვიძარას ჩართვა შეცდომაა.

  • მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებობს ე.წ. “ოქროს შუალედი“ - შაბათ-კვირას დამატებით 1-იდან 2 საათამდე ძილი.

კვლევების თანახმად, სწორედ ეს დოზა უკავშირდება დეპრესიისა და შფოთვის ყველაზე დაბალ რისკს, ასევე ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირებას.

ფოტო: ჟოლო

წყარო