ავტორი:

ორი დისტოპიური სცენარი და AI-ს ბოსის “შიში“ მომავალთან დაკავშირებით - სემ ალტმანი კაცობრიობას აფრთხილებს, ჩინეთი კი მას “ცივი ომის წარმოებაში“ ადანაშაულებს: “ციფრული ომის“ დეტალები

ორი დისტოპიური სცენარი და AI-ს ბოსის “შიში“ მომავალთან დაკავშირებით - სემ ალტმანი კაცობრიობას აფრთხილებს, ჩინეთი კი მას “ცივი ომის წარმოებაში“ ადანაშაულებს: “ციფრული ომის“ დეტალები

OpenAI-ის ხელმძღვანელმა სემ ალტმანმა ხელოვნური ინტელექტის (AI) უსაფრთხოების რისკებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ პროცესმა შესაძლოა კაცობრიობისთვის “ძალიან ცუდი“ მიმართულება მიიღოს. მისი გაფრთხილებების პარალელურად, ჩინეთის მთავრობამ ამერიკული კომპანიების საგანგაშო განცხადებებს “შიშის დათესვა“ და “ცივი ომის“ ტაქტიკა უწოდა.

ორშაბათს, შუაღამისას სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში სემ ალტმანმა ორი ძირითადი საფრთხე ჩამოაყალიბა, რომელთა თავიდან აცილებაც კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

  • “პირველი - ჩვენ შესაძლოა მომავალზე კონტროლი დავკარგოთ და ის ხელოვნურ ინტელექტს გადაეცეს. ეს მიუღებელია, ჩვენ უპირობოდ 'კაცობრიობის გუნდში' ვართ.
  • მეორე - შესაძლოა აღმოვჩნდეთ სამყაროში, სადაც ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია მოხდება. თუ არაჩვეულებრივად მძლავრ AI-ს ერთი ადამიანი ან კომპანია საკუთარი მსოფლმხედველობის ყველასთვის თავს მოსახვევად გამოიყენებს, შედეგები უკიდურესად დისტოპიური იქნება“, - წერს ალტმანი.

ალტმანმა და მისმა მეტოქემ, ილონ მასკმა მხარი დაუჭირეს Anthropic-ის აღმასრულებელ დირექტორს, დარიო ამოდეის, რომელმაც გლობალურ კომპანიებს AI-ის წამყვან მოდელებზე მუშაობის შენელებისკენ მოუწოდა. ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც Anthropic-ის მკვლევარმა ჯეიკობ ქოქსონმა სამსახური პროტესტის ნიშნად მიატოვა და გააფრთხილა საზოგადოება, რომ AI კომპანიები “ჩვენი სიცოცხლით ეთამაშებიან“ და ტექნოლოგიას ათწლეულის ბოლომდე კაცობრიობის განადგურება შეუძლია.

  • ჩინეთისა და დონალდ ტრამპის რეაქცია

აშშ და ჩინეთი AI-ის რბოლაში ლიდერობისთვის მწვავედ ებრძვიან ერთმანეთს. ტექნოლოგიური ლიდერები აცხადებენ, რომ მძლავრმა ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ჩინეთს უპირატესობა მისცეს თვალთვალის ტაქტიკაში, სამხედრო სფეროსა და კიბერშეტევებში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ძიაციუნმა განაცხადა, რომ “შიშის დათესვა, დაპირისპირება და კონკურენცია მხოლოდ შეაფერხებს გლობალური AI მოდელის მართვის პროცესს“. ჩინეთის სახელმწიფო გამოცემა Global Times-მა კი ჩინეთისთვის AI-ის შენელებისკენ მოწოდებები “ცივი ომის“ ტაქტიკას შეადარა. ამასთან, ნიუ-დელიში გამართულ სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ლიდერი გახდება განვითარებად ქვეყნებს შორის AI სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შიშები უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი პროგნოზები “არ ახდება“ და აშშ AI-ის რბოლაში ჩინეთს უგებს.

  • საფონდო ბირჟების ვარდნა და ახალი შეზღუდვები Microsoft-გან

პროცესების შენელების შესაძლო პერსპექტივამ გლობალურ ბაზრებზე ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ინვესტორები შიშობენ, რომ თუ კომპანიებს განვითარების შენელება მოუწევთ, მათი მოგება საგრძნობლად შემცირდება.

აშშ-ში Nvidia-ს აქციები 3.7%-ით, AMD - 5.2%-ით, SpaceX - 1.4%-ით, ხოლო Amazon - 2%-ით შემცირდა. ევროპაში ASML (-5.6%), Infineon (-6.5%) და Siemens Energy (-7.3%) დაეცა. აზიურ ბირჟებზე კი SoftBank-ის აქციები 13.5%-ით, TSMC - 2.4%-ით, ხოლო SK Hynix - 6.3%-ით შემცირდა.

უსაფრთხოების რისკების გამო, სემ ალტმანმა განაცხადა, რომ OpenAI 2026 წელს საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას (IPO) არ გეგმავს. პარალელურად, Microsoft-მა წარადგინა ქცევის ახალი კოდექსი, რომელიც ზღუდავს AI მოდელებზე მუშაობას, ახალი განახლებების ჩაშვებამდე საჭირო იქნება გარე შეფასება, ხოლო მოდელებს ეზღუდებათ იარაღის წარმოებასთან, საშიშ ნივთიერებებთან, მავნებელ კვებასთან ან ძალადობრივ შინაარსთან დაკავშირებული მოთხოვნების დამუშავება.

Anthropic-ის ხელმძღვანელმა დარიო ამოდეიმ ყურადღება გაამახვილა ე.წ. რეკურსიული თვით-გაუმჯობესების (RSI) რისკებზე, როდესაც AI მოდელები იმდენად ჭკვიანები ხდებიან, რომ დამოუკიდებლად ვითარდებიან.

“ზაფხულიდან მოყოლებული, AI მკვეთრად სწრაფად ვითარდება, რაც გამოწვეულია თავად AI-ის უნარით, შექმნას მომდევნო თაობის AI. უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, მან შესაძლოა გადააჭარბოს ჩვენს უნარს, გავაკონტროლოთ ეს სისტემები“, - აღნიშნავს ამოდეი.

ამოდეიმ წამოაყენა 3-საფეხურიანი გეგმა, რომელიც მოითხოვს, რომ AI კომპანიებმა გარე შეფასების ჯგუფებს მისცენ სრული წვდომა სისტემებზე, დააწესონ საერთო უსაფრთხოების სტანდარტები და შეზღუდონ გაუკონტროლებელი პროგრესი.

წყარო

იხილეთ ასევე: